მამუკა ჯუღელი: თუ ცუდი ვარ, ილია კოკაია "ზესტაფონში" რატომ მიწვევდა?!

AutoSharing Option
გორის "დილა" საქართველოს ჩემპიონია. ცნობილია, რომ უკვე მეოთხე წელია, რაც ამ კლუბს მენეჯერი მამუკა ჯუღელი ეხმარება. ის მედიაში გამოჩენას ყოველთვის ერიდება, მაგრამ ამჯერად, "ლელომ" ის ინტერვიუზე დაითანხმა...

საერთო დონე ხელს არ გვიწყობს
- გორის "დილა" წინ წავიდა, ტიტულები მოიპოვა, ახლა კი ჩემპიონი გახდა. ამბიციური ადამიანი ბრძანდებით და ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლაზე ფიქრობთ, მაგრამ საქართველოს რეალობაში ეს შესაძლებლად მიგაჩნიათ?
- ორჯერ გვქონდა ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის შანსი, მაგრამ მაშინ ფორტუნამაც არ გაგვიღიმა და საერთო დონემაც დაგვაბრკოლა. ამისთვის უპირველესი პირობა გუნდის
სტაბილურობა და ჩემპიონატის დონის ამაღლებაა. მარტო "დილამ" ვარსკვლავებიც რომ მოწყვიტოს, თუ ჩემპიონატის საერთო დონე არ გაიზრდება, არაფერიც არ გამოვა.

მეორეცაა - რამდენიმე ძლიერი ფეხბურთელის ჩამოყვანასაც მოვახერხებთ, მაგრამ სამი თვის შემდეგ ისინი მაინც ჩვენი ჩემპიონატის დონეზე დავლენ.

მესამე ფაქტორი ფინანსებია - გორის ხელისუფლება კლუბს მზრუნველობას არ აკლებს და მაქსიმუმს აკეთებს. თუმცა "დილას" მეტი სჭირდება.

- "მარიტიმუმ" და "რაპიდმა" "დილას" კლასით აჯობეს და ჩვენი ჩემპიონატის დაბალი დონე მაშინ კიდევ უფრო თვალნათლივ გამოჩნდა...
- ავსტრიისა და პორტუგალიის გუნდები დღეს გვაჯობებენ, რადგან ყველაფერში წინ არიან - ეკონომიკით, სტაბილურობით, დაფინანსებით... მაგრამ ის მაინც მოვახერხეთ, რომ მაშინ დანიელები და კვიპროსელები გამოვაგდეთ.

- ამ სხვაობის შემცირების პერსპექტივას მაინც თუ ხედავთ?
- სანამ ის ინტრიგები არ მოისპობა, რაც დღეს ქართულ ფეხბურთშია, არაფერი გვეშველება. გამოდის ილია კოკაია და დამადასტურებელი ფაქტების გარეშე ბრალს გიყენებს. ეს არის სწორედ ინტრიგანობა (კოკაიამ თქვა, რომ ჯუღელი ფიფას ლიცენზირებული აგენტი არ არის და რომ არალიცენზირებულ აგენტებთან კლუბებს თანამშრომლობა ეკრძალებათ - ავტ. იხილეთ ვრცლად)!

არ ვიცი, რამ გააბოროტა ეს კაცი?! და რა უნდა საერთოდ?! კითხულობს, ვინაა ივანე ჯუღელიო? თავად კოკაია ვინღაა? ვიცი, რომ მეტალს ყიდის. ჩემზე და მასზე ჰკითხეთ ფეხბურთელებს, ვინ ვინ არის.

- თქვენ შორის შავმა კატამ "დილა"-"ზესტაფონის" თასის ფინალის შემდეგ გაირბინა...
- იმ დღეს, 1:0-ზე, გოჩა ხოჯავა "ზესტაფონის" საჯარიმოში მოცელეს, მაგრამ კვარაცხელიამ პენალტი არ დაგვინიშნა. ამტკიცებენ, რომ ვაწაძეზე პენალტი არ იყო. არადა, იყო - მათეს საჯაია ორ ადგილზე შეეხო - ტერფსა და მუხლზე.

კოკაია სიტყვას "გაისვრის" და მერე ჰგონია, რომ ეს ყველაფერი შერჩება. მეორესაც ვიტყვი - რეალურად, დავით კირკიტაძეს "დილასთან" შეხება არ ჰქონია, ეს დიდი სისულელეა. ხოლო მსაჯები, ზოგადად, რომ ცდებიან, ეს ჩვენი ბრალი არ არის.

მარადონამ მსოფლიოს ჩემპიონატზე ხელით გაიტანა გოლი, მუნდიალზე საფრანგეთიც ტიერი ანრის ხელის წყალობით გავიდა. ადამიანები არიან და ცდებიან. წლეულს, მეორე წრეში, თბილისის "დინამოსთან" 1:1-ზე პენალტი რომ არ დაგვინიშნეს, ამას რატომ არ ამბობს? რა უბედურებაა ამდენი ვიყიდე-გავყიდე?! ფეხბურთია, პომიდორი ხომ არა?!

- უცხოეთში, განსაკუთრებით, რუსეთში, ბევრი მოთამაშე წაიყვანეთ, მაგრამ რუსეთში თქვენ მიმართ დიდი აგრესიაა. იყო წერილები, სადაც ფეხბურთის "რუხი კარდინალი" გიწოდეს...
- ვიღაც გამოშტერებული რაღაცას რომ დაწერს, სულაც არ ნიშნავს, რომ ჩემ მიმართ რუსეთში ყველას ასეთი დამოკიდებულება აქვს. მათი ფედერაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ კარგ საქმეს ვაკეთებ, პირველი დივიზიონისა და პრემიერლიგის პრეზიდენტებიც იმავეს ამბობენ, პირველი ჟურნალისტი - ვასილი უტკინიც და ამ მკივანა ხალხის აზრი რატომ არის უფრო ძვირფასი და მნიშვნელოვანი? ინტრიგანები იქაც არიან.

ასეთი ცუდი თუ ვარ, პრემიერლიგაში გუნდი სამჯერ როგორ გადავიყვანე? კოკაიას რომ აინტერესებს, ვინაა ჯუღელი, მე 55 გოლი მაქვს გატანილი, სულ კი საქართველოს ჩემპიონატში - 104 გოლი. და მე ვინ ვარ ფეხბურთში? თავად არ იყო, აგენტობას რომ იწყებდა და ფეხბურთელობის დროს კონტრაქტის გაფორმებას მთხოვდა?

- კოკაია "დილაში" თქვენი როლით დაინტერესდა, რადგან ფიფას ლიცენზირებული აგენტი არ ბრძანდებით, არალიცენზირებულ აგენტებთან თანამშრომლობა კი კლუბებს ეკრძალებათო...
- მე არ ვარ აგენტი 007! არის ევროპული კომპანია, რომელთანაც სკაუტის როლში ვთანამშრომლობ. ვმოძრაობ რუსეთში, უზბეკეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთში... ცხადია, საქართველოში, ვეძებ ტალანტებს და მერე გუნდებში რეკომენდაციას ვუწევ.

"დილას" თამაშებს ხომ უყურებ, რამდენი ნიჭიერი მოთამაშე მოვიყვანეთ? 25 წლის უნიჭიერესი მწვრთნელი უჩა სოსიაშვილი დავნიშნეთ. მანამდე, გიორგი დევდარიანსა და გიორგი დარასელიას გავუხსენი გზა და თავიანთი ტალანტი გამოაჩინეს.

სოსიაშვილი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდა მწვრთნელია და 2-3 წელიწადში დიდ სიმაღლეზე ავა. მან ისეთი პერსპექტიული მოთამაშეები აღმოაჩინა, გაოცებული დავრჩი. ამ ფეხბურთელებისა და სპეციალისტების დაწინაურებით ქართული ფეხბურთის საქმეს არ ვაკეთებ? ან რამდენი მყავს უცხოეთში წაყვანილი? ეს თუ ჩვენი ფეხბურთის მომავლისთვის გაკეთებული საქმე არ არის, მაშინ მითხარით, ამას რა უნდა დავარქვათ?!

მე ღმერთმა მომცა ამის ნიჭი...
- ფეხბურთელებთან რა ურთიერთობები გაქვთ?
- ისინი ჩემი მეგობრები არიან და "მამობილს" მეძახიან, რადგან ჩემი სახლის კარი მათთვის ყოველთვის ღიაა. ოპერაცია სჭირდებათ თუ მშობლები ჰყავთ ცუდად, ყველაფერზე ნებისმიერ დროს მირეკავენ. ამას თავად გეტყვიან. მათთან ვძმაკაცობ, ოჯახებით ვახლობლობთ, მხოლოდ ფული კი არ გვაინტერესებს. ერთი ოჯახი ვართ.

იცით, ნერვები რაზე მეშლება? საქართველოსთვის კარგის მეტი არაფერი გამიკეთებია, მაღალი დონის ლიგებში 50-ზე მეტი ფეხბურთელი გადამიყვანია და ყველა მილიონერი თუ არ გახდა, ფინანსურად მაინც მოღონიერდა. ამ 50 მოთამაშეს 50 ოჯახი ჰყავს, იმათ კი მთელი სანათესაო და რამდენ ოჯახს ვარჩენდით? კიდევ მე გამოვდივარ ცუდი ადამიანი?

და კოკაია ფეხბურთელებს რას უკეთებს? ჩალაძემ, რეხვიაშვილმა, აშვეთიამ, სილაგაძემ კარიერა დაასრულეს და დღემდე ჩემთან მეგობრობენ. მე მისნაირად ვინმე მიმიტოვებია? მასთან კი ვისაც კონტრაქტი ჰქონდა, ლამის 90 პროცენტი უკმაყოფილოდ დაშორდა.

- ეს ყველამ ვიცით, მაგრამ რუსეთსა და საქართველოში თამაშების ჩაწყობას რომ გაბრალებენ?
- ამას მიხედოს პროკურატურამ! მე ღმერთმა მომცა იმის ნიჭი, რომ ფეხბურთელები აღმოვაჩინო და გუნდი გავაკეთო. ამას კი ამის უნარი არ გააჩნია და შურს, ვერაფერს აკეთებს.

რომ მეკითხებით, ევროპაზე რატომ არ გახვედითო: "მარიტიმუმდე" 7 მოთამაშე დაშავებული გვყავდა, გურულს ქორწილი ჰქონდა და თამაშის გადადება გვსურდა. "ჩიხურას" მწვრთნელმა თავად გვითხრა, საქართველოს გუნდს შანსი აქვს და თანახმა ვარო. თამაშის გადადებას ორადორი კლუბი ეწინააღმდეგებოდა - "ზესტაფონი" და თბილისის "დინამო"! მაგრამ მე "დინამოსთან" დღემდე კარგი ურთიერთობა მაქვს.

ამბობს, ევროპალიგაზე საქართველოს სახელით ჩემპიონთა ლიგის მონაწილე "ანორთოსისს" "გაგრა" ეთამაშა და ეს დიდი მოვლენა იყოო. ეს ვის არ გაუხარდა? მაგრამ კოკაია არ ლაპარაკობს, მეორე წელს ამ "ანორთოსისს" მისსავე მოედანზე "დილამ" რომ მოუგო. ეს საქართველოს სახელი არ იყო? თასი თუ ძალით ავიღე, ევროპული შედეგი ხომ მაინც ფასობს? იქ ორივე გავედით და "ზესტაფონს" "ნეფთჩიმ" რაც უყო, ხომ ყველას გვახსოვს. სირცხვილით ვიწვოდი, ჩემი რაიონისა და ქვეყნის გუნდი ასე რომ შერცხვა. "დილამ" კი სამი ეტაპი გაიარა. მერე წავაგე "მარიტიმუსთან", რომელმაც "ნიუკასლთან" ფრედ ითამაშა და ქვეყნის ჩემპიონატში "პორტუს" 1:0 მოუგო. აი, ამ დონის გუნდს ვებრძოდით.

რამდენჯერაც საქართველოში ჩამოვედი, ევროპაში ჩემი გუნდი ყოველთვის სხვებზე უკეთ თამაშობდა. რა, პორტუგალიელებსა და კვიპროსელებს ხომ არ ვყიდულობთ? აქეთ გვიყიდიან. ანუ მაქვს სელექციის ნიჭი და საკუთარ მინუსებს მიხედონ, მე კი შემეშვან.

ცუდი თუ ვარ, რატომ მთხოვდა...
- და მაინც, კოკაიას ასე რატომ დაუპირისპირდით?
- მე კი არა, თავად დამიპირისპირდა. საერთოდ, მხოლოდ მის მხარეს რომ აშუქებთ, იქნებ ზოგჯერ მეც მკითხოთ, იქნებ მართალი ვარ?

- აბა, ეს ინტერვიუ რატომ იწერება?
- მესმის, მაგრამ სურათს ისე ხატავენ, რომ თითქოს ჯუღელი დრაკულაა, კოკაია კი ფრთიანი ანგელოზი. ჩემი თხოვნა იქნება, მოვლენებს ცალმხრივად ნუ გააშუქებთ.

- ინტერვიუს იშვიათად თანხმდებით და თქვენი პოზიცია როგორ უნდა გავიგოთ?
- გაზეთი კიდევ შეიძლება, ტელევიზიით გამოსვლა კი არ მიყვარს... ეგ რომ ქართულ ფეხბურთზე დაიწყებს ლაპარაკს...

სეზონის დაწყებამდე ლაშა გვალიაზე მთხოვა, დამითმეო და "ზესტაფონში" უპრობლემოდ გავუშვი. ამისთვის მერე საჯაროდ მადლობა გადამიხადა. დაუნიშნა 10 ათასი ლარი და მერე, თავისი არასწორი მიდგომების გამო, გუნდი ევროპალიგიდან გავარდა. ამის შემდეგ კოკაია ფეხბურთელს თავისთან იბარებს და ეუბნება - დათანხმდი 1000-ლარიან ხელფასს, თორემ გუნდს დავშლიო. ეს რა საქციელია?

კონფლიქტით რამდენი მოთამაშე დაშორდა? ჭანტურია, კვასხვაძე, აფციაური, დვალი, ხიდეშელი, დაუშვილი, ბენაშვილი, ბაბუნაშვილი... რომელი ერთი ჩამოვთვალო?! ნაკრების წევრი გორგიაშვილი ფეხბურთს ჩამოაშორა და რა დღეში ჩააგდო...

მაგისგან წამოსული ერთი ფეხბურთელი არ მინახავს, რომელიც მადლიერი იქნებოდა. ახლა მლანძღავს. არადა, ეს ადამიანი სამი წელი დამდევდა, რა გაგიკეთო ისეთი, ჩემთან რომ იყო, ზესტაფონი ხომ შენი ქალაქიაო? ასეთი ცუდი თუ ვარ, რატომ მთხოვდა? რასაც ამბობს, ვერ ამტკიცებს და ხალხს ლაფში სვრის. ინტრიგანია და მაგის გვერდით არ დავდგები.

- კოკაიას იმას ვერ წაართმევთ, რომ "ზესტაფონისთვის" ბევრი გააკეთა...
- ამას როგორ წავართმევ?! ჩემი მშობლიური რაიონის გუნდი ააღორძინა, მაგრამ...

ამათ თვალები დახუჭული აქვთ
- "ტოსნოსთან" ურთიერთობა რატომ შეწყვიტეთ?
- ერთ-ერთმა პიროვნებამ მთხოვა, ასეთი და ასეთი გუნდია, პრემიერლიგაში გადასვლა გვსურს და იქნებ დაგვეხმაროთო. მე ხომ მარტო არ ვარ, დიდი სასელექციო ჯგუფი გვყავს. ვურჩიეთ ფეხბურთელები და ექვს თვეში მეორე ლიგის გუნდით თასზე მოსკოვის "სპარტაკს" მოვუგეთ. "ტოსნო" კი გადავიდა პირველ ლიგაში და მერე პრემიერლიგაში გადასვლის შანსიც გაგვიჩნდა, მაგრამ მთავარი მწვრთნელი, ჩემი მეგობარი კოსტოვი წავიდა და მეც წამოვედი.

თუმცა ეს ყოველგვარი კონფლიქტის გარეშე მოხდა, ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით და მშვიდობით დავშორდით.

- ახლა გორის "დილას" ეხმარებით. ზაფხულისთვის რა გეგმები გაქვთ?
- რომ იცოდეთ, მე ყოველთვის თბილისის "დინამოს" გულშემატკივარი ვიყავი და ვარ, მაგრამ არა ისეთის, ახლა რომ არის. საქართველო იწყება ამ გუნდით და ის რომ თავის დონეზე იქნება, საქართველოში ფეხბურთის დონე ამაღლდება. "დილაში" კი ჩემი მეგობრები არიან.

დარწმუნებული ვარ, ქართულ ფეხბურთს ახლაც რამდენიმე სერიოზული ტალანტი აღმოვუჩინეთ, რომელთაც ყურადღებას არავინ აქცევდა - "ელექტრიჩკა", უსწრაფესი ერისთავი, უნიჭიერესი საყრდენი ფალავანდიშვილი, მეომარი გორელიშვილი და ასე შემდეგ. ჩვენი რა ბრალია, ეს ფეხბურთელები სოსიაშვილთან რომ გაიხსნენ?

- ბოლოს "დილას" გაძლიერების გეგმებიც გაგვანდეთ. ლაპარაკია რევიშვილის, ნავალოვსკის, მარცვალაძის დამატებაზე...
- წინასწარ არაფერს ვიტყვი, მაგრამ სერიოზული შემადგენლობა გვეყოლება. იმედია, "დილა" ევროპაში ადრინდელზე უკეთ ითამაშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
კოკაია ჯუღელს კი არა ღმერთს შეედაროს

ბორის
18:52 16-05-2015
0
ამით ქართულ ფეხბურთს ასამარებთ
Irakli
00:24 16-05-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული