ჩიხურა-კოლხეთი 5:1 - ყურადღება! სათამაშო დრო 90 წუთია!

AutoSharing Option
სწორედ სათაურად გამოტანილი ამ წინადადებით გამოხატულ აზრზე გაამახვილეს მწვრთნელებმა მატჩის შემდეგ ყურადღება და მართლებიც იყვნენ. ეს განსაკუთრებით "ჩიხურაზე" ითქმის, რომელსაც მთელი 70 წუთის განმავლობაში არ ჰქონდა მასპინძლის სახე - ზედმეტი სიფრთხილით უწესრიგოდ აგორებდა ბურთს, პასების აბსოლუტურ უმრავლესობას მოწინააღმდეგეს აძლევდა და ისე იქცეოდა, თითქოს იძულებით იყო გასული მოედანზე.

ზოგადად, სიფრთხილე ფეხბურთის (და არამარტო) ერთ-ერთი კომპონენტია, მაგრამ ზედმეტი არაფერი ვარგა.

გასაგები და მისაღები სიფრთხილე არც ფოთელებს აკლდათ, თუმცა, გრძნობდნენ რა მასპინძლების უსუსურობას, შეტევებზეც თამამად გადადიოდნენ. მე-14 წუთზე გურეშიძემ მოსინჯა ქვილითაიას საიმედოობა, ათ
წუთში კი ჯიშკარიანმა კინაღამ კარი აიღო.

ამის მიუხედავად, პირველი გოლი მაინც საწინააღმდეგო მხარეს გავიდა. რას ერჩი კუჭუხიძეს - ხსენებული დროის მონაკვეთშიც და საერთოდაც, ერთადერთი "ოაზისი" იყო საჩხერულ "უდაბნოში". 25-ე წუთზე მან მუმლაძის პასი მკერდიდან ფეხზე კარგადაც მოირგო და კარგადაც დაარტყა საჯარიმო მოედნის მისადგომებიდან, მაგრამ... გოლი მაინც კონტექსტიდან ამოვარდნილს ჰგავდა.

მოედანზე არსებული სიტუაციის ლოგიკური შედეგი არც საპასუხო გოლი იყო - ჩიკვაიძის შეცდომით მოსარგებლე კაკულიასაც და 41-ე წუთზე გოლის გამტან სიჭინავასაც "გასეირნების" საშუალება მისცეს ერთმანეთის შემყურე მცველებმა.

ოდნავ მეტი მონდომება და სტუმრები რამდენჯერმე მიაღწევდნენ კიდეც წარმატებას, იმდენად ორგანიზებულად აკონტროლებდნენ ბურთსაც და სიტუაციასაც.

70-ე წუთიდან "ჩიხურამ", როგორც იქნა, "იპოვა" თავისი "სახე", "კოლხეთმა" კი პირიქით - დაკარგა. გარდამტეხის როლი, უდავოდ, შეცვლაზე შესულმა სარდალიშვილმა იკისრა.

71-ე წუთზე განუგრავას უძლიერესი დარტყმის მოგერიებისთვის აკრობატის ილეთი დასჭირდა სეფიაშვილს. გავიდა წუთი და შორიდან ორჯერ დაარტყა დობროვოლსკიმ, რომელთაგან ერთი - ცარიელი კარის ხაზიდან გამოიტანა მცველმა, მეორე კი სულ ოდნავ ასცდა მეკარისგან დაუცველ კარს.

შემდეგ ორწუთიან მონაკვეთში ისევ სეფიაშვილმა "გაიგიჟა თავი"; ერთხელაც მცველებმა მოახერხეს უიმედო მომენტში სიტუაციის განმუხტვა; 81-ე წუთზე კაშიას შორეული, გამჭოლი ჩაწოდების მკერდით "მოთვინიერებაც" ოსტატურად შეძლო საჯარიმო მოედანში მცველებით გარშემორტყმულმა მუმლაძემ, მერე შემობრუნდა და კარშიც ზუსტად გაგზავნა.

84-ე წუთზე სარდალიშვილმა დაატრიალა ჯოჯოხეთი მოწინააღმდეგის საჯარიმოში - მახვილგონივრულად უპასა უფრო ხელსაყრელ მდგომარეობაში მყოფ კუჭუხიძეს და ფოთელებს საბოლოოდ დააყრევინა ფარ-ხმალი.

შტურმი კი მაინც გაგრძელდა. 88-ე წუთზე კუჭუხიძის სახიფათოდ ჩაწოდებული ჩადუნელის ავტოგოლით დამთავრდა.

ისედაც სრულ კაპიტულაციას ცეცხლზე ნავთი დაასხა სარდალიშვილმა - გზადაგზა ჩამოიტოვა რამდენიმე მცველი და მეკარესთან პირისპირ გასვლა აღარ აცალეს, აკრძალული ილეთით შეაჩერეს და თავადვე უნაკლოდ შეასრულეს პენალტი.

მატჩის შემდეგ:
ზაზა ინაშვილი (კოლხეთი): "წარმოუდგენელი რამ მოხდა - 70 წუთის განმავლობაში უპირატესობას ვფლობდით, თითქმის მოედნის ბატონ-პატრონები ვიყავით, გამარჯვებასაც ვიმსახურებდით, მაგრამ ბოლო ოც წუთში ყველაფერი წყალში გადავყარეთ. ვერ გავრკვეულვარ, რა დაგვემართა. ამას სერიოზული ანალიზი და დასკვნების გამოტანა სჭირდება".

სოსო ფრუიძე (ჩიხურა): "ვერც მე ამიხსნია სათამაშო დროის უდიდეს ნაწილში ჩემი გუნდის არაორგანიზებულობის, საფეხბურთო აზროვნების დეფიციტის მიზეზი. ძალიან გვიან, მაგრამ, საბედნიეროდ, მაინც გამოვფხიზლდით, რაც საკმარისი აღმოჩნდა გამარჯვებისათვის".

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XX ტური
18.03. ივანწმინდა
ჩიხურა-კოლხეთი 5:1
გოლები: 1:0 კუჭუხიძე (25. მუმლაძის პასით), 1:1 სიჭინავა (41. კაკულიას პასით), 2:1 მუმლაძე (81. კაშიას პასით), 3:1 კუჭუხიძე (90. სარდალიშვილის პასით), 4:1 ჩადუნელი (88-საკ. კარში), 5:1 სარდალიშვილი (81-პენ)

ჩიხურა: ქვილითაია, ლუბჩაკი, ჭელიძე, განუგრავა, კუჭუხიძე, მუმლაძე (86. ტრაიანოვსკი), დეკანოიძე (56. სარდალიშვილი), კორიფაძე (82. კაკაშვილი), ჩიკვაიძე, დობროვოლსკი, კაშია.
სათადარიგოები: ზარქუა, ბაჯელიძე, მანჯგალაძე, ივანიშვილი.
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
კოლხეთი: სეფიაშვილი, კილასონია, ჩაკვეტაძე, ჩადუნელი, ლემონჯავა, კაკულია (69. ქორჩილავა), გოგონაია, გურეშიძე, სიჭინავა, ბაგაური, ჯიშკარიანი (32. ჯიქია).
სათადარიგოები: ძაგანია, ბარამიძე, სარსანია, კაკულია, გუგუშვილი
მწვრთნელი: ზაზა ინაშვილი
გაფრთხილება: კაკულია (45), დობროვოლსკი (73), კუჭუხიძე (81)
არბიტრი: ბაკურ ნინუა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული