ვიტ ჯორჯია-ტორპედო 0:1 - სერია აუტსაიდერთან დასრულდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქუთაისის "ტორპედომ" შეწყვიტა 12-მატჩიანი მოუგებელი სერია და მცხეთაში დაამარცხა ეროვნული ჩემპიონატის უპირობო აუტსაიდერი "ვიტ ჯორჯია".

უშედეგო დებიუტი გამოუვიდა მასპინძელთა ახალგაზრდა თავკაც თენგიზ კობიაშვილს. არადა, სათქმელია - რომ არა ქუთათურთა მეკარე ბექა შეყრილაძის დიდებული თამაში, "ვიტ ჯორჯია", სულ მცირე, არ წააგებდა.

უკვე მე-12 წამზე ქუთაისელებმა 11-მეტრიანის დარტყმის უფლება მოიპოვეს. რომეო კანკიამ საჯარიმოში შეჭრილი ერთ-ერთი "ვეტერინარი" წესების დარღვევით შეაჩერა. ბურთთან "ვიტ ჯორჯიაში" ყველაზე გამოცდილი - ნიკოლოზ მაისურაძე მივიდა, მარცხენა კუთხეში ძლიერად დაარტყა, თუმცა შეყრილაძემ დიდებულად ითამაშა და "ტორპედო" გაშვებულ გოლს გადაარჩინა.

"ვიტ
ჯორჯია" შმაგად იბრძოდა და ბურთის მოპოვებისთანავე შმაგად უტევდა. მე-17 წუთზე კარგი კომბინაცია გაათამაშეს ელგუჯა ლობჯანიძემ და ლევან საბაძემ. ამ უკანასკნელის მიერ ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი ისევ შეყრილაძემ მოიხელთა, არადა, ასპროცენტიანი საგოლე მომენტი იყო.

23-ე წუთზე უკვე "ტორპედო" იყო ახლოს გატანასთან. ზაზა ჭელიძემ მრავალსვლიანი კომბინაციის შემდეგ ახლო მანძილიდან დაარტყა, თუმცა ამჯერად უკვე "ვიტ ჯორჯიის" მეკარე ჯონი შეროზიამ ივარგა.

28-ე წუთზე "ვიტ ჯორჯიამ" კიდევ ერთი საგოლე შანსი გაფლანგა. ბადრი დემეტრაშვილი შეტევაში სახიფათოდ ჩაერთო და ტანმორჩილი ნახევარმცველის თავური მეკარემ გააუვნებელყო.

ორ წუთში ისევ დემეტრაშვილს ჰქონდა საგოლე შანსი - მისი დარტყმა კარს ოდნავ ასცდა. მერე კი "ტორპედოს" ჯერი დადგა. კარგად ითამაშა სტუმართა რიგებში გამორჩეულმა ირაკლი კლიმიაშვილმა. მან დავით კირკიტაძეს დაუგორა ბურთი, ამან კი ძლიერად დაარტყა, თუმცა ბურთი შეროზიამ მოიგერია. დამატებაზე ჭელიძე ცდილობდა გატანას, მაგრამ ააცილა.

შესვენების შემდეგ დაუნდობელი ბრძოლა არ ჩამცხრალა. ათ წუთში "ვიტ ჯორჯიამ" მეტოქის კართან გვარიანი მომენტი შექმნა. შეტევაში ჩართულმა რევაზ ჩიტიშვილმა ბურთს თავი მძლავრად დაჰკრა, მაგრამ ისევ შეყრილაძემ იყოჩაღა. ორ წუთში ის გიორგი გეთიაშვილის დარტყმულსაც ადგილზე დაუხვდა.

ეს იყო და, "ვიტ ჯორჯიას" დაღლა დაეტყო. საცნაური გახდა თურქეთმოვლილი "ტორპედოს" უკეთესო ფიზიკური მომზადება. ამასთან ერთად, ქუთათურთა დამრიგებელმა გიორგი დარასელიამ ცვლილებებიც გამოიცნო. მან ჯერ შოთა ბაბუნაშვილი (რომელმაც გამარჯვების გოლი შეაგდო) შეუშვა მინდორზე, მერე კი - ბუდუ ზივზივაძე, ვინც ბაბუნაშვილს საგოლედ უპასა - ზივზივაძემ ბურთი ჩააწოდა საჯარიმოში, სადაც მას ბაბუნაშვილი დაუხვდა და ძლიერად დაარტყა - 0:1.

შოთამ "ტორპედოს" მაისურით 11-წლიანი პაუზის შემდეგ გამოიჩინა თავი.

"ტორპედომ" მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა, ვიტელთა სატურნირო მდგომარეობა კი კიდევ უფრო დამძიმდა. ეს გუნდმა მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დააბრალოს - რაც უნდა კარგად ითამაშოს მოწინააღმდეგის მეკარემ, ამდენი მომენტიდან ერთი მაინც უნდა გაიტანო.

შეყრილაძემ კი მართლა ისე ითამაშა, რომ ქუთათურთა უკრაინელ ახალწვეულს, მეკარე ალექსეი შევჩენკოს ძალიან გაუჭირდება ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XIX ტური
14.03. მცხეთა. "მცხეთა პარკი". 300 მაყურებელი
ვიტ ჯორჯია-ტორპედო 0:1
გოლი: 0:1 ბაბუნაშვილი (74)

ვიტ ჯორჯია (4-5-1): შეროზია - თათხაშვილი, ჩიტიშვილი, გეთიაშვილი, კალანდია (60. დანელია) - დემეტრაშვილი, დავლაშელიძე, მაისურაძე, გახარია (75.ხვისტანი), საბაძე - ლობჯანიძე (65. დადიანი).
სათადარიგოები: ისერგიშვილი, კახაბრიშვილი, კუხალეიშვილი, კურდღელაშვილი
მწვრთნელი: თენგიზ კობიაშვილი
ტორპედო (4-4-1-1): შეყრილაძე - კანკია (69. ზივზივაძე), ადამაძე, მირცხულავა, ქიმაძე - კირკიტაძე (78. ჩიკვილაძე). ჭელიძე, ქებაძე (60. ბაბუნაშვილი), ტუღუში - კლიმიაშვილი - საბანაძე.
სათადარიგოები: ტყეშელაშვილი, მახვილაძე, გოგუაძე
მწვრთნელი: გიორგი დარასელია
გაფრთხილება: საბაძე (25), კანკია (55)
გაძევება: დემეტრაშვილი (90)
არბიტრი: ხ. გაგნიძე.

ბომბარდირები:
ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10
ი. მოდებაძე (დილა) 8
ო. კვერნაძე (ტორპედო) 7
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 7
ნ. საბანაძე (დინ. თბ/ტორპ) 7
ნ. კვეკვესკირი (დილა) 7
დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 7
თ. მუმლაძე (ჩიხურა) 6
დ. ცნობილაძე (მეტალ./სიონი) 6
გ. ილურიძე (ზესტაფონი) 6
ი. სიხარულიძე (ზესტაფონი) 6
შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს

მომდევნო (XX) ტური
18 მარტი, ოთხშაბათი
სამტრედია-ზესტაფონი
ჩიხურა-კოლხეთი
დინამო (თბ)-მეტალურგი
გურია-დილა
დინამო (ბთ)-ვიტ ჯორჯია
სიონი-შუქურა
ტორპედო-ცხინვალი
ზუგდიდი-მერანი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ტორპედოს რომ ძალა აქვს,ეს უნდა დაამტკიცოს ცხინვალთან მატჩში ხვალ და 3 აუცილებელი ქულა უნდა აიღოს!
გუადუა
15:11 17-03-2015
0
es gundi gasavardnad codoa,magari nichieri bichebi yavs,gaumarjos wit-gorgias,gadarcheba
zaza
11:49 17-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული