ლანჩხუთის "გურია": კლუბში ირაკლი ვაშაკიძე იმუშავებს, გუნდს კი ჯერ გიგლა იმნაძე გაწვრთნის

AutoSharing Option
ირაკლი ვაშაკიძე ლანჩხუთის "გურიაში" იმუშავებს. ეს კლუბის სპორტულმა დირექტორმა ედიშერ ჟორდანიამ გაგვიმხილა.

"კლუბმა ეროვნული ლიცენზია რომ ვერ მიიღო, ამ საქმის კარგი მცოდნის მოწვევა გადავწყვიტეთ. დავუკავშირდით ირაკლი ვაშაკიძეს და, ჩვენდა გასახარად, თანამშრომლობაზე დაგვთანხმდა.

ის გამოცდილი კაცია, რადგან თბილისის "დინამოში" მუშაობა ბევრს ნიშნავს და გვიხარია, რომ ამიერიდან "გურიისთვის" იზრუნებს.

ვაშაკიძე კლუბში ტრანსფერების მენეჯერი იქნება, თუმცა, შესაძლოა, ლიცენზირების საკითხებზეც იმუშაოს. ეს ამბავი გადაწყვეტილია და ფედერაციაში ოფიციალური განაცხადიც წარვადგინეთ", - ამბობს ჟორდანია.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ვაშაკიძე თბილისის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელია. ეროვნულ ნაკრებში ერთი მატჩიც
აქვს ჩატარებული. კარიერის დასრულების შემდეგ ფიფას ლიცენზირებული აგენტი გახდა, 2013 წელს კი თბილისის "დინამოს" სპორტულ მენეჯერად დაინიშნა, მაგრამ ეს კლუბი 2014 წლის ივლისში დატოვა.

ჟორდანიას თქმით, კლუბთან კონტრაქტი ყველა ფეხბურთელს დაუსრულდა:

"ერთწლიანი კონტრაქტი არავისთან გაგვიფორმებია, ყველას მხოლოდ 6-თვიანი ხელშეკრულება ჰქონდა და ვადა ამოეწურათ. მაგრამ ცხადია, რომ ვიღაც დარჩება, ვიღაც - წავა.

ეს ახალი მთავარი მწვრთნელის გადასაწყვეტია, ხოლო ამ პოსტზე ვინ დაინიშნება, ეს საკითხიც ჯერჯერობით ღიად არის დარჩენილი. დროებით ამ პოსტზე გიგლა იმნაძე მუშაობს და არ არის გამორიცხული, სეზონისთვის "გურია" სწორედ მან მოამზადოს".

კიდევ ერთი საინტერესო სიახლე: როგორც იქნა, 30-წლიანი უმოქმედობის შემდეგ ლანჩხუთის "გურიის" გრიგოლეთის ბაზას საშველი დაადგა. ბაზას მალე გაარემონტებენ:

"ტენდერი გამოცხადდა და უახლოეს პერიოდში, ბაზის რეკონსტრუქცია დაიწყება. პირველ ეტაპზე მოწესრიგდება ფეხბურთელთა საცხოვრებელი კორპუსი, სადაც ყველა საჭირო პირობა იქნება. ცხადია, გაკეთდება მოედანი. შემდგომ ეტაპზე კი მეორე მოედნის მოწყობაც იგეგმება.

ეს იქნება არა მხოლოდ ლანჩხუთის "გურიისთვის", არამედ მოსამზადებელ ციკლში, შესაძლოა, სხვა გუნდებმაც ისარგებლონ და ამით კლუბის ბიუჯეტი შეივსოს. ყირიმში დატრიალებული მოვლენების გამო, შესაძლოა, გრიგოლეთის ბაზით უკრაინის დაბალი ლიგის გუნდებმა ისარგებლონ.

ნებისმიერ შემთხვევაში, ლანჩხუთისა და ჩვენი რეგიონის ხელმძღვანელობას კლუბი ემადლიერება, რადგან "გურიის" წინსვლისთვის საკუთარი ბაზა უმნიშვნელოვანესია. რაც მთავარია, ბიუჯეტი მთლიანად "გურიას" მოხმარდება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული