და აი, ამ დღეებში გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ საფეხბურთო კლუბ "დილას" ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობის 3-წლიან პროგრამაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.
პროგრამის მიხედვით, გორის მერიას განსაზღვრული აქვს 2015 წლის 1-ლი იანვრიდან 2018 წლის 1-ელ იანვრამდე საფეხბურთო კლუბ "დილასთვის" საჭირო ხარჯთაღრიცხვა. დოკუმენტში ნაჩვენებია შესაბამის პერიოდში კლუბის შტატიან და უშტატო თანამშრომელთათვის გამოყოფილი ხელფასები, აგრეთვე - კვების, მივლინების, ოფისის, ავეჯის,
დოკუმენტის მიხედვით ვიგებთ, რომ წლეულს, 1-ლი იანვრიდან 31 მაისამდე, ანუ მიმდინარე საფეხბურთო სეზონის ბოლომდე კლუბი 1 227 515 ლარს მიიღებს. ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ პერიოდში და უშუალოდ მომავალი ჩემპიონატის პირველი წრის მიმდინარეობისას, ანუ 1-ლი ივნისიდან 31 დეკემბრამდე - 984 831 ლარს.
შესაბამისად, 2015 წელს ფეხბურთის განვითარების ხელშესაწყობად გორის მერია 2 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს.
ცხადია, ამ პროგრამის ამოქმედება მისასალმებელი ფაქტია და მეტყველებს იმაზე, რომ გორის მერია რეალურად ზრუნავს საფეხბურთო კლუბის მხარდასაჭერად.
"დილას" ხელმძღვანელობას გასულ წლებში არაერთხელ განუცხადებია, რომ ფინანსური გარანტიის მხოლოდ ნახევარ წელიწადზე გათვლილი გეგმა კლუბის ადმინისტრაციასა და ფეხბურთელებს მშვიდად მუშაობის საშუალებას არ აძლევდა. ჩანს, გორულ კლუბს დღესდღეობით უკვე ამ თვალსაზრისით შეუძლია მშვიდად იყოს და გაორმაგებული ენერგიით იბრძოლოს ქვეყნის ჩემპიონის ტიტულისთვის.
საყურადღებოა ისიც, რომ გორი - 2017 წელს 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საქართველოში გასამართავი ფინალური ეტაპის მასპინძელ ოთხ ქალაქს შორისაა. ამ ჩემპიონატის ღირსეულად მასპინძლობისთვის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე მნიშვნელოვანი სამუშაოების ჩატარება იგეგმება, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავი იქნება სტადიონის ჩრდილოეთ ტრიბუნის აგება, ღამის განათებისა და ახალი ტაბლოს დამონტაჟება.
ეს სამუშაოები, სავარაუდოდ, უკვე ცენტრალური ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს.
თუ გორის მერიის 3-წლიანი პროგრამა შეუფერხებლად იმუშავებს, საფეხბურთო კლუბი სწორად და პრაგმატულად გახარჯავს მის ხელთ არსებულ თანხას და სტადიონის კეთილმოწყობის პროცესიც წარმატებით განხორციელდება; გორს მიეცემა სერიოზული შანსი, უახლოეს წლებში ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ სერიოზულ კერად იქცეს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"