დებიუტიდანვე ჩანდა, რომ თამაში "მშრალი" არ იქნებოდა, რადგან ორივე გუნდს მოგება სჭირდებოდა და ფეხბურთელები შემართებით შეუდგნენ ამოცანების გადაჭრას.
თავდაპირველად, "სიონმა" გამოაჩინა ბრჭყალები. მე-10 წუთზე დაჩი ფოფხაძის ჩაწოდებულს თავი დაუხვედრა ვიეირა მედინამ, თუმცა ახლოდან სახიფათოდ დარტყმული ნადირაძემ კუთხურზე
სულ ცოტა ხანში გიორგი ჭანკოტაძის ერთობ ეფექტური სოლო-რეიდი ვიხილეთ, თუმცა 3 მოწინააღმდეგისთვის გვერდის ავლის შემდეგ ის მოცელეს და პენალტი აუღელვებლად გაგზავნა კარში ჯაბა უგულავამ - 1:0.
ბოლნისელები დიდხანს არ ყოფილან მომგებიან პოზიციაში. სტატუს-კვო ოთხ წუთში აღდგა - გიორგი ივანიშვილმა ფლანგიდან კარგად მოძებნა ბოლნისელ მცველთა მიერ უყურადღებოდ დატოვებული ბიძინა მახარობლიძე და ანგარიში 1:1 გახდა.
აქვე დავძენთ, რომ ივანიშვილის ხსენება კიდევ ბევრჯერ მოგვიწევს, რადგან მან თავისი გუნდის მიერ გატანილ ყველა გოლში, ისევე, როგორც გამარჯვებაში, ლომის წილი დაიდო. მისი თამაში ყველა ასპექტში მოსაწონი იყო - კარგად გამოსდიოდა კომბინაციის სწორი გაგრძელება და გამოზომილი პასი.
პირველი ტაიმის ბოლომდე ტაბლოზე ციფრები ლამის კიდევ ორჯერ შეიცვალა - ჭანკოტაძეს და კაჭარავას ჰქონდათ გატანის შანსი, მაგრამ პირველს მეკარემ არ მისცა ამის საშუალება, მეორეს - არაზუსტმა დარტყმამ.
მეორე ტაიმის დასაწყისიდან კარგად ჩაერთო თამაშში შეცვლაზე შესული დათა სიჭინავა, რომელმაც გაამწვავა თავისი გუნდის იერიშები და თავსატეხი მოუმატა სტუმართა დაცვის ხაზს. 47-ე წუთზე მისი დარტყმული პირდაპირ ცხრიანიდან "ჩამოხსნა" ნადირაძემ.
აქ კაჭარავას შეგირდები აშკარად გადარჩნენ, მაგრამ არ დაბნეულან - შეუტიეს და ორ წუთში ორი გოლი შეაგდეს. ჯერ ივანიშვილმა კაჭარავას დაუცველი კარის წინ ჩააწოდა და ამ უკანასკნელს არ გასჭირვებია თავისი გუნდის დაწინაურება, ხოლო მერე თავად მოიპოვა ბურთი, გავიდა მეკარესთან პირისპირ და სხვაობა ორბურთიანი გახდა.
ეს ორი წუთი გადამწყვეტი გამოდგა. "სიონი" დაიბნა, "ცხინვალი" კი პრაგმატულად შეუდგა უპირატესობის შენარჩუნებაზე ზრუნვას.
ბოლნისელთაგან ყველაზე მეტად ისევ სიჭინავას შეჩერება ჭირდა. 61-ე წუთზე მან "სტანდარტულის" შესრულებისას ბურთი "ცოცხალ კედელს" გაარტყა, უკუგდებული ისევ თავად მიიღო, საჯარიმოში შეაღწია, სადაც წააქციეს და მსაჯმა მეორედ დანიშნა პენალტი ნადირაძის კარში - უგულავამ ამჯერადაც ზუსტად შეასრულა 11-მეტრიანი - 2:3.
"ცხინვალს" ისევ ცოტა დრო დასჭირდა სხვაობის ორამდე გასაზრდელად და ვინ გამოიჩენდა თავს, თუ არა ივანიშვილი! გიორგიმ ამჯერად პენალტი მოინადირა, გოლი კი ლაშა შინდაგორიძემ გაიტანა - 2:4.
შეხვედრის ბედი რომ გადაწყვეტილი იყო, ადრევე ჩანდა, ოღონდ ასეთ გახსნილ თამაშში მორიგ გოლს ვერავინ გამორიცხავდა და მაყურებელმა ეს გოლიც იხილა. ბოლნისელთა დაუდეგარმა მობურთალმა სიჭინავამ მსაჯის მიერ დამატებულ უკანასკნელ წუთზე დაახლოებით 25 მეტრიდან დარტყმულით უწია მიზანს.
თუმცა "ცხინვალმა" გამარჯვება ხელიდან აღარ გაუშვა და სამეულში მოხვედრის შანსი შეინარჩუნა.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXVI ტური
02.05. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
სიონი-ცხინვალი 3:4
გოლები: 1:0 უგულავა (13-პენ), 1:1 მახარობლიძე (17. ივანიშვილის პასით), 1:2 კაჭარავა (53. ივანიშვილის პასით), 1:3 ივანიშვილი (54), 2:3 უგულავა (62-პენ), 2:4 შინდაგორიძე (64-პენ), 3:4 სიჭინავა (90+3)
სიონი (4-5-1): მერლანი - ფოფხაძე, ცნობილაძე, გურეშიძე, საჯაია (39. გაფრინდაშვილი) - ლობჯანიძე, ცხადაია, ჭანკოტაძე (75. ჭიკაიძე), არაუჟო და სილვა (46. სიჭინავა) უგულავა - ვიეირა მედინა.
სათადარიგოები: ორთოიძე, ოთარაშვილი, მოსემღვდლიშვილი, სვანიძე
მწვრთნელი: ლადო ბურდული
ცხინვალი (4-4-1-1): ნადირაძე - ცერცვაძე, კაჭკაჭიშვილი, მაისაშვილი, ბაჩიაშვილი - ლექვთაძე (55. შინდაგორიძე), ქარდავა, თარხნიშვილი, მახარობლიძე - ივანიშვილი (85. ცაცკრიალაშვილი) - კაჭარავა (88. არაბული).
სათადარიგოები: ნანიევი, ჯიშკარიანი, ბურძენაძე, იმედაშვილი
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
გაფრთხილება: გურეშიძე (39), ქარდავა (57), ცნობილაძე (67), მაისაშვილი (78)
არბიტრი: გიორგი ვადაჭკორია.
ბომბარდირები:
ი. მოდებაძე (დილა) 13
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 11
ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10
ო. კვერნაძე (ტორპედო) 9
შ. ლომია (ზუგდიდი) 9
დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 9
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 8
შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს
მომდევნო (XXVII) ტური
8 მაისი, პარასკევი
მერანი-მეტალურგი
ვიტ ჯორჯია-შუქურა
9 მაისი, შაბათი
დილა-კოლხეთი
დინამო (ბთ)-დინამო (თბ)
გურია-სამტრედია
ტორპედო-სიონი
ცხინვალი-ზესტაფონი
ზუგდიდი-ჩიხურა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"