ასეც მოხდა: სატურნირო ცხრილშიც გარკვეული გადაადგილებები მოხდა, უკვე "ტრადიციად ქცეული" ერთი-ორი სენსაციაც დაფიქსირდა და, რაც მთავარია, გასული ტური "ნაკლული" არ გამოდგა! ჰო, არახალი ამბავია, თუ როგორი ფინანსური პრობლემები აქვს "მეტალურგს" და ახლაც ძალიან დიდი იყო იმის ალბათობა, რომ რუსთაველები საერთოდ ვერ ჩასულიყვნენ ლანჩხუთში საგარეო მატჩის ჩასატარებლად.
საბედნიეროდ, "მეტალურგს" დახმარების ხელი...
თუმცა, როდემდე ან სანამდე გაგრძელდება "მეტალურგის" ქრონიკული პრობლემები, ამ კითხვას ჩვენ კი ლამის ყოველ მეორე-მესამე დღეს ვსვამთ, მაგრამ, რად გინდა: პასუხს ვერც ვერავინ იძლევა. ამასობაში კი, მეორე წრის დაწყებიდან "მეტალურგმა" ზედიზედ მესამე მატჩი წააგო ისე, გოლი რომ არ გაუტანია. თანაც, "მეტალურგში" შემორჩენილი ორი-სამი გამოცდილი ფეხბურთელიც აღარ გაჰყოლია "გურიასთან" სათამაშოდ გუნდს და სულ ახლო მომავალში მოვლენების ისეთ განვითარებასაც ნუ გამოვრიცხავთ, როცა რუსთაველთა ძირითადი შემადგენლობა მხოლოდ და მხოლოდ დუბლებისა თუ ჭაბუკთა ლიგის ფეხბურთელებით "შეივსება"...
XVIII ტურის უმთავრესი მოვლენა, რაღა თქმა უნდა, ლიდერის შეცვლა იყო; თუმცა, "დინამოსგან" ყველა "მიჩვეული" ვართ პირველ ადგილზე ყოფნას და ესეც რომ არ იყოს, მაინც სხვაგან მომხდარმა სხვა ფაქტმა "გადაწონა" მთელი ტურის მოვლენები: თითქმის 18-წლიანი პაუზის (!) მერე საქართველოს ჩემპიონატს ალექსანდრე იაშვილი დაუბრუნდა!
კაცები ბრუნდებიან!
"სამტრედია"-"სიონის" მატჩის 79-ე წუთზე მასპინძელთა შემადგენლობაში შეცვლაზე შემოვიდა 37 წლის ალექსანდრე იაშვილი, რომელმაც უკანასკნელი ოფიციალური მატჩი შარშან, 12 მაისს ჩაატარა ბაქოს "ინტერის" შემადგენლობაში. და აი, თითქმის ათთვიანი "ფიქრის" მერე, "იაშკამ" აქტიური საფეხბურთო კარიერა გააგრძელა და იმ ჩემპიონატს დაუბრუნდა, საიდანაც ყველამ გაიცნო (1993/94 წლების სეზონში) და საიდანაც წასულმა (1997 წლიდან) გერმანიაში 16 (!) სეზონი გაატარა! დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშის, ალექსანდრე იაშვილის დაბრუნება ჩვენს ეროვნულ ჩემპიონატში მართლაც განსაკუთრებული მოვლენაა და ამიტომაც, უახლოეს დღეებში კიდევ ერთხელ გავიხსენებთ მის გამორჩეულ კარიერას. მანამდე კი კიდევ ერთი და ასევე დამსახურებული ვეტერანის, ასევე "სამტრედიას" ახალწვეულის ზურაბ ხიზანიშვილის "გოლით დაბრუნება" გვინდა აღვნიშნოთ: 33 წლის "ხიზანამ" საქართველოს ჩემპიონატში 15-წლიანი პაუზის (!) მერე გამოიჩინა თავი!
ისე, უცნაურია, მაგრამ ფაქტია: ალექსანდრე იაშვილსა და ზურაბ ხიზანიშვილს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 12 წლის განმავლობაში გვერდი-გვერდ 70-ზე მეტი მატჩი ჩაუტარებიათ, აი, ერთ გუნდში კი მხოლოდ ახლა მოუწიათ თამაში, თანაც საქართველოს ჩემპიონატში!
სამაგიეროდ, თითქმის 19-წლიანი პაუზის მერე კვლავ ერთად არიან "სამტრედიის" მთავარი მწვრთნელი ზაზა ზამთარაძე, ამ კლუბის სპორტული დირექტორი დავით მუჯირი და ცნობადზე-ცნობადი ახალწვეული ალექსანდრე იაშვილი, რომლებიც 1996/97 წლების სეზონში სულ პატარა ბიჭები იყვნენ, თბილისის "დინამოში" გვერდი-გვერდ რომ თამაშობდნენ!
და ვინ იყო იმდროინდელ "დინამოში" ამ ბიჭების კიდევ ერთი პარტნიორი და კიდევ ერთი პერსპექტიული ჭაბუკი? ვინ და, კახა კალაძე. საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის წარმატებულ საფეხბურთო კარიერას ასევე წარმატებული პოლიტიკური კარიერა მოჰყვა და სამტრედიაში დაბადებულ-გაზრდილი კალაძეც თავისი მშობლიური რაიონის გუნდის, ფაქტობრივად, თითქმის ყველა საშინაო თუ საგარეო მატჩს ესწრება. ისე, როგორც ჩვენი ყოფილი კოლეგა და დღესდღეობით, საქართველოს პარლამენტის წევრი ოთარ ჩრდილელი, ასევე სამტრედიელი რომ გახლავთ...
საჩემპიონო ამბიცია
როცა მოედანზე ზურაბ ხიზანიშვილი და ალექსანდრე იაშვილი არიან (პლუს დავით კვირკველია და ჩვენი ჩემპიონატის კვალობაზე კიდევ არაერთი გამოცდილი ფეხბურთელი), ამ გუნდის ქომაგების "მაქსიმალიზმიც" ჩვეულებრივ ამბად უნდა მივიღოთ და "სამტრედიამაც" ეს მოლოდინი გაამართლა: ბოლო დროს საგრძნობლად მოძლიერებულ "სიონთან" გამარჯვება (3:1) პატარა ამბავი არ არის. თანაც, ამ მოგებით "სამტრედიამ" კვლავაც განაცხადა საჩემპიონო ამბიცია, ისე როგორც ბათუმის "დინამომ" - ერთადერთმა გუნდმა, II წრეში სამივე თამაში რომ მოიგო! შეგახსენებთ, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში სწორედ ბათუმის "დინამო" იყო უმაღლესი ლიგის ის ერთადერთი გუნდი, ძირითად შემადგენლობაში არანაირი ცვლილება რომ არ მოუხდენია (მხოლოდ გიორგი ქავთარაძე დაიმატა "მეტალურგიდან").
ჰოდა, ასეთ სტაბილურობას შედეგიც შესაბამისი "მოაქვს" და ეს ყველაფერი, ფეხბურთელებთან ერთად, რაღა თქმა უნდა, გამოცდილი სპეციალისტის შოთა ჭეიშვილის დამსახურებაც არის, რომელიც უმაღლეს ლიგაში ხანგრძლივი პაუზის მერე ასე წარმატებით დაბრუნდა.
ბათუმის "დინამომ" ტურის ცენტრალურ მატჩში თეიმურაზ შონიას მართლაც ეფექტური გოლით შეძლო "დილას" დამარცხება, ეს მარცხი კი გორელთა გუნდს ლიდერობის დაკარგვად დაუჯდა.
სამაგიეროდ, ცხრილის სათავეში ის გუნდი დაბრუნდა, უმძიმეს ბრძოლაში რომ შეძლო "ზესტაფონის" დამარცხება, - თუმცა, თბილისის "დინამოს" ამ სეზონში ძალიან სერიოზული კონკურენტები ჰყავს და ამ ყველაფერს სატურნირო ცხრილიც მოწმობს.
სხვადასხვა ამბები
ბათუმის "დინამოსა" და "დილას" მატჩი ისეთი გამოდგა, ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენლებს რომ ეკადრებათ; არანაკლები ინტრიგა იყო "დინამო თბილისისა" და "ზესტაფონის" უხვგოლიან დაპირისპირებაშიც (მასპინძელთა 18 წლის პლეიმეიკერმა ოთარ კიტეიშვილმა კიდევ ერთხელ რომ დაგვანახვა საკუთარი შესაძლებლობები). მოლოდინისამებრ, საინტერესო გამოდგა "სამტრედია"-"სიონის" პაექრობაც და ძნელი სათქმელია თუ როგორ დასრულდებოდა ეს მატჩი, სტუმართა თავკაც ლადო ბურდულს ორი პერსპექტიული ცენტრალური მცველი დაჩი ცნობილაძე და სანდრო გურეშიძე რომ ჰყოლოდა.
მოსალოდნელი შედეგი დაფიქსირდა ლანჩხუთშიც, სადაც უფულო "მეტალურგის" ჩასვლა სულ ბოლო მომენტში გადაწყდა, მაგრამ რუსთაველთა ახალგაზრდა და გამოუცდელმა ფეხბურთელებმა ორი ისეთი მომენტის შექმნა მაინც მოახერხეს, აი, საგოლეს რომ ვუწოდებთ ხოლმე.
მოკლედ, ტური საინტერესო გამოდგა, თუმცა, ყველასათვის მოულოდნელი შედეგი, ალბათ, მაინც ივანწმინდაში დაფიქსირდა: საკუთარ მოედანზე საუკეთესო შედეგის მქონე "ჩიხურამ" ჩემპიონატში პირველი საშინაო მატჩი წააგო!
თავის მხრივ, "შუქურამ" პირველი გასვლითი შეხვედრა მოიგო და ამ შემთხვევაში, ქობულეთელთა გუნდის ახალი მწვრთნელის გელა სანაიას ეფექტიანი გადაწყვეტილებებიც უნდა აღვნიშნოთ: მატჩის ბედი ხომ შეცვლაზე შემოსულმა ზვიად მეტრეველმა გადაწყვიტა! 29 წლის ფორვარდმა ჯერ მართლაც ეფექტური გოლი გაიტანა, მერე კი პენალტიც მოინადირა...
ამ ტურში შეცვლაზე შემოსულმა სხვა ფეხბურთელმაც შეძლო გოლის გატანა და "ნომინაციაშიც" დაწინაურდა: "სამტრედიას" ახალწვეულმა, 22 წლის თორნიკე კაპანაძემ უკვე მესამედ იყოჩაღა.
დებიუტები, სიახლეები...
საქართველოს ჩემპიონატში სადებიუტო მატჩი კიდევ ერთმა ლეგიონერმა ჩაატარა: "გურიას" შემადგენლობაში მორიგი უკრაინელი, 27 წლის იური შეველი გამოჩნდა. აი, მისმა თანატოლმა, ესპანური "ოსასუნას" ყოფილმა და "დინამო თბილისის" ამჟამინდელმა ფორვარდმა მანუელმა კი საქართველოს ჩემპიონატში პირველი "დუბლი" შეასრულა.ახალი გუნდის შემადგენლობაში პირველი მატჩები ჩაატარეს 23 წლის ლევან ბერუაშვილმა, 18 წლის ზაზა გელაშვილმა (ორივე - "მეტალურგი"), 18 წლის მათე კვირკვიამ ("ზესტაფონი"), 30 წლის გოგა ფიფიამ ("მერანი"), 24 წლის თორნიკე ზარქუამ ("ჩიხურა"), "მეტალურგის" ორ ჭაბუკ ფეხბურთელს, 18 წლის რევაზ ბარამიძესა და 17 წლის სოსო ქარდავას სულაც დებიუტი ჰქონდათ უმაღლეს ლიგაში.
სადებიუტო გოლი გაიტანა უმაღლეს ლიგაში "სიონის" 20 წლის ახალწვეულმა ცოტნე ქებურიამ; ხოლო ერთდროულად რამდენიმე ფეხბურთელმა თავისი ახალი გუნდის მაისურით პირველად შეძლო თავის გამოჩენა: 30 წლის რევაზ გეწაძემ ("სამტრედია"), 22 წლის გიორგი კუხიანიძემ ("შუქურა"), 22 წლის ზვიად სიხარულიამ, 20 წლის გურამ სამუშიამ (ორივე - "ზესტაფონი") და 26 წლის ლაშა თოთაძემ ("დინამო" თბ).
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XVIII ტური
დინამო (თბ)-ზესტაფონი 3:2 - სუსხიანი გამარჯვება [VIDEO]
დინამო (ბთ)-დილა 1:0 - სამივე მოგებით მესამეზე [VIDEO]
სამტრედია-სიონი 3:1 - ხიზანიშვილმა გაიტანა, იაშვილი დაბრუნდა [PHOTO]
ჩიხურა-შუქურა 0:2 - კრიზისი თუ შემთხვევითობა? [VIDEO]
ტორპედო-მერანი 1:1 - ეს უკვე მეტისმეტია! [VIDEO]
გურია-მეტალურგი 1:0 - ყოფნა-არყოფნის (პრო)ტესტი... 16 წლის შემდეგ [VIDEO]
ცხინვალი-ვიტ ჯორჯია 1:0 - ცხინვალის ენდშპილი
ზუგდიდი-კოლხეთი 0:2 - "მეგრულ დერბიში" ფოთელებმა იმარჯვეს
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"