უმაღლესი ლიგის XXX ტურის წინ: რეალური ჩემპიონი და მოჩვენებითი ინტრიგა

AutoSharing Option
ესეც ასე - დღევანდელი მატჩებით XXVI ჩემპიონატი მთავრდება! მერე საქართველოს თასის ფინალია (26 მაისს), ერთი დღის შემდეგ უმაღლეს ლიგაში დასარჩენი პლეი ოფის მატჩიც და 2014/15 წლების ქართული საკლუბო სეზონიც "ოფიციალურად" დამთავრდება. დასკვნებსაც მერე გავაკეთებთ და, ტრადიციულად, სეზონსაც შევაჯამებთ.

მანამდე კი ბოლო ტური გველოდება, სადაც, თქვენ წარმოიდგინეთ, გარკვეული ინტრიგა მაინც გველოდება. არადა, უკვე არაერთხელ აღინიშნა, რომ ჩემპიონატში ყველაფერი გარკვეულია და ბოლო ტური მხოლოდ ფორმალობაღა უნდა იყოს; თუმცა, ნუ დაგვავიწყდება, ამ სეზონის მთავარი "ხიბლი" ხომ უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობის 16-მდე გაზრდა იყო,
რამაც ჩვენს ჩემპიონატში "არნახული ინტრიგა" და კიდევ უფრო "არნახული დაძაბულობა" შემოიტანა.

აღარაფერს ვამბობთ ამ სეზონის კიდევ ერთ "საფირმო ნიშანზე", რასაც ერთი-ორი კლუბისა და ამ რიცხვზე ოდნავ მეტი სპორტული ჟურნალისტის გარდა, ყველა ამჩნევს თუ ყველა ხედავს! რაღა თქმა უნდა, "მასობრიობას" ვგულისხმობთ: უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობის გაზრდამ ხომ ავტომატურად გამოიწვია მწვრთნელების, მოთამაშეების, მსაჯებისა და, საერთოდ, ფეხბურთში დასაქმებულთა რიცხვის გაზრდა.

ოღონდ რატომღაც უკანა პლანზე გადაიწია ერთმა "უმნიშვნელო" ფაქტორმა: ჩემპიონატის დონეც ძალიან დაბალი იყო და რაოდენობამაც ხარისხს რომ ვერ აჯობა, ესეც თვალნათლივ ჩანდა.

ახლა კი, ალბათ, დროა, რომ XXVI ჩემპიონატის ბოლო ტურზეც ვთქვათ რამდენიმე სიტყვა; მით უფრო, რომ რამდენიმე ინტრიგა მაინც "მოიძებნება"...

გორი ფოიერვერკისთვის ემზადება
ადვილი წარმოსადგენია, თუ რა განწყობა იქნება დღეს გორში და იმაშიც ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონის ტრიბუნებზე სრული ანშლაგი იქნება: საქართველოს ახალი და დამსახურებული ჩემპიონი "დილა" ამ რანგში პირველად წარდგება თავისი ერთგული გულშემატკივრის წინაშე!

რა თქმა უნდა, გორში დღეს უამრავი საპატიო სტუმარი იქნება, თუმცა მთავარი "თემა" მაინც "დილას" ფეხბურთელებისა და მწვრთნელების დაჯილდოება უნდა იყოს, იმ ხალხის, ვინც ეს გამარჯვება მოუტანა გორელებს.

"დილა"-"ვიტ ჯორჯიის" მატჩის დამთავრების შემდეგ იქნება მასპინძელთა გუნდის მწვრთნელ-ფეხბურთელთა ოქროს მედლებით დაჯილდოება და, რაც მთავარია, საჩემპიონო ფოიერვერკი და ნამდვილი საზეიმო განწყობა!

აი, მატჩის შედეგი კი ამ შემთხვევაში უკვე მეორეხარისხოვანი იქნება... ოღონდ მხოლოდ მასპინძლებისათვის, თორემ "ვიტ ჯორჯიისათვის" დღევანდელი შეხვედრა დარჩენა-არდარჩენის ტოლფასია, მაგრამ ამაზე ქვემოთ...

სატელევიზიო გადაძახილი
საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის სპორტული რედაქცია ფეხბურთის გულშემატკივრებს მშვენიერ სიურპრიზს უმზადებს: იმის გარდა, რომ გორიდან პირდაპირი ტელერეპორტაჟია და ყველა მიადევნებს თვალს "დილას" საჩემპიონო ზეიმს, დაგეგმილია პირდაპირი სატელევიზიო ჩართვები კიდევ ორი სტადიონიდან ("დინამო არენიდან" და "ჩელე არენიდან").

ანუ გორის მატჩის პარალელურად მიმდინარე შეხვედრებში მომხდარი საინტერესო პერიპეტიების ხილვაც ასევე პირდაპირ ეთერში იქნება შესაძლებელი. ვერაფერს ვიტყვით, მართლაც მშვენიერი იდეაა და ადვილი წარმოსადგენია, თუ როგორი ინტერესი ექნებოდა ამ სატელევიზიო გადაძახილს, საჩემპიონო ინტრიგა ერთდროულად სამივე მატჩში (გორში, თბილისში, ქობულეთში) რომ ყოფილიყო დარჩენილი...

აშკარა დასაჯერებელი: პრიზიორები ჯერ არ გარკვეულან!
ადრეც არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ "ცხინვალს" ევროტურნირებზე მოსახვედრად ერთადერთი შანსიღა რჩებოდა: საქართველოს თასი თბილისის "დინამოს" მოეგო. ამ შემთხვევაში, საქართველოდან ევროპალიგის კიდევ ერთ საგზურს ჩემპიონატის მეოთხეადგილოსანი "ცხინვალი" მიიღებს.

თუმცა კიდევ არსებობს იმის თეორიული შანსი, რომ "ცხინვალი" თასის ფინალს არც დაელოდოს და ისე მოიპოვოს ევროპის ლიგის საგზური. ამისათვის კი საჭიროა, რომ კახა კაჭარავას გუნდმა თავისი მატჩი მოიგოს, ხოლო ბათუმის "დინამომ" თავის "კარის მეზობელთან", უმოტივაციო "შუქურასთან" 1 ქულაც ვერ აიღოს.

ანუ "ცხინვალის" მოგებისა და ბათუმის "დინამოს" წაგების შემთხვევაში ორივე გუნდს ერთნაირი ქულა ექნებათ, ურთიერთშეხვედრებშიც თანაფარდობა ექნებათ და მოგებათა რაოდენობაშიც; სამაგიეროდ, "ცხინვალს" ბურთების უკეთესი სხვაობა ექნება.

აი, რაც შეეხება "ცხინვალისა" და თბილისის "დინამოს" "ურთიერთობას", თანაბარი ქულების შემთხვევაში უპირატესობა ჩვენი ყველაზე ტიტულიანი კლუბის მხარეს არის.

მაგრამ არის კიდევ ერთი თეორიული ვარიანტი, რის მიხედვითაც, თბილისის "დინამო" შესაძლოა უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდეს და მხოლოდ და მხოლოდ თასის ფინალის იმედად დარჩეს.

ანუ არის იმის შანსი, რომ თბილისის "დინამომ" ჩემპიონატი ... მეოთხე ადგილზე დაასრულოს! ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ "ცხინვალი" მოიგებს, ხოლო თბილისის "დინამოც" და ბათუმის "დინამოც"... წააგებენ!

ესე იგი, სამივე გუნდი ერთნაირი რაოდენობის ქულებს (55) დააგროვებს და ასეთ შემთხვევაში ქულები სწორედ ამ სამი გუნდის ურთიერთშეხვედრებში დაითვლება, რის მიხედვითაც ჯერ ბათუმელებს ექნებათ უკეთესი შედეგი, მერე - "ცხინვალს". ანუ, უფრო რომ დავაკონკრეტოთ, ამ სამგუნდიან ცხრილში ბათუმის "დინამოს" 7 ქულა ექნება, "ცხინვალს" - 6, თბილისის "დინამოს" კი - 4.

სხვების რა მოგახსენოთ, მაგრამ ამ საფეხბურთო რებუსის "სისრულეში მოყვანისა" ჩვენ ნაკლებად გვჯერა. ალბათ, ასე ფიქრობს გულშემატკივართა თითქმის აბსოლუტური უმრავლესობაც: ძნელზე-ძნელი დასაჯერებელია, ორივე "დინამომ" უმოტივაციო მეტოქეებთან, სულ მცირე, ერთი ქულა რომ ვერ აიღონ.

თანაც, მოტივაციის ნაკლებობას არც ერთი "დინამო" არ განიცდის: თბილისელთა გუნდი ხომ ათწლიანი პაუზის მერე პირველად უნდა დამოძღვროს გია გეგუჩაძემ, ხოლო ბათუმელებს ურეალურესი შანსი აქვთ, 16-წლიანი პაუზის მერე გავიდნენ ევროასპარეზზე!

ვინ (გა)დარჩება?
ზემოთ "ვიტ ჯორჯიისათვის" უმნიშვნელოვანესი მატჩი ვახსენეთ და მართლაც ასეა: დებიუტანტი სპეციალისტის, თენგიზ კობიაშვილის დამოძღვრილ ახალგაზრდულ გუნდს სავსე ტრიბუნების წინ, უკვე ჩემპიონის ამპლუაში მყოფ "დილას" წინააღმდეგ მოუწევს თამაში.

ერთი შეხედვით, "ვეტერინარები" მთლად კატასტროფულ სიტუაციაში არ არიან: უშუალო კონკურენტს, "მეტალურგს" ხომ 1 ქულით უსწრებენ; თუმცა, იმასაც ხომ აქვს მნიშვნელობა, ბოლო ტურში მეტოქედ რომელი გუნდი გყავს? თუმცა ყველასგან მიტოვებული "მეტალურგის" გადარჩენის ამბავი ... რუსთავშიც ძალიან ნაკლებად თუ ვინმეს სჯერა...

...დაბოლოს, კიდევ ერთ (თანაც - "ახალთახალ") ინტრიგაზეც: ვთქვათ, "ვიტ ჯორჯიამ" შეძლო, უკვე უმოტივაციო "დილას" სტუმრად მოუგო და ამის პარალელურად, "სიონმა" ... წააგო საშინაო შეხვედრა ყველანაირად უმოტივაციო "გურიასთან".

აი, მაშინ კი "ვიტ ჯორჯიაც" და "სიონიც" ერთნაირ ქულებს აგროვებენ და ურთიერთშეხვედრებში უპირატესობის წყალობით, "ვეტერინარები"... გადათამაშებასაც კი ასცდებიან! თუმცა, ზემოთ ნახსენები "საპრიზიორო ინტრიგისა" არ იყოს, ამ შემთხვევაშიც გვეეჭვება, რომ მოვლენები მსგავსი სცენარით განვითარდეს. თუმცა, მთავარი ხომ ინტრიგაა...

22.05. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე". 17:00. LIVE I არხზე
დილა-ვიტ ჯორჯია
პირველი წრე 2:2
ურთიერთშეხვედრები
33: +5 =4 -24, 27-69
დისკვალიფიკაცია: ალან ბაგაევი (დილა)

22.05. ლანჩხუთი. "ევგრაფი შევარდნაძე". 17:00
კოლხეთი-ცხინვალი
პირველი წრე 2:1
ურთიერთშეხვედრები
7: +3 =3 -1, 5-6

22.05. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე". 17:00

სამტრედია-მერანი
პირველი წრე 0:0
ურთიერთშეხვედრები
1: +0 =1 -0, 0:0
დისკვალიფიკაცია: ლევან გეგეჭკორი, ლაშა ჯღამაია (ორივე – მერანი)

22.05. თბილისი. "დინამო არენა". 17:00
დინამო (თბ)-ჩიხურა
პირველი წრე 0:1
ურთიერთშეხვედრები
11: +7 =3 -1, 32-9
დისკვალიფიკაცია: მანუელი (დინამო) - თეიმურაზ ღონღაძე, არჩილ ბაჯელიძე (ორივე – ჩიხურა)

22.05. თბილისი. "მიხეილ მესხი". 17:00
სიონი-გურია
პირველი წრე 0:0
ურთიერთშეხვედრები
18: +10 =5 -3, 28-13
დისკვალიფიკაცია: გიორგი მიქაბერიძე (სიონი)

22.05. რუსთავი. "ფოლადი". 17:00
მეტალურგი-ტორპედო
პირველი წრე 1:0
ურთიერთშეხვედრები
15: +6 =5 -4, 16-17

22.05. ქობულეთი. "ჩელე არენა". 17:00
შუქურა-დინამო (ბთ)
პირველი წრე 0:0
ურთიერთშეხვედრები
3: +1 =1 -1, 2-4

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
რა უსაქმურია ამის დამწერი :)))
dudu
12:48 22-05-2015
0
ნუ სულ ბათუმის წაგებაზე რომ წერენ რა ,ხომ წააგებინეს თამაშები და მაინც რომ ვერ ისვენებენ!!!!
batumi
13:12 22-05-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული