მერანი-გურია 1:0 - მონატრებული გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დიდი ხნის პაუზის შემდეგ "მერანმა" საკუთარ მოედანზე, დიდი ბრძოლისა და თავდადების ხარჯზე, პირველი გამარჯვება მოიპოვა. ასევე, ეს არის პირველი გამარჯვება განახლებულ სტადიონზე, რომელიც მურთაზ ხურცილავას სახელს ატარებს. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, მასპინძლებისთვის მატჩს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

პირველი სახიფათო მომენტიც სწორედ მათ შექმნეს - უკვე მე-5 წუთზე, ლევან გეგეჭკორის ჩაწოდების შემდეგ, სტუმართა კარის დალაშქვრას დავით ციცხვაია ცდილობდა, თუმცა მეკარე იმერლიშვილი მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა.

ცოტა ხანში კიჭი მელიავას შეეძლო გატანა, თუმცა მიზანმა უმტყუნა.

გულხელდაკრეფილები არც სტუმრები ყოფილან - შალამბერიძის დარტყმული მცირე მანძილით ასცდა
კარს.

მერანელებს გოლის გატანის ჩინებული შანსი მე-20 წუთზე შეექმნათ. ციცხვაიას გადაცემის შემდეგ გიგა წურწუმიას შეეძლო ანგარიშის გახსნა, თუმცა ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა.

პირველ ტაიმში მეტი არაფერი მომხდარა. აშკარად ჩანდა, რომ გუნდები ძალებს მეორე ნახევრისთვის ინახავდნენ. ვარაუდი გამართლდა - აქედანვე უნდა ვთქვათ, რომ მეორე ტაიმმა მოლოდინი სრულად გაამართლა. მომენტები ორივე კართან იქმნებოდა. მარტვილელთაგან, განსაკუთრებით, აკაკი შულაია და ლევან გეგეჭკორი აქტიურობდნენ.

მათმა აქტიურობამ ნაყოფი 67-ე წუთზე გამოიღო - გეგეჭკორმა, რომელიც მატჩის უდავოდ საუკეთესო ფეხბურთელი იყო, საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო ბურთი, დაამუშავა და გამოზომილი დარტყმით ანგარიში გახსნა.

"გურიამ" საფინალო შტურმის მოწყობა სცადა, რაც არ გამოუვიდა. მანამდე კი ლანჩხუთელთა შეტევები, ძირითადად, ეპიზოდურ ხასიათს ატარებდა. მოკლედ, ქომაგთა (რომლებიც კვლავ მრავლად იყვნენ) მხარდაჭერით, "მერანმა" უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა.

მატჩის შემდეგ:
ვლადიმირ ლობასი (მერანი): "ჩვენი გუნდი მეორე ტაიმში უპირატესობას დაეუფლა და გოლიც ამის ლოგიკური შედეგი იყო. მოხარული ვარ, რომ საშინაო მატჩში გამარჯვება მოვიპოვეთ. ჩვენ ეს დავიმსახურეთ".

თეიმურაზ ლორია (გურია): "გოლის გატანის შანსი ჩვენც გვქონდა, თუმცა, სამწუხაროდ, მისი რეალიზება ვერ მოვახერხეთ. მასპინძლებმა იბრძოლეს და დამსახურებული 3 ქულა მოიპოვეს. ვულოცავ "მერანს" ამ გამარჯვებას".

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXI ტური
22.03. მარტვილი. "მურთაზ ხურცილავა". 2 000 მაყურებელი
მერანი-გურია 1:0
გოლი: 1:0 გეგეჭკორი (67)

მერანი (4-4-2): მამალაძე - მელიავა, ლომაშვილი, ორბელაძე, კიკნაველიძე - გეგეჭკორი, ჯღამაია, წურწუმია (83. ფიფია), ფონიავა - ლომია
(90. ქაჯაია), დ. ციცხვაია (55. შულაია).
სათადარიგოები: ბეგაშვილი, ი. ციცხვაია, გეგია, კუშნირი
მწვრთნელი: ვლადიმირ ლობასი
გურია (4-5-1): იმერლიშვილი - ცინცაძე, ჭეიშვილი, მჭედლიშვილი, კილაძე - გაბრიჩიძე (80. წილოსანი), ზოზულია, კოშკაძე, ისიანი (79. ინგოროყვა), შალამბერიძე - მათიაშვილი.
სათადარიგოები: ურუშაძე, გოგიაშვილი, მოსიაშვილი, ბენაშვილი, წაწანიძე
მწვრთნელი: თეიმურაზ ლორია
გაფრთხილება: მჭედლიშვილი (34), კიკნაველიძე (45), ცინცაძე (50), კილაძე (53), ლომაშვილი (60), ინგოროყვა (85)
არბიტრი: გ. დოგრაშვილი.

მომდევნო (XXII) ტური
3 აპრილი, პარასკევი
გურია-ვიტ ჯორჯია
ზუგდიდი-ცხინვალი
სამტრედია-შუქურა
ზესტაფონი-მეტალურგი
ჩიხურა-მერანი
სიონი-კოლხეთი
დინამო (ბთ)-ტორპედო
დინამო (თბ)-დილა.

ბომბარდირები:
ი. მოდებაძე (დილა) 10
ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10
ო. კვერნაძე (ტორპედო) 8
დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 8
ნ. კვეკვესკირი (დილა) 7
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 7
ნ. საბანაძე (დინ. თბ/ტორპ) 7
თ. მუმლაძე (ჩიხურა) 7
შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული