"შესაძლოა, იუნიორთა ჩემპიონთა ლიგაში "საბურთალოს" მთავარი გუნდით ვათამაშოთ"

AutoSharing Option
როგორც ვწერდით, "საბურთალოს" 19-წლამდელთა გუნდი იუნიორების ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს. ქართული გუნდი გათამაშებაში ჩაერთვება პირველი საკვალიფიკაციო რაუნდიდან, რომელიც ორმატჩიანი იქნება: პირველი თამაში 29/30 სექტემბერსაა დანინული, მეორე - 20/21 ოქტომბერს.


"საბურთალოს" გენერალური დირექტორი კახა ჭუმბურიძე ამბობს, რომ ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობისთვის ოფიციალური მიმართვა კლუბმა უკვე მიიღო:

- ჩვენ ნამდვილად ვიცოდით, რომ ეს უფლება "საბურთალოს" ჰქონდა. მაგრამ ბოლო მომეენტამდე დასტური არ გვქონდა. ხუთშაბათს კი უეფადან ოფიციალური წერილიც მივიღეთ - გვატყობინებენ, რომ ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში "საბურთალო"
ითამაშებს.

- ძნელი წარმოსადგენი არ არის, ეს ამბავი კლუბში რამხელა სიხარულსა და აჟიოტაჟს გამოიწვევდა...
- ძალიან ბედნიერები ვართ. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპაში გავდივართ და გრანდებს შევხვდებით. ამას გარდა, ყველა დიდ გამოცდილებას მივიღებთ - ხელმძღვანელები, მწვრთნელები, პერსონალი, რაც მთავარია - მოთამაშეები. ევროპასთან მეტი ურთიერთობა კლუბის განვითარებისთვის აუცილებელია. განა, ამისთვის არ არის "სალერისა" და "ფოლკსვაგენის" ტურნირები?

მიმაჩნია, რომ ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ "საბურთალოსთვის", არამედ, მთლიანად ქართული ფეხბურთისთვის. აქედანაც ჩანს, რომ უეფა ჩვენაირ ქვეყნებზე რეალურად ზრუნავს და ამისთვის მის მესვეურებს მადლობა ეკუთვნით. წარმოგიდგენიათ, ჩვენი ბიჭები რამხელა გამოცდილებას შეიძენენ?

- თამაშებისთვის გუნდი სად და როდის მოემზადება?
- ახალი ამბავია და ჯერ ყველაფერი დაზუსტებული არ არის. ისე, შესაძლოა, ამ ტურნირზე ჩვენი მთავარი გუნდი ვათამაშოთ.

- ეს როგორ?
- რეალურად, ჩვენი მთავარი გუნდის წევრთა უმრავლესობას იუნიორების ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობის უფლება აქვთ. აგერ, ვასილ მაისურაძემ 19-წლამდელთა ნაკრებში 8 საბურთალოელი მიიწვია.

გარდა ამისა, უეფას განაცხადში 40 მოთამაშის შეყვანაა შესაძლებელი, აქედან სამი - 20 წლის შეიძლება იყოს. "საბურთალოში" კი ამ დროისთვის 20-20 წლისანი ის ბიჭები იქნებიან, ვინც გიორგი დევდარიანს 19-წლამდელთა ნაკრებში ჰყავდა - ლაზარე კუპატაძე, გია ჩაბრაძე, ჯემალ ტაბიძე, გაგი მარგველაშვილი, გიორგი თევზაძე, გიორგი ხარაიშვილი, პლუს ამათ - გიორგი ხორხელი.

თამაშის უფლება მხოლოდ სამ ფეხბურთელს არ ექნება - ზურაბ მენთეშაშვილს, დავით ჯიქიასა და ნოდარ იაშვილს.

- ანუ, გუნდს ლიგაზეც გია ჭიაბრიშვილი გაიყვანს?
- შესაძლოა, ასეც იყოს. გია გუნდს სეზონისთვის ისედაც ამზადებს, "საბურთალო" თურქეთში გაემგზავრება და სექტემბერში გათამაშებაშიც ჩაერთვება. თუმცა, ეს ჯერ კიდევ მოსაფიქრებელია.

- კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი: სად უმასპინძლებთ ევროპელებს?
- "მიხეილ მესხის" მთავარ ან სათადარიგო მოედანზე.

- თქვენი აზრით, "საბურთალოს" მთავარი ჯგუფის გუნდებთან მოხვედრის რა შანსები აქვს?
- 19-წლამდელთა ნაკრებში ჩვენი ბიჭების კარგმა თამაშმა დამარწმუნა, რომ მათ შანსი ნებისმიერ მეტოქესთან აქვთ. დიახ, ნებისმიერთან! - არაფერს ვაჭარბებ.

სხვათა შორის, არავის დამატებასაც არ ვაპირებთ, რადგან კარგი თაობები გვეზრდება და ჭაბუკთა ლიგიდანაც საიმედო ცვლა მოდის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული