რომ არა სწორი მიდგომა... "საბურთალოს" წარმატების ფორმულა

AutoSharing Option
როგორც ცნობილია, წყალტუბოში "სამგურალთან" მოგებით "საბურთალომ" ოფიციალურად მოიპოვა პირველი ლიგის ჩემპიონობა და უმაღლესში თამაშის უფლება. თბილისური კლუბის გენერალური დირექტორი კახა ჭუმბურიძე საგულისხმო კომენტარს აკეთებს:

"მიხარია, რომ ეს ყველაფერი იმ გუნდთან ერთად შევძელით, რომელთან ერთადაც წლებია მოვდივართ. არ მახსენდება მსგავსი პრეცედენტი, როცა საკუთარ სკოლაში აღზრდილი ფეხბურთელებით, ელიტლიგის გათამაშებიდან დაწყებული, კლუბმა გაიარა ყველა საფეხური და უმაღლეს ლიგამდე მიაღწია.

2004 წელს, თბილისის "დინამოში" სპორტულ-ტექნიკურ დირექტორად მუშაობისას, დსთ-ს თასზე გამარჯვებისა და შემდეგ უეფას ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის სიხარული განმიცდია. მიუხედავად ამისა, დღევანდელ სიხარულს ჩემთვის სხვა
ფასი აქვს.

წლების განმავლობაში, ქვეყნისა და ფეხბურთისთვის ყველაზე მძიმე პერიოდშიც კი "საბურთალოს" დამფუძნებლებს კლუბის კეთილდღეობისთვის არაფერი მოუკლიათ.

გამარჯვებას ვუძღვნი ჩემს ძმას, ქართლოს ჭუმბურიძეს, რომლისთვისაც "საბურთალო" ყველაფერი იყო", - ამბობს კახა ჭუმბურიძე.

"საბურთალოს" მოთამაშეთა უმრავლესობის ასაკი 17-დან 19 წლამდე მერყეობს, მაგრამ გუნდში არის გამოცდილი ზურაბ მენთეშაშვილი, რომელსაც 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატსა და ეროვნულ ნაკრებში უთამაშია.

34 წლის ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ გუნდს უმაღლეს ლიგაში დაეხმარება:

"კარიერაში მქონია გამარჯვებები, თუმცა პირველ ლიგაში წარმატებისთვის არასდროს მიმიღწევია. მიხარია, რომ ეს იმ დიდ კლუბთან ერთად შევძელი, რომელსაც "საბურთალო" ჰქვია.

ერთსულოვნება, გვერდში დგომა, ფეხბურთისადმი სწორი მიდგომა რომ არ ყოფილიყო, ამ შედეგს ვერ მოვიმკიდით. მადლობა კლუბის ხელმძღვანელებს, ჩვენს ქომაგებსა და ფეხბურთელებს. მართლაც რომ გამორჩეული თაობა მოდის - "საბურთალოში" საუკეთესო ახალგაზრდები არიან თავმოყრილნი.

საქართველოში სათამაშოდ რომ დავბრუნდი, 30 წლის ვიყავი. მას მერე რამდენიმე ოპერაციის გაკეთება დამჭირდა. ამ სეზონში დიდი დრო გამიცდა, ძალიან რთული იყო უთამაშებლობა და მატჩების ტრიბუნიდან ყურება. იმედია, მალე ყველაფერი კარგად იქნება და გუნდს უმაღლეს ლიგაში დავეხმარები".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული