ვიტ ჯორჯია-სამტრედია 0:1 - ზამთარაძემ გაზაფხული სამი ქულით დაიწყო

AutoSharing Option
ამ ტურამდე "ვიტ ჯორჯია" უმძიმეს მდგომარეობაში იყო - ზურაბ ბერიძის გაწვრთნილებს 2014 წლის 21 სექტემბრის შემდეგ ჩემპიონატში არ მოუგიათ, ცხრილში 13 ქულით ბოლო ადგილზე არიან და მათთვის თითოეულ ქულას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. "სამტრედია" კი, "დინამოსთან" წაგებით სამეულს რომ დაშორდა, მე-4 საფეხურიდან ისევ დაწინაურებას ცდილობდა.

აქვე ვიტყვით, რომ "სამტრედიაში" სანდრო გურულის დებიუტი შედგა, რომელიც ბოლოს ბელორუსულ "შახტიორში" თამაშობდა.

ზაზა ზამთარაძის შეგირდებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და სცადეს, მეტოქე მისსავე ნახევარზე "მოეხრჩოთ". თუმცა აუტსაიდერიც კერკეტი კაკალი გამოდგა - "ვეტერინარები" საკმაოდ ხისტად თამაშობდნენ და
მეტოქეს თავისუფალ სივრცეს არ უტოვებდნენ. ეტყობა ამიტომაც, პირველ ნახევარში მომენტები იშვიათად იქმნებოდა.

თუმცა რაღა მომენტი, კარისკენ პირველი დარტყმა 28-ე წუთზე ვიხილეთ, როცა სამტრედიელი ლევან შარიქაძის მცდელობას მცველი გადაეღობა და ბურთი კუთხურზე გადავიდა.

მალევე სტუმრებმა ანგარიშიც გახსნეს - ზურაბ ხიზანიშვილმა მოედნის ცენტრიდან სწრაფი და ეფექტური შეტევა წამოიწყო და მარჯვენა ფლანგზე თორნიკე გრიგალაშვილს გადააწოდა, ამ უკანასკნელმა კი საჯარიმოში გიგა ბეჭვაია მოძებნა, ამან - თორნიკე გორგიაშვილი, ხოლო შეტევა საბოლოოდ კარის წინ უმეთვალყურეოდ დარჩენილმა ილია კერძევაძემ დააგვირგვინა - 0:1.

მეორე ტაიმი გაცილებით სანახაობრივი გამოდგა და მომენტებიც გაცილებით ხშირად იქმნებოდა. "ვიტ ჯორჯია", რომელიც მანამდე დაცვაში იყო ჩამჯდარი, გამოფხიზლდა, შეტევები გააძლიერა და მეტოქე რამდენჯერმე აანერვიულა. ჯერ იყო ირაკლი ღიბრაძის ძლიერი დარტყმა; ეფექტური გამოდგა ლევან საბაძის შეტევაც, როცა საჯარიმოს ხაზთან ხიზანიშვილს აუარა გვერდი და ძლიერადაც დაარტყა, მაგრამ ბურთი სანტიმეტრებში ასცდა მიზანს.

მალე "სამტრედიამ" უპირატესობა დაიბრუნა და მეტოქეს ახალი ძალით შეუტია. სხვაობის გაზრდის მშვენიერი შესაძლებლობა ჰქონდა კერძევაძეს, რომელიც გრიგალაშვილმა მეკარესთან პირისპირ დატოვა, მაგრამ იმერელთა ფორვარდმა ჯონი შეროზიას ვერ აჯობა.

შემდეგ რევაზ გეწაძის მიერ საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთისთვის ბრძოლაში ბეჭვაიამ მცველს აჯობა, თუმცა კარის წინ მარტო დარჩენილმა მიზანი ვერ გაასწორა.

