ზუგდიდი-მერანი 3:0 - ათწუთიანი ცივი შხაპი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუნდების სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებით, თავიდანვე ცხადი იყო, რომ "მეგრული დერბი" ფიცხელ ბრძოლაში ჩაივლიდა.

პირველი ნახევარი საათი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, მერე კი თამაშის სადავეებს ბესიკ შეროზიას შეგირდები დაეუფლნენ. ზუგდიდელები საკმაოდ სწრაფ ტემპში უტევდნენ და კომბინაციური თამაშით ცდილობდნენ სტუმართა დაცვაში ნაპრალების მოძიებას. განსაკუთრებით კარგად შოთა ლომია და ლუკა გუგუჩია გამოიყურებოდნენ, რომლებიც გუნდის შემტევ პოტენციალს მნიშვნელოვნად აძლიერებდნენ.

პირველი სახიფათო მომენტი მე-7 წუთზე შეიქმნა. მასპინძლებმა ზედიზედ ორი კუთხური მოაწოდეს, რასაც მერანელთა საჯარიმოში არეულობა მოჰყვა. ბურთი ლუკა კობერიძეს მიუგორდა, რომლის დარტყმულს გიორგი გეგია გადაეღობა და
სიტუაციაც განიმუხტა.

სტუმართა საპასუხო იერიში პაპუნა ფონიავამ წამოიწყო, მარჯვენა ფრთაზე გეგეჭკორმა გააგრძელა, საბოლოო დარტყმა კი გოგი ფიფიამ ითავა, თუმცა მეკარე მინდია ბობღიაშვილს ვერ აჯობა.

"მერანისთვის" განსაკუთრებით მძიმე პირველი ტაიმის 10-წუთიანი ინტერვალი გამოდგა. დროის ამ მონაკვეთში მარტვილელებმა ცივი შხაპი მიიღეს - ერთმანეთის მიყოლებით სამი უპასუხო გოლი გაუშვეს.

31-ე წუთზე გუგუჩიას ჩაწოდებულ კუთხურს ექსმერანელი ლაშა ღონღაძე გამოეხმაურა, რომელმაც თავისიანები წინ გაიყვანა. ზუსტად 6 წუთში სტუმართა კართან კვლავ დაიძაბა სიტუაცია - აქტიურმა გუგუჩიამ მეკარესთან პირისპირ გაიყვანა ეხვაია. მართალია, ამ უკანასკნელის დარტყმული მამალაძემ მოიგერია, თუმცა იქვე მყოფ შოთა ლომიას გატანა არ გასჭირვებია.

სტუმარი "აიჭრა", "მერანის" ფეხბურთელთა მოქმედებაში დაბნეულობა და ქაოსი შეიმჩნეოდა, მომრავლდა ტექნიკური წუნიც. ერთ-ერთ ეპიზოდში მათ საკუთარ ნახევარზე დაკარგეს ბურთი, რითიც მასპინძლებმა შესანიშნავად ისარგებლეს და გუგუჩია-ეხვაია-ლომიას კომბინაცია ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა ლევან წურწუმიამ (გატანა თავად ლომიასაც შეეძლო, თუმცა ბურთი უკეთეს პოზიციაში მყოფ თანაგუნდელს გადააწოდა) - 3:0.

მოულოდნელი პირველი ტაიმის შემდეგ ვლადიმირ ლობასმა ცვლილებებს მიმართა - ინერტული ფიფიასა და ფონიავას ნაცვლად, მოედანზე აკაკი შულაია და გიგა წურწუმია შეუშვა. მათ "მერანის" შეტევებს სიმწვავე კი შემატეს, თუმცა რაიმე ღირებულის შექმნა მაინც ვერ მოახერხეს.

აქვე ვთქვათ ისიც, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ უმაღლესი ლიგის მატჩში პირველად ითამაშა ბექა გოცირიძემ. ის 73-ე წუთზე ჩაერთო თამაშში და ახალბედა ვაჟა ქიქავასთან ერთად, სტუმართაგან საუკეთესოც იყო.

ბოლოსკენ ანგარიშის კორექტირების მეტ-ნაკლებად რეალური შანსი ორივე გუნდს ჰქონდა. ამას შედეგი არ მოჰყოლია.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XX ტური
18.03. ზუგდიდი. "ბაიას ბაზა"
ზუგდიდი-მერანი 3:0
გოლები: 1:0 ღონღაძე (31. გუგუჩიას პასით), 2:0 შ. ლომია (37. ეხვაიას პასით), 3:0 ლ. წურწუმია (41. შ. ლომიას პასით)

ზუგდიდი (4-4-2):
ბობღიაშვილი - მაჩაიძე, ღონღაძე, აკობია, ენდელაძე - კობერიძე, გუგუჩია (76. ქირია), კუტალია, ლ. წურწუმია (70. კუკავა) - შ. ლომია, ეხვაია (69. ფარჯიკია).
სათადარიგოები: ივარდავა, მეგრელიშვილი, სამუშია, პაჭკორია
მწვრთნელი: ბესიკ შეროზია
მერანი (4-2-3-1): მამალაძე - მელიავა, ლომაშვილი, ი. ციცხვაია, გეგია - ჯღამაია, ქიქავა - გეგეჭკორი (73. გოცირიძე), ფონიავა (46. გ. წურწუმია), ფიფია (46. შულაია) - ს. ლომია.
სათადარიგოები: ბეგაშვილი, კიკნაველიძე, ქაჯაია, დ. ციცხვაია
მწვრთნელი: ვლადიმირ ლობასი
გაფრთხილება: ს. ლომია (55), ქიქავა (58)
არბიტრი: ლ. სილაგავა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
სასარცხვილოა მერანის თამაში,ეს მწვრთნელი საიდან მოათრია ბაკურია ჩამოწერილმა.დააბრუნეთ ჟვანია ბატონო ფრიდონ.
paata
15:52 20-03-2015
0

სიახლეები პოპულარული