შუქურა-გურია 2:0 - მაინც შინაურმა უშველა...

AutoSharing Option
აქამდე ამ გუნდების ურთიერთშეხვედრებში თითქმის სრული თანაფარდობა იყო, მხოლოდ 2 გატანილი გოლით სჯობდნენ გურულები (უმაღლეს ლიგაში ამ მხრივაც თანაფარდობა იყო) მეტოქეს, რაც ქობულეთელებმა შაბათს გაქვითეს და ურთიერთმოგებებით წინაც გავიდნენ.

"ჩელე არენაზე" ერთდროულად 4 მობურთალს (როდრიგესი, დორნელსი, ნუნიესი, ზოზულია) ჰქონდა დებიუტი - გელა სანაიას პირველად უნდა გამოეცადა სამი ბრაზილიელი (სულ კი მოედანზე 5 ლეგიონერი გამოიყვანა!) და ამ ფონზე ძირითადის რამდენიმე "შინაური" მოთამაშე დაესვენებინა, რაც ერთგვარი რისკიც გახლდათ.

სამაგიეროდ, მის ვიზავის, თემურ ლორიას, ორი წამყვანი მოთამაშე (შალამბერიძე, ჭეიშვილი) აკლდა, რის გამოც მთავარი
შემტევის, ვილი ისიანის მარცხენა ფლანგზე გამწესება მოუხდა, ხოლო დაცვაში ალექსი ბენაშვილი დააყენა, უკრაინელი ლეგიონერები კი შეცვლაზე შეიყვანა.

მატჩი მასპინძელთა შეტევით კი დაიწყო, მაგრამ მალე გურულებმა უპირატესობა მოიპოვეს: მე-12 წუთზე აზამატ ჯიოევმა არც საკუთარი მცველისგან აჭრილ ბურთს დაანება კარში შესვლა და არც ლევან ინგოროყვას - დამატება.

თუმცა მალევე ჯიოევი ბენაშვილის კუთხურისას შეცდა, ოღონდ გურულებმა ამით ვერ ისარგებლეს. ტაიმის ბოლოს კი ქობულეთელთა მეკარემ ჯერ ინგოროყვას აუღო, ხოლო ლანჩხუთელთაგან აქტიური გიორგი მჭედლიშვილის დარტყმულის შემდეგ თავისიანები გადაარჩინა.

მეორე ტაიმის დასაწყისიდან სანაიამ ბრაზილიელების შეცვლა დაიწყო, რამაც აშკარად გაუმართლა: პირველი რეალური ხიფათი თორნიკე თუხარელმა შექმნა - მისი თავურის შემდეგ "გურია" აშკარა გოლს გადაურჩა.

სამაგიეროდ, ლაშა ჩაფიძის გამოყვანა იღბლიანი გამოდგა - ზუსტად ორ წუთში "შუქურამ" საჯარიმოს ხაზთან "სტანდარტულის" უფლება მოიპოვა და გიორგი ჩელებაძის მანევრის შემდეგ გურულთა მეკარეს ახლო კუთხეში გაუტანა.

ამ გოლამდე სამიოდ წუთით ადრე გოლს "შუქურაც" გადაურჩა - ვაჟა მათიაშვილის დარტყმული თითქოს კარში მიდიოდა, მაგრამ ძელს სანტიმეტრებით ასცდა.

მალევე მასპინძლებმა მეორე გოლი გაიტანეს - ჩაფიძის კუთხურის შემდეგ მეკარე გაბრიელ თებიძემ ბურთის მოგერიება ვერ მოახერხა და იქვე დადარაჯებულმა ანდრიან პუკანიჩმა ინტრიგა მოკლა - 2:0.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XVII ტური
28.02. ქობულეთი. "ჩელე არენა". 1500 მაყურებელი
შუქურა-გურია 2:0
გოლები: 1:0 ჩაფიძე (65), 2:0 პუკანიჩი (72. ჩაფიძის პასით)
შუქურა (4-5-1): ჯიოევი - ტვილდიანი, ხოჭოლავა, მჟავანაძე, ჩალაძე - კუხიანიძე, პუკანიჩი - როდრიგესი (46. თუხარელი), ჩელებაძე, დორნელსი (63. ჩაფიძე) - ნუნიესი (79. მეტრეველი).
სათადარიგოები: კაკალაძე, გ. გურული, ხუჭუა, ტაკიძე
მწვრთნელი: გელა სანაია
გურია (4-5-1): თებიძე - ბენაშვილი, ე. კილაძე, ცინცაძე, გ. მჭედლიშვილი - ინგოროყვა, ღაღანიძე, მოსიაშვილი (84. კონოვალოვი), კოშკაძე (77.ზოზულია), ისიანი - მათიაშვილი.
სათადარიგოები: იმერლიშვილი, გოგიაშვილი, კუკულაძე, ა. რეხვიაშვილი, გაბრიჩიძე
მწვრთნელი: თემურ ლორია

გაფრთხილება: ისიანი (10), მჭედლიშვილი (25), ხოჭოლავა (28), ინგოროყვა (55)
არბიტრი: ლ. სილაგავა

ბომბარდირები
ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10
ი. მოდებაძე (დილა) 8
ო. კვერნაძე (ტორპედო) 7
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 7
ნ. საბანაძე (დინ. თბ/ტორპ) 6
თ. მუმლაძე (ჩიხურა) 6
დ. ცნობილაძე (მეტალ./სიონი) 6
დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 6
შ. ლომია (ზუგდიდი) 5
კ. შალამბერიძე (გურია) 5
გ. ილურიძე (ზესტაფონი) 5

შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს.


მომდევნო მატჩები. XVIII ტური
5 მარტი, ხუთშაბათი
გურია-მეტალურგი
დინამო (ბთ)-დილა
დინამო (თბ)-ზესტაფონი
ცხინვალი-ვიტ ჯორჯია
ჩიხურა-შუქურა
სამტრედია-სიონი
ტორპედო-მერანი

6 მარტი, პარასკევი
ზუგდიდი-კოლხეთი

9 მარტი, ორშაბათი
საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი. 1/4 ფინალი. საპასუხო მატჩები.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
Shukuram chempionatshi ert-erti yvelaze dzlieri gundi shekriba da vfiqrob chixurastanac girseulad itamasheben
mister
15:42 02-03-2015
0

სიახლეები პოპულარული