მატჩის ბოლოს დაძაბულობამ იმატა. კახა კახაბრიშვილი ხისტად ეთამაშა ბეჭვაიას, რომელიც "ვიტ ჯორჯიაში" 2011 წლამდე ასპარეზობდა და მის შემადგენლობაში საქართველოს ჩემპიონიც გახდა... მერე ერთ-ერთმა სამტრედიელმა ხელი ჰკრა მეტოქეს, რამაც მოედანზე სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა - ფეხბურთელებმა ერთმანეთზე გაიწიეს. თუმცა არბიტრ შოთა ქუხილავას მიერ აფრიალებულმა ყვითელმა ბარათებმა ცხელი თავები მალევე დააცხრო...

"ვიტ ჯორჯიას" ქულის გადარჩენის შანსი ბოლო წუთზე ჰქონდა. ნიკა მაისურაძის ძლიერ დარტყმას მეკარე რევაზ თევდორაძე გადაეღობა...

ასე იყო თუ ისე, "სამტრედიამ" თამაში გამარჯვებამდე მიიყვანა და პირველ სამეულთან სხვაობა შეინარჩუნა. "ვიტ ჯორჯია" კი, ბრძოლისუნარიანობის მიუხედავად, ქულებს თავს ვერაფრით უყრის, ცხრილის ფსკერზეა და პირველად არსებობის ისტორიაში, უმაღლესი ლიგიდან გავარდნის რეალური საფრთხე ემუქრება.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XVII ტური
01.03. მცხეთა. "მცხეთა პარკი". 700 მაყურებელი
ვიტ ჯორჯია-სამტრედია 0:1
გოლი: 0:1 ი. კერძევაძე (33. გორგიაშვილის პასით)
ვიტ ჯორჯია (4-2-3-1): შეროზია - კალანდია, ჩიტიშვილი, გეთიაშვილი, დანელია - გახარია, ღიბრაძე - დემეტრაშვილი (46 ნ. მაისურაძე), კურდღელაშვილი (77. ხვისტანი), საბაძე - ლობჯანიძე (67. კახაბრიშვილი).
სათადარიგოები: ისერგიშვილი, გიორგაძე, დავლაშელიძე, კუხალეიშვილი
მწვრთნელი: ზურაბ ბერიძე
სამტრედია (4-2-3-1): თევდორაძე - გრიგალაშვილი, კაკუბავა, ხიზანიშვილი, კვირკველია - ბოლქვაძე, შარიქაძე - ბეჭვაია, გორგიაშვილი (77. კაპანიძე), გეწაძე (88. გურული) - კერძევაძე (69. დათუნაიშვილი).
სათადარიგოები: მუჯრიშვილი, თ. შალიკაშვილი, თევზაძე, შ. კერძევაძე
მწვრთნელი: ზაზა ზამთარაძე

გაფრთხილება: გორგიაშვილი (21), კახაბრიშვილი (78), ბეჭვაია (78), გიორგი დათუნაიშვილი (81)
არბიტრი: შ. ქუხილავა

ბომბარდირები
ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10
ი. მოდებაძე (დილა) 8
ო. კვერნაძე (ტორპედო) 7
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 7
ნ. საბანაძე (დინ. თბ/ტორპ) 6
თ. მუმლაძე (ჩიხურა) 6
დ. ცნობილაძე (მეტალ./სიონი) 6
დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 6
შ. ლომია (ზუგდიდი) 5
კ. შალამბერიძე (გურია) 5
გ. ილურიძე (ზესტაფონი) 5

შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს
.

მომდევნო მატჩები. XVIII ტური
5 მარტი, ხუთშაბათი
გურია-მეტალურგი
დინამო (ბთ)-დილა
დინამო (თბ)-ზესტაფონი
ცხინვალი-ვიტ ჯორჯია
ჩიხურა-შუქურა
სამტრედია-სიონი
ტორპედო-მერანი

6 მარტი, პარასკევი
ზუგდიდი-კოლხეთი

9 მარტი, ორშაბათი
საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი. 1/4 ფინალი. საპასუხო მატჩები.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გაფრთხილება თორნიკე Gრიგალაშვილმა მიიღო და არა გორგიაშვილმა!
beqa
13:02 02-03-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული