ქობულეთის "შუქურა": მამუკა ჯუღელი დიდ სიურპრიზს ამზადებს

AutoSharing Option
მამუკა ჯუღელი, რომელიც ბოლო 4 წლის განმავლობაში გორის "დილას" ეხმარებოდა, რუსეთის პრემიერლიგაში კი "ტოსნოს" გადაყვანას ცდილობდა, ახალი სეზონიდან ქობულეთის "შუქურას" სპორტულ დირექტორად იმუშავებს.

საერთოდ, ქობულეთელებს ძალიან ამბიციური გეგმები შეუმუშავებიათ და ვფიქრობთ, "ლელოსთან" კლუბის ხელმძღვანელის რევაზ ჩელებაძის ინტერვიუ უთუოდ დაგაინტერესებთ. ის ამბობს, რომ "შუქურამ" მიზნად ევროპალიგაზე გასვლა დაისახა:

- ბატონო რევაზ, დავიწყოთ იმით, რომ მამუკა ჯუღელი გორის "დილადან" გადმოიყვანეთ. მოულოდნელი სვლა იყო...
- მამუკას ბევრი კარგი საქმე გაუკეთებია, მაგრამ დიდხანს იყო ჩრდილში და გუნდებს ასე ეხმარებოდა. მან რუსეთის პრემიერლიგაში რამდენიმე გუნდი
გადაიყვანა, "დილას" ჩემპიონობაში კი, დამიჯერეთ, ლომის წილი დაიდო. ის რომ არ ყოფილიყო, ამ შედეგის მიღწევა გაუჭირდებოდათ.

მამუკასთან ვმეგობრობ და მინდოდა, გვერდში დამდგომოდა. ასეც მოხდა - ის "შუქურას" სპორტული დირექტორი გახდა და დარწმუნებული ვარ, ერთად რომ ვიქნებით, ვერავინ შეგვაჩერებს. მის მოსვლას ძალიან დიდ იმედებს ვუკავშირებ, რადგან მას ძლიერი შემადგენლობის შეკრება შეუძლია, ჩვენ კი უსიკვდილოდ სამეულში მოხვედრა და ევროპალიგაზე გასვლა გვსურს.

- ჯუღელი უფულო კლუბში არ მიდის. "შუქურას" დაფინანსების ამბავი კი გაურკვეველი იყო...
- აჭარის მთავრობის მეთაურს, არჩილ ხაბაძეს ფეხბურთი უყვარს და ამ შემთხვევაში, საფეხბურთო სამყაროს სანერვიულო არაფერი გვაქვს. გაიხსენეთ, აჭარაში ფეხბურთი რა დღეში იყო მანამდე და ახლა როგორი ვითარებაა.

ორი წლის წინ უმაღლეს ლიგაში რეგიონს ერთი გუნდიც სანატრელი გვქონდა. ახლა კი ხუთი კლუბი კარგად ფინანსდება, ორი კი უმაღლესში თამაშობს. "შუქურას" დაფინანსება გაურკვეველი არ ყოფილა, უბრალოდ, დეტალები ზუსტდებოდა. მერწმუნეთ, ახალ სეზონში საკმაოდ სოლიდური ბიუჯეტი გვექნება, რასაც ბევრი ქართული კლუბი ინატრებდა. მაგრამ ბატონ არჩილთან ჯერ მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმება გვაქვს. ციფრებს ვერ დავაკონკრეტებ, ბიუჯეტს კი მალე დაგვიმტკიცებენ...

ჩვენი მიზანი არა ერთჯერადი გუნდის ჩამოყალიბება, არამედ რამდენიმე წელიწადზე გათვლილი პროგრამის განხორციელება და ძლიერი გუნდის შესაქმნელად საფუძვლების ჩაყრაა. ქობულეთი ლამაზი ქალაქია, ნიჭიერი ბავშვები მრავლად არიან, მთავრობა გვეხმარება, ბიუჯეტი გვექნება და უთუოდ მოგვიხდება ძლიერი გუნდიც, რომელიც ევროპაშიც ნორმალურად ითამაშებს.

- სიახლეებიც გვითხარით. ვინ დაიმატეთ?
- ბევრ მოთამაშეს ვიმატებთ. ეს მთლიანად ჯუღელის დამსახურებაა. გვარებს გეტყვით და თავად განსაჯეთ: მოსკოვის "დინამოში" გაზრდილი მეკარე სტურუა გვეყოლება, რომელიც ჩემი დროინდელი საბჭოთა ნაკრების მეკარის ნიკოლაი გონტარის გაზრდილია. მარტვილის "მერანიდან" გეგეჭკორი მოვიწვიეთ, "ზუგდიდიდან" - გუგუჩია, "ცხინვალიდან" - თარხნიშვილი, "სამტრედიიდან" - დოლიძე, გეწაძე და შარიქაძე, "ვიტ ჯორჯიიდან" - ლობჯანიძე, ლანჩხუთის "გურიიდან" - ინგოროყვა და ჭეიშვილი, მეორელიგელი გურჯაანის "ალაზანიდან" კი ნიქაბაძე, რომელმაც 15 თამაშში 24 გოლი გაიტანა.

ნიჭიერი ბიჭია, აქამდე ლიტვურ "ბანგასა" და "გურიაში" თამაშობდა. ტრავმის შემდეგ ფეხბურთს დაუბრუნდა ავთო ბრაჭული, რომელიც საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" დუბლების ცენტრალური მცველი იყო. გარდა ამისა, კაკალაძეც დავიმატებთ - მიშა ქობულეთელია და გვინდა, გვერდით გვყავდეს.

გუნდში დარჩება ადრიან პუკანიჩი, რაც ასევე მახარებს. მაგრამ ჩვენი ნამატი ამით არ ამოიწურება. პირადად მამუკას დამსახურებაა, რომ ახალი სეზონიდან "შუქურაში" გოჩა ხოჯავა ითამაშებს, ხოლო გოგიტა გოგუასთან მოლაპარაკება მიმდინარეობს. გარდა ამისა, მამუკამ მითხრა, რომ დიდ სიურპრიზს მიმზადებს და მალე კიდევ ერთი, ძალიან ცნობილი და გამოცდილი მოთამაშით გავძლიერდებით.

- "შუქურა" სეზონისთვის მზადება ქობულეთში უნდა დაეწყო, მაგრამ გუნდი ჯერ არ შეკრებილა...
- 27 ივნისს ფეხბურთელები სამედიცინო შემოწმებას "საბურთალოზე" მდებარე სამედიცინო ცენტრში გაივლიან, მერე ქობულეთში მოვემზადებით, 18 ივლისიდან კი უცხოურ შეკრებაზეც გავემგზავრებით და სამთო კურორტ ერზრუმში ვივარჯიშებთ, რომელიც ზღვის დონიდან 1400 მეტრში მდებარეობს. ქობულეთში 1 აგვისტოს დავბრუნდებით.

- ამბიციური გეგმები გაქვთ. ასეთ გუნდს კარგი სტადიონიც სჭირდება. "ჩელე არენის" რეკონსტრუქცია არ გაგრძელდება?
- აჭარის მეთაურთან ამის შესახებაც ვილაპარაკეთ და შეგვპირდა, რომ სტადიონის რემონტის, საფრის შეკეთებისა და განათების სისტემის დამონტაჟების თანხითაც დაგვაფინანსებენ. საღამოს განათებაზე თამაში სულ სხვა სიამოვნებაა და მეტი ხალხიც მოვა. მერე კი, ბათუმის "დინამო" საკუთარ ბაზაზე რომ გადავა, მოედანსაც შევცვლით და ბალახს დავაგებთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
Dა მაგ ხალხიტ გინდატ სამეულსჰი მოხვდრაა? Mუმიებიტ ვერ მიახწევტ წარმატებას არაფერი გუნდი ეგ არ იქნება
lashq
15:08 06-07-2015
0
რა დროს ხოჯავას ფეხბურთია. მაგ ბიჭი "ტბილისში" რომ თამაშობდა მაშინ იყო ფეხბურთელი, ახლა კი სახელი და გვარი დარჩა. ჩელეს არც ჯუღელას გარეშე ეშლებოდა მსაჯებთან ურთიერთობა, ახლა უკეთესად ჩაუბრატდებიან. არაა რა ქართული ფეხბურთის საშველი. შემოიღეთ მიუკერძოებელი დოპინგ-კონტროლი და რას ითამაშებენ ჯუღელას შვილობილები, ერთად ვნახოთ
კლიმენტი
11:04 06-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული