უჩა სოსიაშვილი: "დილას" ევროასპარეზზე ორი ეტაპის გავლა შეუძლია

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს ერთი თვითმყოფადი გუნდი და მწვრთნელი ჰყავს. გორის "დილა" და მისი 25 წლის დამრიგებელი უჩა სოსიაშვილი ქართული საფეხბურთო თემის კეთილგანწყობას იმსახურებენ.

შემოქმედებითი ფეხბურთის სიყვარული და ასეთივე მოთამაშეების თავმოყრა გუნდში - ახალგაზრდა სპეციალისტს ბევრისგან ეს გამოარჩევს.

საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ტურში სოსიაშვილის გაწვრთნილი "დილა" მარადიულ ფავორიტ თბილისის "დინამოს" საქართველოს დედაქალაქში დაუზავდა...

- თბილისის "დინამოსთან" თამაში ყველა ქართველი მწვრთნელისა თუ ფეხბურთელისთვის განსაკუთრებულ მოტივაციას წარმოადგენს. ასე იყო ჩვენს შემთხვევაშიც. ვფიქრობ, მაყურებელი კმაყოფილი დარჩა - გულშემატკივარმა იხილა გახსნილი, სანახაობრივი ფეხბურთი და ამასთან ერთად,
ბევრი მომენტი და ოთხი გატანილი გოლი.

- მატჩის შედეგი კანონზომიერად მიგაჩნიათ?
- ჩვენს კარში გატანილი ორი გოლი ორ უხეშ შეცდომას მოჰყვა. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ მცველისა და მეკარის შეცდომებს. არავისზე არ ვტეხ ჯოხს - ფეხბურთს 11 კაცი თამაშობს და ყველა შეიძლება შეცდეს. ჩვენი გოლები, რომლებიც სტანდარტის შედეგად გავიდა, ასევე, გარკვეულწილად, განპირობებული იყო მეტოქის შეცდომებით.

მოკლედ რომ გითხრათ, შედეგი აბსოლუტურად კანონზომიერად მიმაჩნია.

- სანამ სხვა თემებზე ვიტყოდეთ, გულწრფელად გვითხარით, რა არის "დილას" მიზანი საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატში?
- ისე მოიტანა სიტუაციამ, რომ ჩვენი მიზნები ჩემპიონატის მსვლელობისას იცვლებოდა. დავიწყოთ თავიდან. თავდაპირველად, ჩემპიონატი რომ დაიწყო, ისეთი ფინანსური მდგომარეობა გვქონდა, რომ მხოლოდ უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებას თუ დავისახავდით მიზნად. მერე დრო გავიდა და პირობები გაგვიუმჯობესდა. მიზნად ევროტურნირებზე გასვლა დავისახეთ. ახლა ჩემპიონობის შანსი არის და რადგანაც ეს არის, მის გამოსაყენებლად ბოლომდე ვიბრძოლებთ.

საერთოდ, მე ასე მგონია - არც გუნდი და არც მწვრთნელი არ უნდა შეიზღუდოს მიზნებში.

- უნდა გკითხოთ "დილას" ლეგიონერებზე. რამდენად გაამართლეს თქვენი მოლოდინი ბაგაევმა, მარიჩმა და გორელიშვილმა? ეს უკანასკნელი ხომ ადრეც იყო "დილაში" და რუსეთის მოქალაქეა...
- განსაკუთრებით მინდა გამოვარჩიო ბაგაევი და გორელიშვილი. ორივე მათგანმა სრულად გაამართლა ჩვენი მოლოდინი. რაც ეს ორი ფეხბურთელი გუნდშია, მათ ყველა მატჩი ძირითად შემადგენლობაში ჩაატარეს. გორელიშვილი ერთადერთხელ შევიდა შეცვლაზე და ეს იყო საჩხერის "ჩიხურასთან" შეხვედრაში. ეს კარგად მეტყველებს იმაზე, თუ რა როლი აქვთ "დილაში" ამ მოთამაშეებს.

რაც შეეხება ჩვენი გუნდის სერბ ლეგიონერ მარიჩს, ის თავიდან ვერ ხვდებოდა ძირითად შემადგენლობაში. მას და ჩვენი გუნდის წევრ ჯაფარიძეს დიდი კონკურენცია აქვთ ძირითადში მოსახვედრად და ვფიქრობ, შანსები თანაბარია.

- "დილას" ორჯერ ცოტა დააკლდა ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპამდე. თქვენი აზრით, ამ ფორმაციის გუნდს რა შეუძლია?
- მაშინ რა სიტუაცია იყო და რა დაფინანსება ჰქონდა გუნდს, ეს ყველამ ვიცით. ჩემი პირადი აზრია - ამ ფორმაციის "დილას", იღბლიანი წილისყრის შემთხვევაში, შეუძლია, ევროთასების მინიმუმ ორი ეტაპის დაძლევა. კიდევ ერთხელ ვამბობ - დიდი მნიშვნელობა ექნება წილისყრას.

რაც შეეხება ევროთასებზე ჩვენს ასპარეზობას, ჯერ მორჩეს სეზონი. ვნახოთ, საბოლოოდ რომელ ადგილს დავიკავებთ სატურნირო ცხრილში და რა მიზნები დაისახება საევროპოდ. ერთი კი ვიცი, რომ გუნდი ცოცხალი ორგანიზმია და მას ყოველთვის სჭირდება გაძლიერება. რა თქმა უნდა, ევროთასებისთვის შევსება დაგჭირდება.

- საქართველოს ჩემპიონატზეც უნდა გკითხოთ აზრი. როგორ ფიქრობთ, გაამართლა 16-გუნდიანმა პირველობამ?
- ჩემი აზრით, გაამართლა. მე ასე ვხედავ ამ საკითხს - გამოჩნდა ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი და... თუნდაც - მწვრთნელი. მათ ადრე არ ეძლეოდათ უმაღლეს ლიგაში თავის წარმოჩენის საშუალება.

ავიღოთ, მაგალითად, ჩვენი გუნდი. ახალგაზრდა ფეხბურთელთაგან დაწინაურდნენ ერისთავი, ფალავანდიშვილი, წიქარიძე, კურმაშვილი... ეს უკანასკნელი მხოლოდ 16 წლისაა და ძირითად შემადგენლობასთან ერთად ვარჯიშობს. გავრისკავ და ვიტყვი - რომ არა გუნდების რაოდენობის გაზრდა, 10-გუნდიან პირველობაზე ეს ბიჭები ვერ წარმოჩნდებოდნენ. გარდა ამისა, კიდევ არის რამდენიმე ფაქტორი.

- რას გულისხმობთ?
- ჯერ ერთი, ყველა გუნდში დაწინაურდა ახალგაზრდა, პერსპექტიული ფეხბურთელების მთელი წყება. გარდა ამისა, აღარ არის იოლი თამაშები საქართველოს ჩემპიონატში. ვერ იტყვი და ივარაუდებ, ვინ ვის მოუგებს.

აუცილებლად უნდა ითქვას ჩვენი გუნდების დაკომპლექტების მომენტზეც. ყველა კლუბში არის 5-6 ლიდერი და ამასთან ერთად, ფართო გზა ეხსნებათ ახალგაზრდებს. არ ვიცი, ვინ როგორ, მაგრამ მე ქართული ფეხბურთის ხსნისა და გაჯანსაღების გზას, სხვა ფაქტორებთან ერთად, ამ ახალგაზრდა ფეხბურთელების დაწინაურებაშიც ვხედავ.

- ახალგაზრდა კადრებზე ჩამოვარდა სიტყვა და, "დილას" წარმატებულ მენეჯმენტს რას უკავშირებთ?
- გიორგი ტუღუშის ფაქტორს. მისი როლი ამ გუნდის წარმატებაში არის უდიდესი. მან დაასრულა მენეჯერის კურსები, ფლობს პროლიცენზიას, იცის კლუბის "შენება" და მართვა.

საერთოდ, ქართულ ფეხბურთს ძალიან სჭირდება ახალგაზრდა, პროგრესული, სისუფთავეზე ორიენტირებული კადრები.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მე სიონთან თამაში ვნახე და თუ იმას გულისხმობს, იმ თამაშით ერთ ეტაპსაც ვერ გაივლიან. თუმცა მე ვისურვებდი არა თუ 2 ეტაპის, არამედ ჯგუფში მოხვედრას
0
დილა მაგარია! წინ ჩემპიონობისკენ
nika
21:07 11-04-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული