მამია გავაშელიშვილმა დასრულებულ სეზონში 46 გოლი გაიტანა. თბილისის "ლოკომოტივის" ბომბარდირმა ჩინებული სეზონი ჩაატარა და თავი პლეი ოფის შეხვედრებშიც გამოიჩინა. მან "ბორჯომის" კარიც აიღო და "მეტალურგისაც".
"ძალიან გამიხარდა, რომ უმაღლეს ლიგაში გადავედით და მთელი სეზონის შრომა და მონდომება დაგვიფასდა. პლეი ოფის მატჩებისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდით, ჩვენი გულშემატკივარი რომ გაგვეხარებინა.
მიმაჩნია, რომ ახალგაზრდული გუნდით უმაღლეს ლიგაშიც ამბიციური მიზნები გვექნება. ჩვენთან ნიჭიერი ბიჭები არიან, ბევრია სხვადასხვა ასაკის ნაკრების
20 წლის თავდამსხმელმა ჯერ არ იცის, სად გააგრძელებს კარიერას:
"ჯერ მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ საქართველოში დარჩენის შემთხვევაში, ისევ "ლოკომოტივში" ვიქნები. მაგრამ არის ლაპარაკი უცხოეთში წასვლაზე. ჩემი ამბავი მას შემდეგ გაირკვევა, რაც ახალგაზრდული ნაკრებიდან დავბრუნდები".
კაპიტანი დავით უბილავა გუნდის მომავალში დარწმუნებულია:
"პერსპექტიული, მომავლის გუნდი გვყავს. თუ რამდენიმე ფეხბურთელს დავიმატებთ, დარწმუნებული ვარ, უმაღლესშიც კარგად ვითამაშებთ - მაჩანჩალა მაინც არ ვიქნებით. ეგაა, უფრო მაღალ მოთხოვნებთან შეჩვევა რთული იქნება. მაგრამ უმეტესობა ახალგაზრდები ვართ და ესეც არ არის გადაულახავი ამოცანა".
გუნდის მომავალს ცენტრალური მცველი ნიკა სანდოხაძეც იმედიანად უყურებს:
"ბედნიერებაა, ამ ახალგაზრდული და საინტერესო გუნდის წევრი რომ ვარ. მთელი სეზონი მონდომებითა და დიდი სტიმულით ჩავატარეთ. სიმართლე გითხრათ, პლეი ოფის მატჩებმა ძალიან გამაოცა - "ბორჯომთან" უფრო იოლ მოგებას ველოდი და ძალიან გაგვიჭირდა. "მეტალურგთან" კი ბრძოლისთვის ვემზადებოდით და იოლად მოვიგეთ.
დიდი იმედი მაქვს, თავს არც უმაღლეს ლიგაში შევირცხვენთ და მაყურებელს იქაც შედეგიან და ლამაზ სანახაობას ვაჩვენებთ".
გუნდის მთავარ მწვრთნელ ვასილ მაისურაძეს კი სამომავლო გეგმებზე ველაპარაკეთ:
"კარგია, ამ ახალგაზრდებმა გადათამაშების ორივე შეხვედრა რომ მოიგეს და საკუთარი ძალების კიდევ უფრო ირწმუნეს. მათ უმაღლესში თამაში სჭირდებოდათ და მიხარია, მიზანს რომ მივაღწიეთ.
განსაკუთრებით ის მაიმედებს, გამოცდილი მოთამაშეებით დაკომპლექტებულ "ბორჯომთან" და უმაღლესი ლიგის "მეტალურგთან" პირველ ნომრად რომ ვითამაშეთ. ახლა მთავარია, შემადგენლობა შევინარჩუნოთ.
არ არის გამორიცხული, რამდენიმე ფეხბურთელი დავიმატოთ. მაგრამ ისინი ახალგაზრდები იქნებიან თუ გამოცდილები, ამაზე ჩვენს პრეზიდენტთან, ლექსო თოფურიასთან დავილაპარაკებთ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"