სავარაუდო ტრანსფერები: ვინ გააძლიერებს გორის "დილას" ევროსტარტის წინ?

AutoSharing Option
გორის "დილა" საქართველოს ჩემპიონობისთვის იბრძვის. უჩა სოსიაშვილის გაწვრთნილი გუნდი ფინიშამდე 5 ტურით ადრე პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარ ბათუმის "დინამოს" 3 ქულით უსწრებს.

რა თქმა უნდა, ქართული ოქროს ბედი ჯერ გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ "დილაში" ჩემპიონობისა ეიმედებათ. ეს ბუნებრივიცაა - არსებობის ისტორიაში პირველი ჩემპიონობისკენ გორელები განსაკუთრებული ენთუზიაზმით მიილტვიან.

თუ ჩემპიონობისთვის "დილას" ჯერ კიდევ დიდი ბრძოლა მოუწევს, გადაწყვეტილია, რომ გუნდი აუცილებლად იასპარეზებს ევროთასებზე. გორელებმა ცოტა ხნის წინათ დასახეს განვითარების 3-წლიანი გეგმა. კლუბის ხელმძღვანელობა გუნდის გაძლიერებაზე ფიქრობს.

როგორც "ლელოსთან" საუბარში გორული კლუბის
მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა განაცხადა, უკვე გადაწყვეტილია რამდენიმე ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერის საკითხი. რა თქმა უნდა, მას არ დაუკონკრეტებია პოტენციურ ახალწვეულთა ვინაობა. ჯერ სეზონი არ დასრულებულა და, აქედან გამომდინარე, ის ვერ იჩქარებდა.

ქართულ საფეხბურთო კულუარებში უკვე მსჯელობენ იმ ფეხბურთელების თაობაზე, რომლებიც ამ სეზონის შემდეგ, სავარაუდოდ, გააძლიერებენ გორულ კლუბს. რა თქმა უნდა, შესაძლოა ისეც მოხდეს, რომ ამ ტრანსფერებიდან ზოგიერთი არც შედგეს, თუმცა ფაქტია, რომ ჩვენში ამ ტრანსფერებზე უკვე ლაპარაკობენ.

მაშ ასე, ვისით შეიძლება გაძლიერდეს გორული კლუბი? სახელდება რამდენიმე კანდიდატურა. მკითხველი დაგვეთანხმება, რომ ეს ფეხბურთელები სოლიდურ ძალას წარმოადგენენ და ნებისმიერ გუნდს მნიშვნელოვნად გააძლიერებენ.

გიორგი ილურიძე
23 წლის შემტევმა სეზონი "ზესტაფონში" დაიწყო, თუმცა იმერულ კლუბში განვითარებული მოვლენების გამო ვერ ჩაამთავრა. იყო გუნდის კაპიტანი. სხვადასხვა დროს უთამაშია "ანჟიში", "დილაში", "ჰაიდუკსა" და კვიპროსულ "ერმისში".

Sportall.Ge

2012-13 წლებში იყო "დილას" ლიდერი. გუნდის წარმატებულ ევროკამპანიაში მთავარი კაცი გახლდათ. საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში 2 მატჩი ჩაატარა და ამდენივე გოლი შეაგდო, ქვეყნის მთავარ გუნდში კი ჯერ არ უთამაშია.


ნუკრი რევიშვილი
საქართველოს ეროვნული ნაკრების 28 წლის მეკარე ძალიან ცოტას თამაშობს რუსულ "ტოსნოში". იქ მას ხელს ლეგიონერებზე დაწესებული მკაცრი ლიმიტი უშლის. თუ ასე გაგრძელდა, რევიშვილს აუცილებლად მოუწევს რუსული კლუბის დატოვება.

Sportall.Ge

ილურიძისა არ იყოს, "დილა" არც რევიშვილისთვისაა უცხო გუნდი. ნუკრი გორულ კლუბში წარმატებით თამაშობდა. სხვადასხვა დროს დაუცავს "ტორპედოს", "რუბინის", "ანჟის", "კრასნოდარის", "ვალეტასა" და "ტოსნოს" ღირსება.

რევიშვილის უდიდესი გამოცდილება განსაკუთრებით ფასობს საერთაშორისო მატჩებში. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოცდილმა მეკარემ 23 მატჩი ჩაატარა. "დილაში" დაბრუნება მის ინტერესებშიც უნდა იყოს, რადგან საქართველოს ნაკრების კარის დარაჯს ჰაერივით სჭირდება სათამაშო პრაქტიკა.

ოთარ მარცვალაძე
30 წლის თავდამსხმელი უგუნდოდ მას შემდეგ დარჩა, რაც კლუბის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით დატოვა რუსული "ტოსნო", სადაც თამაში იშვიათად უწევდა.

მარცვალაძეს თავისი კარიერის განმავლობაში არაერთი გუნდის მაისურა მოურგია. სხვადასხვა დროს ოთარი თამაშობდა "ვიტ ჯორჯიაში", კიევის "დინამოში", "ზაკარპატიეში", "ანჟიში", "ვოლგაში", "კრასნოდარში", "სკა ენერგიაში", "ალანიაში", თბილისის "დინამოში".
Sportall.Ge

იყო დრო, მარცვალაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების ძირითადი ფორვარდი გახლდათ. ეროვნულ გუნდში ოთარმა 16 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

ლაშა სალუქვაძე
33 წლის ცენტრალური მცველი (დაცვის სხვა პოზიციაზეც რომ შეუძლია გარჯა) ამჟამად ბაქოს "ინტერში" ასპარეზობს და ალეკო ამისულაშვილთან ერთად გუნდის დაცვის ბურჯადაც ითვლება.

"ინტერი" დიდ ფინანსურ კრიზისშია. გუნდის მომავალი ამ დროისთვის გაურკვეველია. ფაქტია ისიც, რომ ზაფხულიდან კლუბს დატოვებს კახა ცხადაძე, რომელიც მთლიანად საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე იქნება კონცენტრირებული.
Sportall.Ge
სალუქვაძე ერთხელ უკვე თამაშობდა "დილაში". ეს იყო 2012-13 წლების სეზონში. გორული გუნდის გარდა, ლაშას უთამაშია თბილისის "ლოკომოტივში", "დინამოში", "რუბინში", "ვოლგაში", "სკა ენერგიასა" და ბაქოს "ინტერში".

* * *
ამასთან ერთად, გორული კლუბის ხელმძღვანელები მოლაპარაკებას მართავენ რამდენიმე უცხოელ და ქართველ ფეხბურთელთანაც.

"დილას" ორჯერ სულ ცოტა დააკლდა ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად და იმედია, ეს უსიამოვნო ტრადიცია მომავალ სეზონში დაირღვევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
რაღა დროს სალუქვაძეა? ახალგაზრდებს მიხედეთ
gagi
14:24 03-05-2015
0
დაეხმარნენ :დ :დ :დ :D :D :დ ბოღმა კლავსო კლავსო ... :D :D
giorgi
10:58 03-05-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული