გორის მერი: ფეხბურთს ვერ მივატოვებთ!

AutoSharing Option
გორის "დილას" ბოლოდროინდელი მიღწევები ქალაქში ფეხბურთის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. გუნდის წარმატებები თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართულ ყველა კალენდარულ მატჩში დასწრების მაღალ მაჩვენებელზეც აისახება.

"დილას" ქალაქის მერია პატრონობს. ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს, ხელი შეუწყოს გორულ კლუბს ქვეყნის ჩემპიონატის ლიდერთა შორის ადგილის დამკვიდრებაში. მოხდა კლუბის რეორგანიზაცია და გარკვეული სიახლეები არის დაფინანსებასთან დაკავშირებითაც.

ამ თემებზე გორის მერს, ზურაბ ჯირკველიშვილს ვესაუბრეთ...

- ბატონო ზურაბ, ქალაქის მერია, შესაძლებლობის ფარგლებში, "დილას" ნორმალურად აფინანსებს, მაგრამ ყოველი წელიწადის, აგრეთვე, საფეხბურთო სეზონის მიწურულს, კლუბი და მისი გულშემატკივრები გარკვეული შიშით
ელოდებიან და სვამენ კითხვას - რა იქნება შემდეგ?

- ფეხბურთის ფედერაციის წესებით, უმაღლეს ლიგაში რომ გუნდმა ითამაშოს, საჭიროა 18-თვიანი საგარანტიო ფურცელი, მუნიციპალიტეტში კი ბიუჯეტი, მოგეხსენებათ, ერთი წლით მტკიცდება. შესაბამისად, 18-თვიან ფინანსურ გარანტიას ვერავის მივცემთ. ერთადერთი გარანტია ისაა, რომ შეგვიძლია შევქმნათ კლუბის მხარდაჭერის გრძელვადიანი პროგრამა.

მე, როგორც ქალაქის მერს, დარჩენილი მაქვს პოსტზე მუშაობის სამი წელიწადი და, ცხადია, მხოლოდ აქედან გამომდინარე შემიძლია ვიმოქმედო. გვინდა შევიმუშაოთ სამწლიანი პროგრამა და რამდენად შევძლებთ მის განხორციელებას, დრო გვიჩვენებს. დღესდღეობით, "დილა", თავისი წარმატებებიდან გამომდინარე, ნამდვილად არ არის მისატოვებელი და არც არავინ აპირებს მის მიტოვებას.

- ცოტა ხნის წინათ, კლუბში განხორციელებული გარკვეული ცვლილებებით კმაყოფილი ხართ?
- რაც შეგვიძლია, ვაკეთებთ. მოვახდინეთ კლუბის ოპტიმიზაცია, შევამცირეთ ხარჯები, შტატები. პროცესი ჯერ არ დასრულებულა. ვფიქრობ, ბავშვთა საფეხბურთო სკოლა უნდა გამოეყოს გორის "დილას" და ეს უკანასკნელი დარჩეს კლუბად. მათი გაერთიანება არ იყო სწორი გადაწყვეტილება.

საფეხბურთო სკოლა ჩვენი მოსავლელია, ისევე, როგორც სხვა სპორტული სკოლები. მასობრიობისთვის ქალაქის ხელმძღვანელობა ბევრს აკეთებს სპორტის სხვა სახეობებშიც და საკმაოდ დიდ რესურსს დებს სპორტსმენთა განვითარებაში. არ შეიძლება, რომ გუნდში იზრდებოდეს ფეხბურთელი და მერე, კომპენსაციის გარეშე, სხვაგან მიჰყავდეთ. მის აღზრდა-განვითარებაში ხომ უზარმაზარი ფინანსური რესურსი, ენერგია იხარჯება და არასწორია, რომ ვინმეს გაწეული შრომა წყალში ჩაიყაროს.

- ამას წინათ, საკრებულოს ბიუროს სხდომაზე დეპუტატებთან მსჯელობდით მაისის, ანუ მიმდინარე ჩემპიონატის დასრულების შემდეგ "დილას" დაფინანსების თაობაზე...
- დიახ. მიმდინარე ჩემპიონატის ბოლოს, მაისში გამოჩნდება, რა თანხით დავაფინანსებთ წლის ბოლომდე "დილას". თუ კლუბი ევროთასზე გავა, დაფინანსება გაიზრდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიდგომა შეიცვლება.

თუ გვინდა, გვყავდეს ამბიციური კლუბი, რომელიც ევროტურნირში ასპარეზობს, მაშინ მას წელიწადში 2 მილიონი სჭირდება. ამაზე მეტის გაღება ქალაქის ბიუჯეტიდან გამომდინარე, წარმოუდგენელია, თუმცა ესეც არ არის ადვილად გასაცემი თანხა ქალაქისთვის. მინდა, აღვნიშნო, რომ კლუბის ამ დონეზე შენარჩუნებას გორის მთელი ბიუჯეტის 15% ხმარდება.

საზოგადოდ სპორტში კი ბიუჯეტის 20% იხარჯება. ეს მაჩვენებელი რომ კიდევ გავზარდოთ, რა პასუხი გავცეთ პენსიონერებს, სოციალურად დაუცველებს, ან სხვა სფეროს წარმომადგენლებს? ვითვალისწინებთ იმას, რომ ფეხბურთი არის ერთეული გამონაკლისი. ეს არის სოციალური მოვლენა და ვცდილობთ, მას გვერდში დავუდგეთ.

- კლუბის გაყიდვა ალბათ ისევ დგას დღის წესრიგში, მაგრამ დაინტერესებული პირი ან კომპანია არ ჩანს...
- საქართველოში ფეხბურთი, სამწუხაროდ, არ არის იმ დონეზე, რომ თუნდაც ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერი კერძო ბიზნესმენმა იყიდოს და იქ ფულის ჩადება გადაწყვიტოს. ასეთი ნაბიჯი მხოლოდ ყოფილმა სპორტსმენმა, ან ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებულმა ადამიანმა შეიძლება გადადგას.

სამწუხაროდ, ასეთი ადამიანი ჯერჯერობით ვერ მოიძებნა. მუნიციპალურ დაფინანსებაზე მყოფი ნებისმიერი კლუბი საქართველოში იმსახურებს ხელშეწყობას. მაგრამ მოდით, დავფიქრდეთ - ღმერთმა დაგვიფაროს და, ერთ დღეს ხომ შეიძლება სტიქია ან რაიმე უბედურება მოხდეს, რა დროსაც ქალაქის ხელმძღვანელობა თანხების გამონახვისას დადგება არჩევანის წინაშე და, შესაძლოა, მოგვიწიოს იმ თანხის აღება, რაც, მაგალითად, "დილასთვის" გვქონდა გამიზნული.

საცოდაობა არ იქნება კლუბის მიტოვება? გარემოებამ რომ გვაიძულოს იმ ფულის დახარჯვა, რომელიც ფეხბურთისთვის გვქონდა გათვალისწინებული, რის იმედად უნდა დარჩეს კლუბი?

სხვათა შორის, აქვე მინდა მოვუწოდო ჩვენი გუნდის გულშემატკივრებს, რომ ქომაგობის გარდა, კიდევ გაიღონ რამე გუნდის შესანარჩუნებლად. მაგალითად, შემოვიღოთ წესად ბილეთის შეძენა მატჩებზე დასასწრებად. ამასთან, იქნებ, გორის "დილას" მხარდამჭერთა ერთგვარი ორგანიზაციაც შეიქმნას, რომელიც გარკვეულ თანხას შესწირავს კლუბს. დაბეჭდონ და გაყიდონ კლუბის ატრიბუტიკა - მაისურები, შარფები, კეპები... აქედანაც გარკვეული შემოსავალი შევა კლუბის სალაროში.

- ეს ერთი სეგმენტია პრობლემის მოგვარებისა, მაგრამ უფრო კომპლექსურად გამოსავალს რაში ხედავთ?
- საკლუბო სისტემა არის გამოსავალი, უკეთესი გზა სპორტის განვითარებისთვის. სპორტში უზარმაზარი ფული ტრიალებს. ის უნდა გადავიდეს კლუბურ სისტემაზე და ობიექტურად უნდა მოხდეს ფულის გადანაწილება ყველა დონეზე, ყველა კომპონენტზე...

ქვეყანაში ცოტა გვყავს წარმატებული სპორტსმენები ამა თუ იმ სახეობაში? ჰოდა, შექმნან მათ კლუბები და მასობრივ სპორტს მიხედავს სახელმწიფო. ასეთი მიდგომა საჭიროა არა მხოლოდ ფეხბურთის, არამედ სხვა სახეობებისთვისაც.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
საგოლ, კარგი კაცი ხარ, მოგბადზონ სხვებმა.
malxazi
13:06 05-04-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული