ტორპედო-შუქურა 0:2 - გამზრდელი არ დაინდეს... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მატჩამდე ქუთაისში კოკისპირულად წვიმდა, მაგრამ შეხვედრის დაწყებამდე ორიოდე საათით ადრე გამოიდარა და რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის მინდვრის საფარი თამაშისთვის საკმაოდ კარგ მდგომარეობაში იყო.

სატურნირო ცხრილის მეზობელთა მატჩი საკმაოდ საინტერესო და თვალსასეირო გამოდგა. თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში უპირატესობას გიორგი დარასელიას შეგირდები ფლობდნენ, მაგრამ ზღვისპირელებმა შანსები უკეთ გამოიყენეს და ამ გამარჯვების შემდეგ ქუთაისურ გუნდს სატურნირო ცხრილშიც გადაუსწრეს. სხვათა შორის, ქობულეთელთა მხრიდან გამარჯვების გოლები "ტორპედოს" აღზრდილებმა - გიორგი კუხიანიძემ და გიორგი გურულმა გაიტანეს.

მატჩის დასაწყისი ქუთათურებს ცუდს არაფერს უქადდა. ტორპედოელები მწვავედ უტევდნენ და
მომენტს მომენტზე ქმნიდნენ. ქობულეთელთა მეკარე თეიმურაზ კაკალაძეს დიდი ჯაფა დაადგა. მატჩის დებიუტში მან ირაკლი კლიმიაშვილისა და ვახტანგ კვარაცხელიას სახიფათო დარტყმები მოიგერია. შემდეგ კლიმიაშვილმა, გამოზომილი გადაცემით, კვარაცხელია მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ რიონისპირელთა ფორვარდის დარტყმა სულ მცირედით ასცდა მიზანს.

აქტიური იყო ქუთაისელთა ვეტერანი ნახევარმცველი შოთა ბაბუნაშვილი, რომელიც თანაგუნდელებს კარგი გადაცემებით ამარაგებდა და კარშიც სახიფათოდ ურტყამდა. ის ზედიზედ ორჯერ დაემუქრა ქობულეთელთა კარს, მაგრამ ორივეჯერ ცოტათი ააცილა მიზანს.
გამოუყენებელი მომენტების გამო ქუთაისელები კინაღამ დაისაჯნენ - მცველებს უყურადღებოდ დარჩათ ნუნიესი, რომელსაც ხელსაყრელი პოზიციიდან გატანა მართებდა, მაგრამ ბურთი კარის ჩარჩოში ვერ მოახვედრა.

ზღვისპირელთა ამ ერთადერთი გამონათების შემდეგ ისევ მასპინძელთა ჯერი დადგა. ოლეგ მამასახლისმა დაახლოებით 27 მეტრიდან სახიფათოდ შეასრულა საჯარიმო დარტყმა და სტუმრები გოლისგან ძელმა იხსნა. ამას მორიგი სახიფათო "სტანდარტული" მოჰყვა - კლიმიაშვილმა კუთხურიდან ჩვეულ სტილში, პირდაპირ კარში ჩაახვია ბურთი და ამჯერად ხარიხას მოარტყა.

მეორე ტაიმში მატჩის სცენარი რადიკალურად შეიცვალა - სტუმრები გააქტიურდნენ და შეტევაშიც თამამად გადავიდნენ. მათი მხრიდან, განსაკუთრებით, ყოფილი ტორპედოელი კუხიანიძე აქტიურობდა, რომელმაც ნუნიესთან შესანიშნავი ორსვლიანი კომბინაცია გაითამაშა, მეკარესთან პირისპირ გავიდა და ალექსეი შევჩენკოს შანსი არ დაუტოვა.

ხუთიოდე წუთში დარასელიას გუნდი "ტორპედოს" კიდევ ერთმა აღზრდილმა, ამჯერად გურულმა დაამწუხრა. ის ადრიან პუკანიჩის ჩაწოდებას თავურით გამოეხმაურა და სტუმრები ორბურთიანი სხვაობით დააწინაურა.

ქუთაისელები მდგომარეობის გამოსწორებას შეეცადნენ და "შუქურა", ფაქტობრივად, საკუთარ კარს მიაჯაჭვეს. თავით სახიფათოდ ურტყამდა ბაქარ მირცხულავა, მაგრამ ხარიხას მცირედით გადააცილა, შეცვლაზე შესულმა ოთარ კვერნაძემ კი ზედიზედ სამი საგოლე მომენტი გააცუდა. კვარაცხელიას მიერ სამიოდე მეტრიდან დარტყმული ბურთი კი მეკარემ სასწაულებრივად მოიგერია. შემდეგ ტუღუშსაც არ გაუმართლა.

მოკლედ, დარჩენილ დროში "ტორპედომ", არაერთი მცდელობის მიუხედავად, ქულის გადარჩენა კი არა, პრესტიჟის გოლის გატანაც ვერ მოახერხა.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXIX ტური
17.05. ქუთაისი. "რამაზ შენგელია"
ტორპედო-შუქურა 0:2
გოლები: 0:1 კუხიანიძე (60. ნუნიესის პასით), 0:2 გურული (65. პუკანიჩის პასით)
ტორპედო (4-2-3-1): შევჩენკო - იოსელიანი, ადამაძე, ჭელიძე, მირცხულავა - მამასახლისი (67. პუხაევი), კლიმიაშვილი (58. ო. კვერნაძე/89. გოგუაძე) - კირკიტაძე, ბაბუნაშვილი, ტუღუში - კვარაცხელია.
სათადარიგოები: შეყრილაძე, ადამაშვილი, მახვილაძე, ქებაძე
მწვრთნელი: გიორგი დარასელია
შუქურა (3-4-2-1): კაკალაძე - მალანია, ხოჭოლავა, გურული - ჩალაძე, კუხიანიძე, პუკანიჩი, კომახიძე - თუხარელი (46. როდრიგესი/90. კოპალიანი), ჩელებაძე - ნუნიესი (79. ზ. ტუღუში).
სათადარიგოები: სტურუა, ჩაფიძე, ლაღაძე
მწვრთნელი: გელა სანაია
არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი.

ბომბარდირები:
ი. მოდებაძე (დილა) 14
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 13
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 11
ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10
ო. კვერნაძე (ტორპედო) 9
შ. ლომია (ზუგდიდი) 9
დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 9
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8
შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს

ბოლო ტური (XXX) ტური
22 მაისი, პარასკევი
სიონი-გურია
დილა-ვიტ ჯორჯია
დინამო (თბ)-ჩიხურა
კოლხეთი-ცხინვალი
მეტალურგი-ტორპედო
სამტრედია-მერანი
შუქურა-დინამო (ბთ)
ზესტაფონი-ზუგდიდი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
კვერნაძე გვყავს მაგარი იგროკი.. საცოდაობაა მაგის თამაშის ყურება.. ვენაცვალე დარასელიას შეცვლაზე შემოსული ისევე რო შეცვალა
0
სეზონში ორივე თამაში მოუგო შუქურამ ტორპედოს,ბრავო შუქურა !!!
ruslani
10:51 19-05-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული