გია ჭიაბრიშვილი: საქმე იქითკენ მიდის, რომ ჯაბა დვალი "საბურთალოს" მაისურას მოირგებს

AutoSharing Option
"საბურთალო" ჩემპიონატისთვის თბილისში ემზადება, რამდენიმე დღეში კი მეორე შეკრებისთვის დუშეთს მიაშურებს. გია ჭიაბრიშვილის გაწვრთნილები პარალელურად ამხანაგურ მატჩებს გამართავენ და 6 აგვისტოს თბილისში დაბრუნდებიან.

"საბურთალოს" მთავარმა მწვრთნელმა მზადებასა და სიახლეებზე ილაპარაკა:

"ახლა ფეხბურთელები დატვირთვების ფონზე თამაშობენ ამხანაგურ მატჩებს. ამიტომაც, შესაძლოა, თამაშის ხარისხი სასურველი არ არის, მაგრამ ეს ჩვეულებრივი მომენტია. მოსამზადებლად წინ კიდევ სამი კვირა გვაქვს და ვეცდებით, ეს პერიოდიც ნაყოფიერად გამოვიყენოთ, ჩემპიონატს მზადყოფნაში შევხვდეთ.

25 ივლისს "საბურთალო" შეკრებაზე დუშეთში გაემგზავრება. რატომ დუშეთი? იქ იდეალური კლიმატია, გუნდის მოსამზადებლად ყველანაირი პირობაა და თბილისთანაც
ახლოსაა - ამხანაგური მატჩების გასამართავად დიდი გზის გავლა არ დაგვჭირდება. გარდა ამისა, შეკრებისას ისეთივე საფარზე ვივარჯიშებთ, როგორიც ჩვენს სტადიონ "ბენდელაზეა" - ანუ ხელოვნურზე. გადაწყვეტილება ამ ფაქტორებიდან გამომდინარე მივიღეთ", - ამბობს ჭიაბრიშვილი.

ერთი თვის განმავლობაში, "საბურთალომ" რამდენიმე ტრანსფერი განახორციელა. ჯიმი ტაბიძემ "გენტთან" მოაწერა კონტრაქტს ხელი, გიორგი თევზაძემ - თბილისის "დინამოსთან".

ჭიაბრიშვილმა ამაზეც თქვა:

"ორივე ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე იყო და მათ პოზიციებზე სასურველი ფეხბურთელის მოძებნა იოლი არ იქნება.

"საბურთალოს" დაკომპლექტებას რაც შეეხება, ჩვენთან კარიერას გააგრძელებს გიორგი ფანცულაია. ის გამოცდილი ფეხბურთელია და უმაღლეს ლიგაში უთამაშია. კლუბში ისინჯება ახალგაზრდა მიხეილ ვაჭარაძე და ვფიქრობ, დარჩება კიდეც.

რაც შეეხება ჯაბა დვალს, ის რამდენიმე კვირაა, ჩვენთან ვარჯიშობს. მცირე დეტალებია მოსაგვარებელი და საქმე იქითკენ მიდის, რომ ჯაბა "საბურთალოს" მაისურას მოირგებს. შესაძლოა, ახლა იდეალურ ფორმაში არ არის, მაგრამ დვალის დამატებით შეტევით ხაზში კიდევ უფრო გავძლიერდებით".

Sportall.Ge

"საბურთალოს" დამრიგებელმა ჩატარებულ ამხანაგურ მატჩებზეც ილაპარაკა:

"ჩვენმა მატჩებმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, თუმცა ამხანაგური და ოფიციალური თამაშები ერთმანეთისგან განსხვავდება. საკონტროლო მატჩებს კლუბები მაინცდამაინც დიდ ყურადღებას არ აქცევენ, "საბურთალო" კი ახალგაზრდა ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, მათ თამაში სწყურიათ. ყველაფერი მაინც ოფიციალურ მატჩებში გამოჩნდება".

უმაღლესში აღზევებული "საბურთალო" ერთდროულად ითამაშებს ჩემპიონატში, თასსა და იუნიორთა ჩემპიონთა ლიგაზე:

"ასეთ რეჟიმში მუშაობა რთული იქნება. ახლა პირველ ნაბიჯებს ვდგამთ. ამავე დროს, ახალგაზრდული გუნდი გვყავს, მაგრამ ფეხბურთელებს ესმით, გამოსვლა რა დონეზე მოუწევთ და მჯერა, ღირსეულად ვითამაშებთ. კარგი სამწვრთნელო შტაბი გვყავს და მათიც ძალიან მეიმედება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული