მეტალურგი-ლოკომოტივი 0:5 - უმაღლეს ლიგაში, სწორი გათვლით [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
ასაკობრივი ნაკრებების შემდეგ ვასილ მაისურაძემ წარმატებული მუშაობა საკლუბო დონეზეც გააგრძელა და "ლოკომოტივი" უმაღლეს ლიგაში მთლად ბავშვებით გადაიყვანა.

მიუხედავად იმისა, რომ მისი გაწვრთნილი თბილისის "ლოკომოტივი" ბოლო ხუთი წელიწადი პირველ ლიგაში გამოდიოდა, მაინც ბევრი გულშემატკივარი შეიძინა. კლუბის მეპატრონე ლექსო თოფურიას სწორი გათვლის დამსახურებაა, უმაღლეს ლიგასა და ევროთასებზე მოხვედრის ნაცვლად, მიზნად ნიჭიერი ბავშვების გაზრდა და დაწინაურება რომ დაისახა.

ამისთვის მან შესაფერისი კვალიფიკაციის მწვრთნელები შეკრიბა და ამ შრომამ (და გათვლამ) ნაყოფი გამოიღო.

შეგახსენებთ, "ლოკომოტივმა" პლეი ოფში თამაშის უფლება 23 მაისს, "ბორჯომთან" პენალტების სერიაში გამარჯვებით
(ძირითადი დრო 3:3, პენალტებით 4:2) მოიპოვა.

იქიდან გამომდინარე, რომ "მეტალურგი" მაინც უმაღლესლიგელი იყო, ყველა დაძაბულ მატჩს ელოდა, მაგრამ თბილისელებმა მეტოქეს იოლად მოუგეს.

ყველას გვტკივა, ვარლამ კილასონიას სიმპათიური გუნდი რომ დაუშალეს. ცხადია, უფულობამ მეტალურგებზე ძალიან უარყოფითად იმოქმედა, ფეხბურთელები გამოფიტულები და იმედწართმეულები ჩანდნენ. რომ არა კილასონია, "მეტალურგი" მეორე წრეში მოედანზე არც გავიდოდა, მაგრამ შრომა და საკუთარი ქალაქის სიყვარული არავინ დაუფასა.

გასაკვირი ის იყო, რუსთაველებმა მხოლოდ დასაწყისში რომ გაიბრძოლეს, როცა გურამ მინდორაშვილის ჩაწოდების შემდეგ თბილისელთა კარს რეზო ბარაბაძე დაემუქრა, მაგრამ მეკარე ბაჩო მიქავა ბურთს იოლად დაეუფლა. მერე კი პატარა ბიჭებით დაკომპლექტებულმა "ლოკომოტივმა" ანგარიში ავტოგოლით გახსნა - უმცროსმა გიორგი კიკნაძემ შეტევა მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან გახსნილ დავით უბილავას გაუგრძელა, თავდამსხმელისთვის გამიზნული ბურთი კი გიორგი ნარიმანიძემ საკუთარ კარში ჩაჭრა.

მერე რუსთაველებმა "ლოკომოტივი" ვეღარ შეაჩერეს. შეტევა კიკნაძემ წამოიწყო და საჯარიმოში გახსნილი მამია გავაშელიშვილი მოძებნა, რომელმაც დაუფიქრებლად დაარტყა და სეზონში 46-ე გოლი გაიტანა - 2:0.

მეორე ტაიმის დასაწყისში გეგა დიასამიძემ მეკარესთან პირისპირ დატოვა გიორგი არაბიძე, რომლის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გიორგი გაგნიძემ გამოიყენა - 3:0. მალევე, "ლოკომოტივის" ცენტრალურმა მცველმა ზუსტი საჯარიმო დარტყმით დუბლი შეასრულა - 4:0.

თბილისელებმა კიდევ არაერთი მომენტი შექმნეს, მაგრამ არაბიძემ და კიკნაძემ ბურთი ძელს მოარტყეს. რუსთაველებს სხვაობის შესამცირებლად მხოლოდ ორი შანსი ჰქონდათ, მაგრამ რევაზ ბარამიძის დარტყმის შემდეგ მიქავამ თავისიანები გადაარჩინა, მეორედ კი რუსთაველთა ფორვარდს სიზუსტემ უმტყუნა.

მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა დემურ ჩიხლაძემ, რომელმაც "მეტალურგის" საჯარიმოში შეჭრილი დიასამიძის შეტევა დააგვირგვინა - 5:0.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

მსაჯის საფინალო სასტვენისთანავე გამარჯვებულებმა ემოციები ვერ დამალეს - ხუთწლიანი პაუზის შემდეგ "ლოკომოტივი" უმაღლეს ლიგაში დაბრუნდა, რუსთავის "მეტალურგი" კი პირველ ლიგაში დაქვეითდა. თუმცა, დღევანდელი მდგომარეობით, ქვეყნის ორგზის ჩემპიონის ამ ლიგაში თამაშიც საეჭვოა.

ასე დასრულდა საფეხბურთო სეზონი, რომელიც იმით იყო უნიკალური, რომ უმაღლეს ლიგას ერთდროულად ქვეყნის სამი ყოფილი ჩემპიონი დაემშვიდობა...

საქართველოს ჩემპიონატი. პლეი ოფი
27.05. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათ). 3 500 მაყურებელი
მეტალურგი-ლოკომოტივი 0:5
გოლები: 0:1 ნარიმანიძე (16-საკ. კარში), 0:2 გავაშელიშვილი (29. კიკნაძის პასით), 0:3 გაგნიძე (50-პენ), 0:4 გაგნიძე (54), 0:5 ჩიხლაძე (75. დიასამიძის პასით)
მეტალურგი: ნადირაძე - მინდორაშვილი, ნარიმანიძე (46. ბიწკინაშვილი), ბერუაშვილი, კ. ხიზანეიშვილი (44. ციცქიშვილი) - სარიშვილი, ზვიადაძე - შუშიაშვილი, გაბაშვილი (56. ბარამიძე), ჩიკვაიძე - რ. ბარაბაძე.
სათადარიგოები: ს. ქარდავა, ბროლაძე, გულუა, ბ. ოქროპირიძე
მწვრთნელი: ვარლამ კილასონია
ლოკომოტივი: მიქავა - ჩიტეიშვილი (56. მაკასარაშვილი), გაგნიძე, სანდოხაძე, უბილავა - სამურკასოვი (64. ჩიხლაძე), სულთანიშვილი - არაბიძე, დიასამიძე, კიკნაძე - მ. გავაშელიშვილი (74. ღვინაშვილი).
სათადარიგოები: რომელფენგერი, გაბაძე, ართმელიძე, ლუკავა
მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე
გაფრთხილება: ხიზანეიშვილი (33), ნადირაძე (49)
არბიტრი: გ. ვადაჭკორია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
წარმატება ლოკომოტივს, ღირსეულად გავიდა უმაღლესში.
მეტალურგს ისევ აღზევებას ვუსურვებ მომავალი წლიდან.
საცოდაობა ისაა რომ 125 000 იანი ქალაქის სახელოვანი კლუბი ასე დაკნინდა,ხოლო თბილისს კიდევ ერთი თუმცა მოტივირებული და მონდომებული, მაგრამ უმაყურებლო კლუბი შეემატა. დინამო, ვიტი, ცხინვალი, საბურთალო,ლოკომიტივი. 5 კლუბი აქვს ფაქტიურად თბილისს. ალბათ სჯობს ფედერაციის დახმარებით ლოკომიტივს სადმე კახეთში განთავსდეს თუნდაც თელავში რომ ფეხბურთიც დააბრუნოს და მაყურებელიც ჰყავდეს. ასევე რომ ცხინვალიც ხაშურში იყოს.
რომ არა ზესტაფონის ხელოვნური გაგდება,ახლა იმერეთს და თბილისს ერთნაირი ოდენობით კლუბები ეყოლებოდათ უმაღლესში. თუმცა ჯერ ყველაფერი წინაა, თუ ზესტაფონი ლოზანამ გააამრთლა აი მერე თქვით თქვენ წიოკ-წიოკი.
ჯორდანო უბრუნებელი
12:14 28-05-2015
0
ყოჩაღ ლოკომოტივს!!! მისი და საბურთალოს ახალგაზრდულ გუნდებში დანერგილი სწორი მენეჯმენტი ქართული ფეხბურთის აღორძინების დასაწყისად შეიძლება მივიჩნიოთ!!!
შიო ბასრელი
13:47 28-05-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული