დღეს, 24 აპრილს, "სიონი" ექვსქულიან მატჩში დაუპირისპირდება "ვიტ ჯორჯიას".
ამ პატარა ინტერვიუში ბოლნისელთა მწვრთნელთან სხვადასხვა საკითხზე ვისაუბრეთ...
- დავიწყოთ ეროვნული ჩემპიონატის მორიგი ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩით - რომ იტყვიან, "ექვსქულიანი" თამაში გელით "ვიტ ჯორჯიასთან"...
- მეტოქედ ახალგაზრდა, სიმპათიური და მებრძოლი
- ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებთ?
- მხოლოდ ერთადერთი დანაკლისი გვაქვს - დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს გიორგი ცხადაია.
- როგორ აფასებთ "სიონისთვის" მიმდინარე სეზონს?
- იცით, გუნდი მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა. ასეთ ვითარებაში, თან სულ რაღაც სამ თვეში, ვერ აჩვენებ სასურველ შედეგს. მოგეხსენებათ, გუნდს ბოლნისის მუნიციპალიტეტი აფინანსებს. მათ იციან, რაც ხდება გუნდში და არ ყოფილა მაღალი შედეგის კატეგორიულად მოთხოვნა. ახალი გუნდის "გაკეთებას" დრო უნდა - სულ მცირე, ერთი წელიწადი მაინც.
- როგორც ვიცით, მუნიციპალიტეტი "სიონში" ადგილობრივი კადრების დაწინაურებას ემხრობა. ამ მხრივ რა მდგომარეობაა?
- რვა ბოლნისელი ფეხბურთელი თამაშობს დღეს გუნდში და ერთ-ორი, შესაძლოა, მომავალ სეზონშიც დავიმატოთ.
- მომავალი სეზონის კონტურები უკვე მოხაზული გაქვთ?
- რა თქმა უნდა, გვაქვს კონკრეტული მონახაზი. ვიღაც წავა, ვიღაც მოვა... ერთი კი ზუსტად ვიცი - მომავალ სეზონში იმაზე ძლიერი და ამბიციური გუნდი გვეყოლება, ვიდრე ახლაა.
- როგორც საქართველოს ნაკრების ყოფილ წევრს, არ იქნება, ეროვნულ გუნდზეც არ გკითხოთ...
- პირველ რიგში, რამაც გამახარა, ისაა, რომ რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი გამოჩნდა საქართველოს ნაკრებში, რომელიც ძალიან გვჭირდებოდა. მაგალითად, ავიღოთ გიორგი ნავალოვსკი, რომელმაც ჩვენს ნაკრებს უკვე ბევრი შემატა. სასიამოვნოა ისიც, რომ შესანიშნავი ახალი თაობა მოდის.
- ვის გულისხმობთ?
- პირდაპირ უნდა გითხრათ, რომ აღფრთოვანებული ვარ ლაშა დვალის თამაშით. გერმანიის უძლიერეს ნაკრებთან ერთხელაც არ აჩქარებულა... როგორ ამოჰქონდა ბურთი, როგორ დინჯად თამაშობდა... მისგან იდეალური მცველი დადგება.
საქართველოში სულ არიან ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები. მაგალითად გიორგი პაპუნაშვილიც გამოგვადგება. ვფიქრობ, მას მალე მოუწევს ნაკრებში სისტემატურად თამაში.
- გერმანიასთან მატჩზე რას იტყვით?
- გერმანია დღეს ვერ იქნება ჩვენი საზომი. მაშინ, თუ მას საზომად ავიღებთ, ისიც გავიხსენოთ, ბრაზილიას როგორ მოუგო. ყველანი გვერდით უნდა დავუდგეთ საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს. მინდა, წარმატება ვუსურვო მას.
- ბოლოს ისევ "სიონით" დავამთავროთ. როდის იქნება შესაძლებელი გუნდის დაბრუნება საშინაო არენაზე?
- ბოლო ინფორმაციით, ახალი ჩემპიონატი "სიონმა" ბოლნისში უნდა დაიწყოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"