"ზუგდიდს" ევროსაგზურის მოპოვებაც შეუძლია! - გახდება შოთა ლომია ბომბარდირთა ლომი?

AutoSharing Option
"ზუგდიდი" ბოლოს 22 მარტს, "ვიტ ჯორჯიასთან" დამარცხდა (0:2). მას შემდეგ ბესიკ შეროზიას გაწვრთნილებმა ლიდერთა ჯგუფის წევრებს, "სპარტაკსა" და ბათუმის "დინამოს" მოუგეს (3:2, 2:1), გასვლაზე კი ბოლო დროს მადააღძრულ "ტორპედოს" ქულა აართვეს (0:0).

გუნდის კაპიტანი შოთა ლომია ბოლოდროინდელი წარმატებების მიზეზებზე გველაპარაკა:

"მიხარია, რომ ბოლო ხანს ლიდერების რისხვად ვიქეცით. პირველ წრეშიც კი, როცა საქმე ცუდად გვქონდა, გასვლაზე მაშინდელ ლიდერ "სამტრედიას" მოვუგეთ. მეორე წრეში კი ჩვენი გუნდი სულ წინ მიდის და ახლა ამა თუ იმ ლიდერთან ჩვენს გამარჯვებას სენსაციად არც თვლიან.

მონდომება არასოდეს
გვაკლდა, მაგრამ წარმატების მისაღწევად მხოლოდ ეს საკმარისი ვერ იქნება. მაგალითად, ბოლოს ბათუმის "დინამოს" მოვუგეთ, რომელიც გამართული გუნდია და შეცდომას არ გაპატიებს.

ბათუმელებთან მატჩისთვის წინასწარ ვემზადებოდით, რადგან ჩემპიონატის ლიდერი იყო და მასთან თავის გამოჩენა გვსურდა. ვიცოდით, რომ რთული მატჩი გვექნებოდა და ასეც მოხდა. ამ შეხვედრაში ისიც გამოჩნდა, რომ "ზუგდიდიც" აშკარად გაიზარდა და რომ სტაბილურმა გარემომ და კარგ პირობებში ვარჯიშმა შედეგი გამოიღო. ჩვენ ბოლო პერიოდში ისეთი სანერვიულო აღარ გვაქვს, როგორც წინა წლებში".

31 წლის გამოცდილი ნახევარმცველი მიიჩნევს, რომ დღევანდელ "ზუგდიდს" დიდი პოტენციალი აქვს:

"ჩვენს გუნდს აქვს იმის პოტენციალი, რომ მომავალ სეზონში სამეულში მოხვდეს. რაც მთავარია, ბესიკ შეროზიას ერთი დიდი პლუსი აქვს - სადაც მას უმუშავია, ყველა გუნდში ბიჭები ერთმანეთში მეგობრულად იყვნენ განწყობილნი, რადგან ახერხებდა კარგი ატმოსფეროს შექმნას - შედეგად კი ბრძოლისუნარიანი გუნდი ჰყავდა.

მაგრამ, რაც უნდა ნიჭიერი მოთამაშეები შეიკრიბონ, თუ კარგ პირობებსა და სტაბილურ გარემოს არ შეუქმნი, შესაძლებლობას ვერ გამოავლენენ.

საამისოდ, აუცილებელია სტაბილური დაფინანსება - რასაც ვამჩნევ, ჩვენთან გუნდის გასაძლიერებლად ყველაფერი კეთდება. პლუს, სტადიონის აშენებას აპირებენ, გუნდს რამდენიმე ბაზა გადაეცა, ფინანსური პირობების გაუმჯობესებაზეც არის ლაპარაკი. ამ ყველაფერს რომ ვხედავთ, ფეხბურთელებს გვიხარია და გვეიმედება, რომ ხვალ და ზეგ "ზუგდიდს" უკეთესი მომავალი ექნება.

იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ზუგდიდში უნიჭიერესი ბავშვები იზრდებიან და რაიონის რესურსით, ევროპალიგის საგზურის მოპოვება შესაძლებელია. ეს თითოეული ზუგდიდელის ოცნებაა და იქნებ ადრე თუ გვიან ეს ოცნება ავუხდინოთ კიდეც".

შოთა ლომიამ ბოლო ტურებში გუნდის წარმატებებში თავისი წვლილი შეიტანა. მან ბოლო სამ შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა. ბათუმელებთან მისივე წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გამოიყენა, უკანასკნელ წუთზე კი ლაშა კუკავამ ლომიას მიერ წამოწყებული შეტევა დააგვირგვინა.

შოთა ახლა ბომბარდირთა დავაში ქუთაისელ ოთარ კვერნაძესთან მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფს და დაწინაურებასაც იმედოვნებს:

"თავად ნახევარმცველი ვარ და ვერავინ იტყვის, რომ ჩემი ამპლუის მოთამაშეები ბომბარდირებში საერთოდ ვერ ხვდებიანო. პირადად მეც წლეულს ძალიან კარგ ფორმაში ვარ, რადგან, როგორც იქნა, გუნდმა შეკრება გაიარა და ეს თითოეულ ჩვენგანს დაგვეტყო.

ამას გარდა, შეტევებში ჩართვა ყოველთვის მიყვარდა. ახლა გუნდიც ხელს მიწყობს და მიხარია, ბომბარდირებში რომ დავწინაურდი. სამეულთან სულ ერთბურთიანი ჩამორჩენა მაქვს და სიმართლე გითხრათ, ბომბარდირებში მოხვედრის ისეთი სურვილი გამიჩნდა, დარჩენილ ტურებში შედეგის გასაუმჯობესებლად ყველაფერს გავაკეთებ.

ჩემპიონატის ბომბარდირებში მოხვედრა ყველა მოთამაშის ოცნებაა და რატომაც არა, ბოლომდე ვიბრძოლებ".

როგორც ცნობილია, ბომბარდირებში 10-10 გოლით სამი კაცი ლიდერობს - ჯაბა დვალი (რომელიც კარგა ხანია კიშინიოვის "დაჩიაშია" გადასული), გიორგი პაპუნაშვილი და ირაკლი მოდებაძე.

ცხადია, 24 ტურის შემდეგ ასეთი შედეგიანობა გამორჩეულად ვერ ჩაითვლება. "ზუგდიდის" კაპიტანი ამბობს, რომ მიზეზთა გამო ეს ლოგიკურია:

"წლეულს ბომბარდირების უმრავლესობა ან შუა სეზონისას დაშავდა, ან უცხოეთში წავიდა. მაგალითად, ტრავმის გამო გარკვეული დრო გაუცდათ ბომბარდირებში დაწინაურებულ მოდებაძეს, პაპუნაშვილსა და კვერნაძეს.

დიდი ხანია, "ზუგდიდს" ჩვენი საუკეთესო თავდამსხმელი ირაკლი ქობალია ვერ ეხმარება. დვალი და ჩისკო კი საქართველოდან წავიდნენ და არ მიკვირს, ბომბარდირებს ასეთი დაბალი მაჩვენებლები რომ აქვთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
კარგით რა,დაეშვით მიწაზე, მადაზე ბრიქაობა არ ვარგა.
ჩამოვა სამტრედია,წააგებთ და უცბად დაინახავთ რომ გასავარდნი ზონა გვერდითა გაქვთ. ჯერ გადახტით და მერე დაიძახეთ "ჰოპ"
გუადუა
18:42 22-04-2015
0
გუადუა-ლომია ბრექია არასდროს ყოფილა, სხვები ყვირიან ზომაზე მეტად, ხოლო ლომიას საუბარი მომავალს ეხება და არა ახლანდელს
sali
10:43 24-04-2015
0

სიახლეები პოპულარული