დასრულებულ სეზონზე, "სიონის" აწმყოსა და მომავალზე გუნდის მთავარ მწვრთნელ ლადო ბურდულს ვესაუბრეთ...
- რთული სეზონი გამოდგა "სიონისთვის". ობიექტურად რომ ვთქვა, უკეთესი გუნდი გვყავდა, ვიდრე ეს შედეგიდან ჩანს. ზამთარში ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი გავუშვით და აქცენტი ახალგაზრდებზე გავაკეთეთ. ეს არ არის იოლი პროცესი. ექვს თვეში ვერ აეწყობა ახალი გუნდი. გაჩნდა შეთამაშების პრობლემა, იყო უიღბლობის და,
- თუ ლიდერების წინააღმდეგ "სიონი" მეტწილად კარგად თამაშობდა, ამას ვერ ვიტყვით უშუალო კონკურენტებზე. გუნდს სათამაშოდ განწყობა თითქოს უჭირდა...
- მე უფრო ტრავმებზე გავაკეთებდი აქცენტს. პრაქტიკულად, ისე მოხდა, რომ არც ერთი მატჩი არ ჩაგვიტარებია ოპტიმალური შემადგენლობით. გურეშიძე და ცნობილაძე, წამყვანი მცველები, ხშირად გვაკლდებოდნენ.
შეკრებაზე გიორგი მიქაბერიძე "სიონის" ერთ-ერთი ლიდერი იყო. ჩამოვედით და... ორ ტურში დაშავდა. დროის დეფიციტიც გვქონდა. ევროპალიგაზე რომ გავიდა, იმ გუნდის მოთამაშეები ორი წლის განმავლობაში ერთად იყვნენ და შეთამაშების პრობლემა არ ჰქონდათ.
- მომავლის გეგმები როგორია?
- ჯერ კლუბის ხელმძღვანელობასთან უნდა დავილაპარაკო. მაისის ბოლოს "სიონთან" კონტრაქტი მეწურება. ვნახოთ, რა იქნება... შეიძლება, სპონსორი გამოჩნდეს "სიონში".
- სოლიდურ კომპანიაზეა საუბარი?
- თუ წელიწადში ნახევარ მილიონ ან მილიონ ლარს დახარჯავს, ჩვენს პირობებსა და რეალობაში უკვე სერიოზული სპონსორი შეიძლება ვუწოდოთ.
- ახალ ფეხბურთელებს თუ დაიმატებთ? აქცენტი ქართველებზე გაკეთდება თუ უცხოელებზე?
- ჯერ ის გვინდა, რომ ძირითადი ბირთვი შევინარჩუნოთ. ქართველებიც და უცხოელებიც შეგვიძლია მოვიაზროთ პოტენციურ ახალწვეულებად. მაგალითად, პორტუგალიელმა ლუის ალბერტომ გაამართლა. ის ჩვენი ჩემპიონატის საუკეთესო თავდამსხმელად მიმაჩნია. თუ ასეთი ლეგიონერი გამოჩნდება, რატომ არ უნდა ავიყვანოთ ის?! აქვე გეტყვით, რომ დაგვტოვა ბრაზილიელმა ლეგიონერმა არაუჟომ. სხვა სიახლეების შესახებ მოგვიანებით ვილაპარაკოთ...
- "სიონმა" კონტრაქტი გაუგრძელა ლუის ალბერტოს. მომავალ სეზონში პორტუგალიელი უფრო მეტად უნდა გამოგადგეთ...
- მასთან ერთი წლით გავახანგრძლივეთ ხელშეკრულება. მაგრამ, შესაძლოა, ლუის ალბერტომ მომავალ სეზონში "სიონში" არ ითამაშოს. თუ ისეთი გუნდი გავაკეთეთ, რომელიც უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებს, მაშინ ლუისს დავიტოვებთ, თუ არა და, შესაძლოა, მან სხვაგან გააგრძელოს კარიერა.
- არის ინტერესი?
- არის ინტერესი როგორც ქართული, ისე თურქული და დანიური კლუბებისგან.
- დაჩი ცნობილაძისა და სანდრო გურეშიძის სავარაუდო ტრანსფერებზე "სტიაუა" ხომ არ შეგხმიანებიათ?
- ჩვენ რომ ვეთამაშეთ "სტიაუას" თურქულ შეკრებაზე, ამ ორი ფეხბურთელის მიმართ იყო დიდი ინტერესი. ამის შემდეგ რუმინელები კონტაქტზე აღარ გამოსულან.
- უნდა გთხოვოთ საქართველოს დასრულებული ჩემპიონატის შეფასება. გაამართლა თუ არა 16-გუნდიანმა პირველობამ?
- ჩემი აზრით, გაამართლა და შევეცდები ავხსნა, რატომ ვფიქრობ ასე. ჯერ მარტო ის რად ღირს, რომ პირველობა ორ წრედ ჩავატარეთ და ოთხჯერ არ შევხვდით ამა თუ იმ გუნდს. ჩემპიონატს ბოლომდე არ დაუკარგავს ინტრიგა. ცხრილის ზედა და ქვედა ნაწილში რაც ხდებოდა, ეს ყველამ ვიცით.
შემიძლია დავიფიცო, რომ დიდი ბრძოლა მიდიოდა თუნდაც მეექვსე ან მეშვიდე ადგილისთვის. გუნდების უმრავლესობა ჩვენთან სახელმწიფო სტრუქტურებისგან ფინანსდება და ხელმძღვანელობა აქცევს ყურადღებას შედეგს, დაკავებულ ადგილს...
კარგად გახსოვთ, წინა ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე ჩვენ ვაწყდებოდით უმოტივაციო გუნდების პრობლემას. ახლა ეს აღარ არის. დავამატოთ ისიც, რომ, ფაქტობრივად, ყველა კლუბში გამოჩნდა ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი.
ამბობენ, ხარისხი დაეცაო. მე ვარ მწვრთნელი, შიგნიდან ვხედავ ყველაფერს და გულწრფელად გეუბნებით, ხარისხი არ დაცემულა. ჩვენზე მეტად არავის უნდა, რომ ხარისხი იყოს მაღალი.
- დაბოლოს, გკითხავთ საქართველოს თასის ფინალზე. ასეთ ანგარიშს "დინამოს" ქომაგთა დიდი უმრავლესობაც ვერ წარმოიდგენდა. თქვენ?
- ასეთ ანგარიშს არც მე ველოდი. გარდამტეხი მომენტი, ალბათ, მაშინ დადგა ამ შეხვედრაში, როცა ალექსანდრე იაშვილმა დიდებული პასი მისცა გიორგი დათუნაიშვილს და "დინამო" მეკარემ გადაარჩინა...
თასის ფინალი იყო, ჩამორჩენილმა "სამტრედიამ" ზონები მოაშიშვლა და მივიღეთ ის ანგარიში, რომელიც ტაბლოზე დაფიქსირდა. "დინამომ" დიდებულად ითამაშა. იყო კლასი, სანახაობა, მომენტების რეალიზაცია...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"