კოლხეთი-გურია 0:1 - მაინც ვერ გადაარჩინეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ცნობილი მიზეზის გამო ფოთის "კოლხეთი" საშინაო შეხვედრებს ლანჩხუთში, "ევგრაფი შევარდნაძეზე" ატარებს, თუმცა, ამჯერად, როცა "გურიასთან" თამაში მოუწია, საშინაო არენად ქუთაისის ცენტრალური სტადიონი აირჩია.

მატჩის საწყისი წუთები "კოლხეთის" უპირატესობით წარიმართა. ფოთელები გოლის გატანასთანაც ახლოს იყვნენ - მერაბ გიგაურმა მეკარესთან პირისპირ გაიყვანა ლევან შენგელია, რომლის დარტყმა მიხეილ გოგუაძემ მოიგერია. უკუგდებულ ბურთს ისევ შენგელია ამატებდა, მაგრამ ლანჩხუთელთა მეკარე ამჯერადაც დამაჯერებლად გაისარჯა.

"გურიის" კარის დარაჯმა ცოტა ხანში გურამ გურეშიძის ძლიერი და სახიფათო დარტყმაც მოიგერია.

მე-15 წუთიდან გურულები გააქტიურდნენ და ფოთელთა კართანაც "ჩამოცხა". მეკარესთან პირისპირ
გასულმა ვილი ისიანმა ხარიხა შეაზანზარა. იქვე ბურთს ალექსანდრე კოშკაძე ამატებდა თავით, მაგრამ ხარიხას გადააცილა.

ამ ეპიზოდში ნომინალური მასპინძლები გოლს კი გადაურჩნენ, მაგრამ ორიოდე წუთში იმავე კოშკაძემ საჯარიმოს შიგნიდან ისეთი "დააქუხა", ბურთი პირდაპირ ფოთელთა კარის "ცხრიანში" დააჭედა - 0:1.

გურულები ამის შემდეგაც მწვავედ უტევდნენ, მაგრამ რეალური საგოლე შანსი არ მისცემიათ. ტაიმის მიწურულს კი ფოთელებს ანგარიშის გათანაბრება შეეძლოთ, როცა შენგელიამ ჯიქია გაიყვანა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ გოგუაძე აქაც აუღელვებლად გაისარჯა - კარი დროულად დატოვა, ფოთელთა ფორვარდს დარტყმის კუთხე შეუმცირა და საკუთარი გუნდი გოლისგან იხსნა.

მეორე ტაიმის შუაწელამდე უპირატესობას კვლავ ლანჩხუთელები ფლობდნენ. ანგარიშის გაზრდა შეეძლოთ ისიანს, კილაძესა და ზოზულიას. განსაკუთრებით კილაძის მომენტია აღსანიშნავი, როცა შალამბერიძის კუთხურის შემდეგ მისი თავური მილიმეტრებში ასცდა ფოთელთა კარს.

მატჩის მიწურულს ფოთელები უკეთ ათამაშდნენ და ფორტუნას მათთვის ზურგი რომ არ ექცია, ანგარიშსაც გაათანაბრებდნენ - ჩაკვეტაძის თავური პასის შემდეგ ჯიქია სამიოდე მეტრიდან ურტყამდა, მაგრამ გურულები ხარიხამ იხსნა.

ბოლო წუთზე სიჭინავასაც შეეძლო თავის გამოჩენა, მაგრამ "კოლხეთმა" ქულის გადარჩენა მაინც ვერ მოახერხა.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XIX ტური
14.03. ქუთაისი. "ცენტრალური". 400 მაყურებელი
კოლხეთი-გურია 0:1
გოლი: 0:1 კოშკაძე (20)

კოლხეთი (4-4-2): სეფიაშვილი - კილასონია, ჩაკვეტაძე, თევზაძე (39. სიჭინავა), თ.კაკულია (62. ლემონჯავა) - გურეშიძე, გოგონაია, გიგაური, ლ. კაკულია (73. ჟიშკარიანი) - შენგელია, შ. ჯიქია.
სათადარიგოები: ძაგანია, ჩადუნელი, ქორჩილავა, გუგუშვილი
მწვრთნელი: ზაზა ინაშვილი
გურია (4-4-1-1): გოგუაძე - ბენაშვილი, კილაძე, ცინცაძე, მჭედლიშვილი - ინგოროყვა (69. შეველი), ზოზულია, მოსიაშვილი (78. გაბრიჩიძე), შალამბერიძე - კოშკაძე - ისიანი (90. კუკულაძე).
სათადარიგოები: ღაღანიძე, გოგიაშვილი, იმერლიშვილი, ჭეიშვილი
მწვრთნელი: თემურ ლორია
გაფრთხილება: შეველი (84), სიჭინავა (89), ცინცაძე (90)
არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი


ბომბარდირები:
ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10
ი. მოდებაძე (დილა) 8
ო. კვერნაძე (ტორპედო) 7
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 7
ნ. საბანაძე (დინ. თბ/ტორპ) 7
ნ. კვეკვესკირი (დილა) 7
დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 7
თ. მუმლაძე (ჩიხურა) 6
დ. ცნობილაძე (მეტალ./სიონი) 6
გ. ილურიძე (ზესტაფონი) 6
ი. სიხარულიძე (ზესტაფონი) 6
შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს

მომდევნო (XX) ტური
18 მარტი, ოთხშაბათი
სამტრედია-ზესტაფონი
ჩიხურა-კოლხეთი
დინამო (თბ)-მეტალურგი
გურია-დილა
დინამო (ბთ)-ვიტ ჯორჯია
სიონი-შუქურა
ტორპედო-ცხინვალი
ზუგდიდი-მერანი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული