გორის "დილას" ახალწვეულს ამდენ ხანს თამაშის საშუალებას სეზონის დაწყებამდე მიღებული ტრავმა არ აძლევდა. შევიტყვეთ, რომ ირაკლიმ ინდივიდუალურად დაიწყო ვარჯიში და დავუკავშირდით კიდეც 26 წლის საყრდენ ნახევარმცველს, ვისაც საქართველოს ნაკრებში 7 მატჩი უთამაშია და 1 გოლი გაუტანია...
- ირაკლი, თავდაპირველად ის გვითხარით, ტრავმა რა ვითარებაში მიიღეთ?
- მოგეხსენებათ, სეზონის დაწყების წინ პერმის "ამკარის" შემადგენლობაში ვემზადებოდი. ეს მოხდა ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ. წვრთნა უკვე დასრულებული
- რომ არა ეს ტრავმა, "ამკარის" შეფობა კარგი თვალით გიყურებდათ?
- კი, ამ გუნდში ჩემი დარჩენა გადაწყვეტილი იყო. ის კი არა, ტრავმა რომ მივიღე, გაჯი გაჯიევი ამის მერეც ამბობდა, დავიტოვოთ ძარიაო, მაგრამ მერე ტრავმის სირთულე დადგინდა და...
- რას იტყვით ამ ფორმაციის "დილაზე"?
- გუნდი საქართველოს ჩემპიონობისთვის იბრძვის და ამით ყველაფერია ნათქვამი. სეზონის პირველ ნახევარში კლუბში ფინანსური მდგომარეობა არ იყო მთლად კარგი. ახლა შემადგენლობა უკეთესია, ფინანსური მდგომარეობა კი - სტაბილური. "დილა" ბოლომდე იბრძოლებს საქართველოს ჩემპიონობისთვის, მაგრამ მთავარი მიზანი მაინც ევროპალიგის საგზურის მოპოვებაა.
- საჩემპიონო რბოლა ძალიან დაძაბულია. ელოდით, რომ პირველობისთვის ეს გუნდები იბრძოლებდნენ?
- მართლაც ძალიან დაძაბული ჩემპიონატი გვაქვს. ერთბაშად ოთხი გუნდი აცხადებს პრეტენზიას საქართველოს ჩემპიონობაზე - "დინამო", "დილა", "ბათუმი" და "სამტრედია".
სხვათა შორის, პირველ წრეში "დინამოში" რომ ვიყავი, ზუსტად ეს ოთხი გუნდი მესახებოდა ჩემპიონობის პრეტენდენტად. ბრძოლა ბოლომდე გასტანს, ამის მჯერა. და კიდევ, ამ ბრძოლიდან "სამტრედიის" ჩამოწერა არ შეიძლება. ისეთი ფეხბურთელები ჰყავს ამ გუნდს და იმხელა გამოცდილება უმაგრებს მათ ზურგს, რომ ვფიქრობ, ისინიც იბრძოლებენ ქართული ოქროსთვის.
- თქვენს მდგომარეობას დავუბრუნდეთ. ვარჯიში უკვე დაიწყეთ?
- ჯერ მხოლოდ ინდივიდუალურად. მალე გუნდთან ერთადაც ვივარჯიშებ. გადაწყვეტილია, რომ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრაში ჩემს ყოფილ კლუბს, "ზესტაფონს" ვერ დავუპირისპირდები. აი, მერე კი მოსალოდნელია ჩემი დაბრუნება.
- ფეხბურთი ძალიან მოგენატრათ?
- ამ გრძნობას სიტყვებით ვერ გადმოვცემ. პირველად მოხდა ისე, რომ ტრავმის გამო ამხელა პერიოდი გამიცდა. ფეხბურთელზე კარგად ფეხბურთელისა არავის ესმის და ყოველთვის გულთან ახლოს მიმქონდა იმ მოთამაშეთა გაჭირვება, ხანგრძლივი ვადით რომ იყვნენ ჩამოშორებულნი აქტიურ ფეხბურთს. ახლა მაინც სხვანაირად განვიცადე მათი მდგომარეობა. ვთხოვ ღმერთს, ყველა დაიფაროს მძიმე ტრავმისგან!
- "დილაში" როგორ მიგიღეს? ადაპტაცია ხომ არ გაგჭირვებიათ?
- არა, ძალიან კარგი გუნდია. სამწვრთნელო შტაბი ისეთია, რომ სულ შემტევ ფეხბურთს ითხოვს. შემადგენლობა კარგია, არის კონკურენცია... "დილას" ხელმძღვანელობის უზომოდ მადლიერი ვარ. რაც ამ გუნდში მოვედი, სულ ტრავმირებული ვარ და მათგან თანადგომის მეტი არაფერი მიგრძვნია.
დღევანდელ ფეხბურთში ყველა ერიდება ტრავმირებული მოთამაშის აყვანას. "დილაში" უდიდესი სითბო ვიგრძენი და ვეცდები, გამოჯანმრთელებისთანავე კარგი თამაშით გადავუხადო მადლობა კლუბის ხელმძღვანელობასა და სამწვრთნელო შტაბს.
- თუ გუნდმა ევროთასების საგზური მოიპოვა, რისი ალბათობაც ძალიან დიდია, ალბათ, "დილაში" დარჩებით...
- კი, მე მინდორზე უნდა დავამტკიცო, რომ ამ გუნდისთვის რეალურად შემიძლია სარგებლობის მოტანა.
- ფაქტია, "დილაში" ისეთი კონტინგენტია თავმოყრილი, რომელიც ყველა მატჩში შემტევი, სანახაობრივი ფეხბურთის თამაშს ცდილობს...
- გუნდს აქცენტი სწორედ ასეთ ფეხბურთზე აქვს აღებული. რა თქმა უნდა, წარმატების მისაღწევად ბალანსი ყველა სათამაშო რგოლში აუცილებელია და ჩვენს გუნდშიც ასეა, თუმცა აქცენტი შემტევ ფეხბურთზე კეთდება.
- ცალკე უნდა გკითხოთ "დილას" მთავარ მწვრთნელზე, 25 წლის უჩა სოსიაშვილზე...
- ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის - მისი სახით ქართულ ფეხბურთს უაღრესად მცოდნე, ერუდირებული მწვრთნელი ეზრდება. მისი საფეხბურთო ფილოსოფია მაძლევს ამის თქმის საფუძველს. ნებისმიერი გუნდის წარმატებაში მწვრთნელის წვლილი უდიდესია და "დილაშიც" ასეა. რაც მთავარია, ეს არის მწვრთნელი, რომელიც ყოველდღიური პროგრესისა და განვითარებისკენ ისწრაფვის, რაც, ასევე, უმნიშვნელოვანესი ფაქტორი მგონია.
- საქართველოს ნაკრების ბოლო ორ მატჩს უყურეთ, ალბათ...
- რა თქმა უნდა, ვუყურე. მალტასთან ჩვენი უპირატესობა აშკარა იყო და გამიხარდა, ასე რომ ვაჯობეთ. არადა, დღეს ევროპულ სანაკრებო ფეხბურთში აღარ არის იოლი მეტოქე. გერმანიასთან რაც შეგვეძლო, ის ვითამაშეთ. უძლიერესი მოწინააღმდეგე გვყავდა.
- გჯერათ ქართული ფეხბურთის, საქართველოს ნაკრების უკეთესი მომავლის?
- თუ გადავხედავთ საქართველოს ნაკრების ამჟამინდელ შემადგენლობას, ამას დავამატებთ იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომლებიც ქვეყნის პირველი გუნდის კარზე აკაკუნებენ, დავინახავთ, რომ ჩვენ გვყავს ძალიან კონკურენტუნარიანი შემადგენლობა.
მინდა, თქვენი გაზეთის საშუალებით წარმატება ვუსურვო კახა ცხადაძეს, მის სამწვრთნელო შტაბს... საქართველოს ნაკრები არის ფენომენი, რომელიც ყველა ქართველისთვის განსაკუთრებული რამაა. მე მჯერა ჩვენი გუნდის, მისი პოტენციალის და იმისაც, რომ ერთად გავიხარებთ მისი წარმატებით...
- თქვენ 7 მატჩი ჩაატარეთ საქართველოს პირველი გუნდის შემადგენლობაში. ცხადია, არ გადაგიწურავთ ეროვნულ ნაკრებში დაბრუნების იმედი...
- ყველა მწვრთნელს თავისი შეხედულება აქვს ფეხბურთზე, თვითონ არჩევს სათამაშო ტაქტიკას. ჩემი და ყველა ქართველი ფეხბურთელის ვალია, იყოს მზად სანაკრებო გამოწვევისთვის. ჯერ დავბრუნდე და მჯერა, შევძლებ საქართველოს ნაკრებისთვის სარგებლობის მოტანას. თუ "დილასთან" ერთად ევროტურნირებზე კარგად ვითამაშე, ვფიქრობ, მექნება სანაკრებო შანსი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"