I ლიგა: "რუსთავი" - ახალი გუნდის ახალი ცხოვრება

AutoSharing Option
ფოტოზე: გიორგი მიშველიძე
საქართველოს ჩემპიონატის 2015/16 წლების სეზონის პირველი ლიგის გათამაშება, სავარაუდოდ, 25 აგვისტოს დაიწყება და ახალი ფორმატით ჩატარდება: ბოლო წლებში თუ 20 გუნდი ორ ჯგუფში იყო გადანაწილებული, ამიერიდან მხოლოდ ერთი ჯგუფი იქნება და 18 გუნდიც ორ წრედ იასპარეზებს.

პირველი ლიგის გათამაშებაზე მომავალშიც ვისაუბრებთ, დღეს კი ერთ დებიუტანტზე გვინდა თქვენი ყურადღების გამახვილება...

ადრეც ვწერდით, რომ წინა სეზონის შედეგების მიხედვით, უმაღლესი ლიგიდან გავარდნილმა რუსთავის "მეტალურგმა" არსებობა შეწყვიტა, თუმცა ქალაქის ხელმძღვანელობამ (მერი - დავით ჯიქია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე) ყველაფერი გააკეთა რუსთავში
საფეხბურთო ცხოვრების შენარჩუნებისათვის და ახლად ჩამოყალიბებული კლუბის, "რუსთავის" პატრონობაც თავის თავზე აიღო.

რუსთავის "რუსთავის" დაარსების შესახებ ამ თვის დასაწყისში ვწერდით და სწორედ მაშინ გაუწყეთ, რომ ამ ახალი კლუბის დირექტორად ქალაქშიც და საერთოდ, ქართულ საფეხბურთო სამყაროშიც ერთობ დაფასებული კაცი, ბადრი მაჭავარიანი დაინიშნა.

ის უკვე წლებია აქტიურად არის ჩართული საფეხბურთო საქმიანობაში: "სახალისო ფეხბურთის ღია სკოლების" საქართველოს ფილიალის ადმინისტრაციული მენეჯერი და იმავდროულად, მასობრივი ფეხბურთის მწვრთნელთა განათლების C კატეგორიის კურსის ხელმძღვანელია.

ახალი კლუბის შესახებ იმ დროისათვის თუ სხვა არაფერი იყო ცნობილი, ამჯერად უკვე ბევრი რამ გაირკვა: "რუსთავმა" უკვე ჩაატარა 2 საკონტროლო მატჩი ("სიონთან" და "ცხინვალთან"), მიმდინარეობს ფეხბურთელების სელექცია და, რაც მთავარია, უკვე გადაწყვეტილია, თუ ვინ იქნება ახლად ჩამოყალიბებული გუნდის მთავარი მწვრთნელი...

ეს ამბავი გუშინ, 27 ივლისს გაცხადდა: მშობლიური ქალაქის გუნდს გიორგი მიშველიძე გაწვრთნის, რომელიც ბოლო წლებში წარმატებით მუშაობდა რუსთავის ბავშვთა ასაკობრივ გუნდებში.

გიორგი მიშველიძის მიერ გაწვრთნილი 2003, 2004 და 2005 წლებში დაბადებულ ბავშვთა გუნდები ამ ბოლო წლებში სიტემატურად აღწევდნენ წარმატებას რესპუბლიკური მასშტაბისა თუ საერთაშორისო ტურნირებზე.

ისიც სიმბოლურია, რომ ეს გუნდები რუსთავის იმ ბავშვთა საფეხბურთო სკოლას წარმოადგენენ, რომელიც აწ გარდაცვლილი მურმან გოგოლაძის სახელს ატარებს.

შორს წაგვიყვანს მურმან გოგოლაძისა და მისი თანამოაზრის, თამაზ დოდაშვილის აღზრდილი იმ ფეხბურთელების ჩამოთვლა, შემდგომში საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში რომ უთამაშიათ: კახა ცხადაძე, გოჩა ჯამარაული, ძმები გიორგი და ვარლამ კილასონიები, ნიკა ტოგონიძე, ლევან სილაგაძე, ნუგზარ ლობჟანიძე, ძმები კახა და ლაშა ალადაშვილები, სანდრო ბურნაძე, დავით იმედაშვილი, დავით ქოქიაშვილი, ძმები ზურაბ და ზვიად ლაბაძეები, დიმიტრი არსოშვილი, დავით ზაზაშვილი, მიხეილ სახვაძე და სხვები (შესაძლოა, ბევრი გამოგვრჩა კიდეც).

მურმან გოგოლაძისა და თამაზ დოდაშვილის აღზრდილია გიორგი მიშველიძეც, რომელიც ამპლუით ფორვარდი გახლდათ და ჯერ პირველ ლიგაში გამოდიოდა რუსთავის "იმედის" ("აზოტის") შემადგენლობაში, მერე კი 6 სეზონი უკვე უმაღლეს ლიგაში, რუსთავის "მეტალურგში" ("გორდაში") თამაშობდა (თუმცა, უმაღლეს ლიგაში დებიუტი 1996 წელს ფოთის "კოლხეთში" ჰქონდა).

გიორგი მიშველიძემ აქტიური საფეხბურთო კარიერა 2002 წელს დაასრულა და იმის მერე სამწვრთნელო ასპარეზზეა: ბავშვთა ფეხბურთში წარმატებული მუშაობის მერე კი ამჯერად უკვე სულ სხვა და ბევრად უფრო საპასუხისმგებლო ეტაპი იწყება. ჩვენც წარმატება გვინდა ვუსურვოთ ამ ახალ ასპარეზზე...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
წარმატებები გიოო !!!
giorgi lagazidze
19:42 29-07-2015
0
წარმატებები გია მას ნამდვილად იმსახურებთ ასეთ სამწვრტნელო წოდებას
daji
14:54 12-08-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული