დინამო (თბ)-დილა 2:2 - ორმხრივი კმაყოფილება? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ "საჩემპიონო რბოლა" ბოლო ტურებამდე გაგრძელდება და მოვლენების ისეთ განვითარებასაც ნუ გამოვრიცხავთ, პირველი ადგილი დამატებითმა მაჩვენებლებმა გადაწყვიტოს!

შეგახსენებთ, რომ თანაბარი ქულების შემთხვევაში, უმთავრესი პრიორიტეტი ურთიერთშეხვედრებია და ამ მაჩვენებლით "დილას" უპირატესობა ექნება "დინამოსთან" (შინ - 0:0, სტუმრად - 2:2).

სწორედ ამიტომაც იყვნენ კმაყოფილნი "დილას" მწვრთნელ-ფეხბურთელები ტურის და, ალბათ, მეორე წრის ცენტრალური მატჩის დასრულების შემდეგ: არწაგება მათთვის ხომ სასურველი შედეგი უნდა ყოფილიყო. თუმცა, მთლად უკმაყოფილო არც მასპინძლები უნდა დარჩენილიყვნენ: ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ამ ერთი ქულით "დინამომ" ერთი
ტურით დაკარგული ლიდერობა დაიბრუნა და ზედიზედ მესამე ტრიუმფისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.

...როგორც მოსალოდნელი იყო, ლიდერთა დაპირისპირება დაძაბული გამოდგა და თამაშის "სცენარიც" 90 წუთის განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალა; თავდაპირველად "დილას" სრული უპირატესობა ჰქონდა, თუმცა გოლის მერე უჩა სოსიაშვილის გუნდი რატომღაც "მიღწეულით დაკმაყოფილდა" და მეტოქეს თამაშის გათანაბრების საშუალება მისცა.

აი, მეორე ტაიმში კი, ტერიტორიულ უპირატესობას "დინამო" დაეუფლა და სტუმართა კარში გატანილი მართლაც ეფექტური გოლი ლოგიკურიც იყო, მაგრამ მასპინძელთა უკანახაზელთა მორიგმა შეცდომამ "დილას" ქულა მოუტანა.

წინა ტურთან შედარებით, ორივე გუნდის ძირითადში რამდენიმე ცვლილება ვიხილეთ და, უპირველეს ყოვლისა, გიორგი პაპუნაშვილის დაბრუნება გვინდა აღვნიშნოთ: დინამოელთა 19 წლის შემტევმა ზამთრის პაუზის მერე პირველად ითამაშა.

სამაგიეროდ, ტრავმების გამო მასპინძლებს საბა ლობჟანიძე და მანუელი ვერ ეხმარებოდნენ, არადა, ორივე ამ ფეხბურთელს კახა გოგიჩაიშვილის გუნდის შეტევის ხაზში უმნიშვნელოვანესი ფუნქციები აკისრიათ.

გარკვეული გადაადგილებები ვიხილეთ სტუმართა გუნდშიც. თუმცა, ამ ცვლილებებს ნამდვილად არ უმოქმედია ნეგატიურად "დილას" აგრესიულ სათამაშო სტილზე: მატჩის საწყისი წუთები ხომ მათი დომინირებით აღინიშნა. უფრო მეტიც: "დილამ" ერთიმეორეზე მწვავე იერიშები განახორციელა (განსაკუთრებით - მარჯვენა ფლანგიდან) და სტუმრებს ეს აქტიურობა დაუფასდათ კიდეც: სლავკო მარიჩმა მარჯვენა ფლანგიდან სტანდარტული შეასრულა და დინამოელთა ცენტრალურ მცველს, გიორგი გველესიანს ბურთი საკუთარ კარში "აეჭრა"!

პირველ ტაიმში სტუმრებს კიდევ რამდენჯერმე ჰქონდათ გოლის გატანის შანსი: ერთ ეპიზოდში ლაშა გვალიას გამჭოლი გადაცემის შემდეგ კინაღამ მეორე "ავტოგოლიც" ვიხილეთ; კარგად გააზრებული კომბინაციის მერე ალან ბაგაევი რომ კარში ურტყამდა, ის მომენტიც აღსანიშნავია; ასევე, ის ეპიზოდი, როცა დავით ხურცილავას სახიფათო რეიდის მერე მიხაილ გორელიშვილი ხელსაყრელი პოზიციიდან ცდილობდა გოლის გატანას.

სხვათა შორის, ამ ეპიზოდს სტუმარ ფეხბურთელთა პროტესტიც მოჰყვა, თუმცა, ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ ახალგაზრდა არბიტრმა გოგა კიკაჩეიშვილმა დავით ხურცილავა გააფრთხილა. რაც შეეხება მასპინძლებს, საკუთარ კარში მიღებულ გოლამდე ერთადერთი დასამახსოვრებელი ის გააკეთეს, სტეფან ბუკორაცი შეუჩერებლად რომ გზავნიდა ბურთს მეტოქის კარისკენ.

ბევრად უფრო სახიფათო იყო გიორგი ჩირგაძის თავური დარტყმა, როდესაც ბურთი "დილას" კარს ზემოდან ასცდა.

აი, გოლი კი მასპინძლებმა მშვენიერი კომბინაციის შედეგად გაიტანეს: ჯაბა ჯიღაურმა ეფექტური რეიდი განახორციელა მარჯვენა ფლანგზე, პასიც ჩინებული გააკეთა და არანაკლებ ოსტატური იყო ვახტანგ ჭანტურიშვილის პირველი გოლიც "დინამოს" მაისურით.

Sportall.Geმოკლედ, შესვენებაზე გუნდები საყაიმო ანგარიშით წავიდნენ და ამ შესვენებაზე ყურადღების ცენტრში გივი კვარაცხელია მოექცა: ქართული ფეხბურთის ამ დამსახურებულმა ვეტერანმა ხანგრძლივი კარიერა სულ ახლახან დაამთავრა და "დინამოს" დირექტორისგან, ნიკა ჯღარკავასგან სამახსოვრო საჩუქარიც მიიღო!

...მეორე ტაიმის საწყისი წუთებიდანვე "დინამოს" უპირატესობა გამოიკვეთა და ეს, დიდწილად, შეცვლაზე შემოსული ოთარ კიტეიშვილისა და ლაშა პარუნაშვილის დამსახურებაც იყო, რომლებიც თამაშში აქტიურად ჩაერთნენ.

ერთ ეპიზოდში გიორგი პაპუნაშვილმა იაქტიურა, მერე მათე ცინცაძის ჯარიმიდან დარტყმული ბურთი სტუმართა კარის ძელს მოხვდა; ის ეპიზოდიც უნდა გამოვარჩიოთ, ოთარ კიტეიშვილი რთული მდგომარეობიდან ქუსლით (!) რომ ცდილობდა ბურთის კარში გადაგზავნას.

ასეთ აქტიურობას მხოლოდ გოლი აკლდა და ისიც ვიხილეთ. თანაც, როგორი! ანუ მათე ცინცაძის შორეული პასიც იდეალური იყო და ვახტანგ ჭანტურიშვილის "მოჭრილი" დარტყმაც, სტუმართა გამოცდილი მეკარე გიორგი სომხიშვილი რომ ვერ გაუმკლავდა.

"დინამოს" კიდევ ერთი გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ ლაშა პარუნაშვილის საბოლოო დარტყმა არაზუსტი გამოდგა; არადა, ის კომბინაცია, რომელშიც გიორგი პაპუნაშვილი და ოთარ კაკაბაძე მონაწილეობდნენ, ნამდვილად თვალსასეირო იყო.

"დილას" მეორე ტაიმში ერთი სახიფათო შეტევაც არ გაუკეთებია და ამიტომაც ლოგიკურად ჩანდა შეცვლები: ორივე გარემარბი, გამოცდილი რომან ახალკაციც და ახალგაზრდა გიორგი ერისთავი თამაშში აქტიურად ჩაერთნენ და თამაშის საბოლოო ანგარიში სწორედ ამ უკანასკნელმა დააფიქსირა.

თანაც, სტუმრებმა კვლავაც "სტანდარტულიდან" ნახეს სარგებელი: სლავკო მარიჩის ჩამოწოდების მერე მასპინძელთა უკანახაზელებმა ჯერ ალან ბაგაევს ვერ შეუშალეს ხელი, მერე კიდევ გიორგი ერისთავმა იყოჩაღა და არცთუ დამაჯერებლად მოთამაშე ლიბორ ჰრდლიჩკას კარში ბურთი ახლო მანძილიდან ზუსტად გადაგზავნა!

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXII ტური
03.04. თბილისი. "დინამო არენა". 2 000 მაყურებელი
დინამო (თბ)-დილა 2:2
გოლები: 0:1 გველესიანი (11-საკ. კარში), 1:1 ჭანტურიშვილი (19. ჯიღაურის პასით), 2:1 ჭანტურიშვილი (69. ცინცაძის პასით), 2:2 ერისთავი (81)
დინამო (თბ) (4-2-3-1): ჰრდლიჩკა - კაკაბაძე, გველესიანი, რენე ფერეირა, თოთაძე - ბუკორაცი (62. პარუნაშვილი), პაპუნაშვილი (87. შერგელაშვილი), ჯიღაური (55. კიტეიშვილი), ჭანტურიშვილი - ჩირგაძე.
სათადარიგოები: ტაბატაძე, გ. ჯანელიძე, ვოლკოვი, დაუშვილი
მწვრთნელი: კახა გოგიჩაიშვილი
დილა (4-1-3-2): სომხიშვილი - ხურცილავა, ქარქუზაშვილი, ბაგაევი, მარიჩი - ფალავანდიშვილი - გვალია, წიქარიძე (69. ახალკაცი), სეთურიძე (77. ერისთავი) - გორელიშვილი (87. კვეკვესკირი), მოდებაძე.
სათადარიგოები: კვახაძე, ხიდეშელი, თექთურმანიძე, მიგინეიშვილი
მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
გაფრთხილება: ხურცილავა (36), მოდებაძე (43), რენე ფერეირა (43), პაპუნაშვილი (78), კაკაბაძე (87)
არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი.

ბომბარდირები:
ი. მოდებაძე (დილა) 10
ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10
ო. კვერნაძე (ტორპედო) 9
დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 8
შ. ლომია (ზუგდიდი) 8
ნ. კვეკვესკირი (დილა) 7
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 7
თ. კაპანაძე (სამტრედია) 7
ნ. საბანაძე (დინ. თბ/ტორპ) 7
თ. მუმლაძე (ჩიხურა) 7
დ. ცნობილაძე (მეტალ./სიონი) 6
გ. ილურიძე (ზესტაფონი) 6
გ. ბერიაშვილი (დინამო (ბთ) 6
კ. შალამბერიძე (გურია) 6
ი. სიხარულიძე (ზესტაფონი) 6
შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს

7 აპრილი, სამშაბათი
საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი. 1/2-ფინალი. პირველი მატჩები

XXIII ტური
11 აპრილი, შაბათი
დინამო (ბთ)-სამტრედია
დილა-სიონი
კოლხეთი-ზესტაფონი
ცხინვალი-გურია
მეტალურგი-შუქურა
ტორპედო-ზუგდიდი
ვიტ ჯორჯია-ჩიხურა
მერანი-დინამო (თბ)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული