ჩიხურა-ცხინვალი 1:3 - მრისხანე მეზობელი

AutoSharing Option
ვერ გაუწია შესაფერისი მასპინძლობა "ჩიხურამ" ამ მატჩამდე თანაბარი ქულებით კარის მეზობელ "ცხინვალს", ვერაფერი დაუპირისპირა ყველა რგოლში კარგად დაბალანსებული მოწინააღმდეგის გააზრებულ თამაშს. სტუმრებმა კი, პირიქით, კარგად გამოიყენეს თავიანთი კოზირები, განსაკუთრებით - უპირატესობა სიმაღლეში, რის გამოც მათი ნადავლი იყო "პირველი ბურთების" აბსოლუტური უმრავლესობა, მათ შორის - ნაკუთხურალებიც. სწორედ კუთხურიდან გავიდა სამივე გოლი საჩხერელთა კარში.

არადა, მატჩის დასაწყისმა საწინააღმდეგო მოლოდინი გააჩინა: უკვე მე-6 წუთზე დობროვოლსკიმ გამიზნულად, ზუსტად უპასუხა კორიფაძეს. ამ უკანასკნელმა კარგად ჩაახვია კარისკენ და მეკარის სულ ოდნავი შეყოვნება საკმარისი აღმოჩნდა ტრაიანოვსკისათვის ერთი
მეტრიდან გოლის გასატანად. სხვა მომენტებში ძალიან საიმედოდ დაიცვა კარი ნადირაძემ და წილი დაიდო სტუმართა დამსახურებულ გამარჯვებაში.

არაფერს რომ არ დათმობდა, თავიდანვე შეეტყო "ცხინვალს", როცა მე-2 წუთზე მატჩის გმირმა ნიკა კაჭარავამ მშვენიერი სოლო-რეიდით კინაღამ გახსნა ანგარიში, მაგრამ მთელი მრისხანება მაინც გოლის გაშვების შემდეგ გამოავლინა, თუმცა ლამის მეორედ დაისაჯა მე-9 წუთზე განუგრავას უძლიერესი დარტყმით, რომელიც დიდი გაჭირვებით მოიგერია ნადირაძემ.

აქედან მოყოლებული, არაერთი ხიფათი შეიქმნა "ჩიხურას" კართან. კარგი მომენტებით ვერ ისარგებლეს ცერცვაძემ და შინდაგორიძემ. 28-ე წუთზე კი კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი თავით გადაამისამართა კარში მაისურაძემ.

42-ე წუთზე მცველმა "აჩუქა" ბურთი მანჯგალაძეს, მაგრამ საჩხერელთა ახალწვეულმა ვერ შეირგო. 43-ე წუთზე კაჭარავას საფირმო რეიდი ზარქუამ გააუვნებლა. 51-ე წუთზე ისევ კუთხური და ტანმაღალი კაჭარავას საუცხოო საგოლე ალღო - 2:1.

მატჩის გადარჩენისთვის ენერგიის გაორკეცება მართებდა "ჩიხურას". საამისოდ, ცდაც არ დაუკლია: 55-ე წუთზე, განუგრავას უძლიერესი დარტყმის შემდეგ, თითქმის უიმედო მდგომარეობიდან გამოიყვანა გუნდი ნადირაძემ. მანვე "მოწყვიტა" ტრაიანოვსკის ორი დარტყმა, ხოლო 63-ე წუთზე ისევ განუგრავას ყუმბარისებური გასროლის მოგერიებაში ძელი "დაეხმარა".

სულ ეს იყო. მეტისთვის საჩხერელებს ძალა აღარ ეყოთ და კვლავ იმატა ხიფათებმა მათ კართან. რამდენჯერმე კარგად გაისარჯა ზარქუა, მაგრამ 78-ე წუთზე ვერაფერი მოუხერხა ნაკუთხურალზე კაჭარავას ძალისხმევას, რომელმაც დიდოსტატურად, ქუსლით შეაგდო ბურთი კარში.

ორმხრივი სიმწვავე ბოლომდე გაჰყვა შეხვედრას, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXIV ტური
19.04. ივანწმინდა
ჩიხურა-ცხინვალი 1:3
გოლები: 1:0 ტრაიანოვსკი (6), 1:1 მაისაშვილი (28), 1:2 კაჭარავა (51), 1:3 კაჭარავა (76)
ჩიხურა: ზარქუა, ლუბჩაკი, ჭელიძე, განუგრავა, მანჯგალაძე (63. დეკანოიძე), მუმლაძე (29. კუჭუხიძე), კორიფაძე, ტრაიანოვსკი (77. ოდიკაძე), სარდალიშვილი, ჩიკვაიძე, დობროვოლსკი.
სათადარიგოები: ქვილითაია, ბაჯელიძე, კაკაშვილი, ივანიშვილი
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
ცხინვალი: ნადირაძე, ივანიშვილი (76. ლექვთაძე), ქარდავა, მახარობლიძე, შინდაგორიძე (68. ცაცკრიალაშვილი), ჯიშკარიანი (46. იმედაშვილი), მაისაშვილი, თარხნიშვილი, ცერცვაძე, კილასონია, კაჭარავა.
სათადარიგოები: ნანიევი, ბაჩიაშვილი, მარკოზაშვილი, ქოჩილაძე.
მწვრთნელი: კახი კაჭარავა
გაფრთხილება: თარხნიშვილი (45), განუგრავა (69), ჭელიძე (73), ლუბჩაკი (90)
არბიტრი: ადრიან აზოპარდი.

ბომბარდირები
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 10
ი. მოდებაძე (დილა) 10
ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10
ო. კვერნაძე (ტორპედო) 9
შ. ლომია (ზუგდიდი) 9
დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 8
ნ. კვეკვესკირი (დილა) 7
ნ. საბანაძე (დინ. თბ/ტორპ) 7
თ. კაპანაძე (სამტრედია) 7
თ. მუმლაძე (ჩიხურა) 7
შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს

მომდევნო (XXV) ტური
24 აპრილი, პარასკევი
დილა-შუქურა
ტორპედო-ჩიხურა
ვიტ ჯორჯია-სიონი
ცხინვალი-დინამო (თბ)
კოლხეთი-მეტალურგი
ზუგდიდი-სამტრედია

25 აპრილი, შაბათი
დინამო (ბთ)-გურია
მერანი-ზესტაფონი

28 აპრილი, სამშაბათი
საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი. 1/2-ფინალი. საპასუხო მატჩები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
"ნაკუთხურალი", რა ქართულია?!
გიორგი
18:23 20-04-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული