გუგა ფალავანდიშვილი - დიპლომიანი ფინანსისტის ოცნება საქართველოს ნაკრებსა და "მილანზე"

AutoSharing Option
21 წლის გუგა ფალავანდიშვილი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია. ბევრი მას ეროვნული გუნდის მომავალ საყრდენადაც კი მოიაზრებს...

ფალავანდიშვილი, რომელიც გაზეთმა "ლელომ" წინა ჩემპიონატის შედეგის მიხედვით "სეზონის აღმოჩენად" აღიარა, "დილასთან" ერთად ქვეყნის ჩემპიონი გახდა და კარსმომდგარ სეზონშიც აპირებს ამ გუნდთან ერთად ქართული ოქროს მოგებას.

ვფიქრობთ, ჩვენი გაზეთის მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს გუგა ფალავანდიშვილის ახლოს გაცნობა...

- როგორ შემოვიდა ფეხბურთი თქვენს ცხოვრებაში?
- თავიდან, ფეხბურთელობა ჩემი ნება ნამდვილად არ ყოფილა. პატარა რომ ვიყავი, ძალიან ხშირად ვიყავი ავად და მშობლებმა მიიღეს გადაწყვეტილება,
შევსულიყავი სპორტზე. აირჩიეს ფეხბურთი. აქ პროფესიულ დონეზე არ ყოფილა საუბარი. უბრალოდ, უნდა მევარჯიშა, რათა უფრო ჯანმრთელი ვყოფილიყავი... 1993 წელს დაბადებულთა გუნდი გვყავდა "ლოკომოტივში". კარგი გუნდი იყო. თანდათან მივხვდი, რომ რაღაც გამომივიდოდა და გავყევი. ასე აღმოვჩნდი "გაგრაში". მერე იყო "დინამო 2", სადაც დამხვდა ჩემი ამჟამინდელი მწვრთნელი უჩა სოსიაშვილი. მერე ის "დილაში" წავიდა და მეც წამიყვანა...

- ვინ არიან ის მწვრთნელები, განსაკუთრებული წვლილი რომ მიუძღვით ფეხბურთელად თქვენს ჩამოყალიბებაში?
- მე ყველას მადლიერი ვარ. განსაკუთრებით გამოვარჩევ ჩემს ბავშვობის დროინდელ მწვრთნელს, პაატა გოცირიძეს. მან ძალიან ბევრი გააკეთა ჩემთვის. ფეხბურთელი რომ ვარ, ეს თემურ ჩხაიძის, ზვიად ჯელაძისა და უჩა სოსიაშვილის დამსახურებაცაა... უჩა ძალიან მენდობოდა - ჯერ "დინამო 2-ში" და მერე "დილაში". მისი ძალიან მადლიერი ვარ. ვფიქრობ, გამიმართლა, ასეთ ადამიანთან და სპეციალისტთან რომ მიწევს მუშაობა.

- 25 წლის უჩა სოსიაშვილმა "დილა" საქართველოს ჩემპიონი გახადა. როგორია მისი, როგორც მწვრთნელის პორტრეტი?
- ძალიან ნიჭიერია. ფეხბურთი თავისთავად და ყველა სფეროში აქვს განათლება. მას აქვს დიდი ნიჭი, დაალაგოს ურთიერთობები. ასაკში მცირე სხვაობის მიუხედავად, ჩვენ მისი დიდი რიდი გვაქვს.

- გავიხსენოთ "პარტიზანთან" ორრაუნდიანი მატჩი. სერბთა ძალამ თავისი გაიტანა, მაგრამ კითხვა ასე დავსვათ - "დილას" უკეთესად თამაში არ შეეძლო?
- ძლიერი გუნდია "პარტიზანი", ამას თქმა რად უნდა, მაგრამ ამის მიუხედავად, მჯერა, რომ უკეთ თამაში შეგვეძლო. არ არის აქ საუბარი იმაზე, რომ აუცილებლად გადაგველახა სერბული ბარიერი, მაგრამ უკეთ კი უნდა გვეთამაშა. ვითამაშებდით კიდეც, ცოტა მეტი მატჩი რომ გვქონოდა ერთად ჩატარებული. ფაქტია, იყო შეთამაშების პრობლემა. ერთი წლის მერე "დილა" ევროთასებზე სხვა გუნდი იქნება.

- რას იტყვით ბელგრადულ მატჩში მომხდარ ეპიზოდზე, როცა მსაჯმა წითელი ბარათი გიჩვენათ?
- გასაგები მიზეზის გამო, მე ვერ ვიქნები ამ ეპიზოდის განხილვისას ობიექტური. ვისურვებდი, რომ მსაჯს არ ამოეღო წითელი ბარათი, მაგრამ ასე მოხდა და ესეც ფეხბურთის ნაწილია. ძალიან განვიცადე, მაგრამ ისიცაა, რომ ამისგან დაზღვეული არავინაა.

- როგორ ფიქრობთ, შეძლებს "დილა" ამ შემადგენლობის შენარჩუნებას?
- ძალიან მინდა, რომ მომავალ ევროთასებზე "დილამ" თავისი დაამტკიცოს.

- რას იტყვით თქვენს შანსებზე საქართველოს ჩემპიონატში?
- ტიტულის შენარჩუნება უფრო ძნელია, ვიდრე მისი მოპოვება. "დილას" ძლიერი კონკურენტები ეყოლება - "დინამო", "ბათუმი", "შუქურა", "ტორპედო"... მაგრამ ინდივიდუალურად ყველაზე ძლიერი ფეხბურთელები დღეს საქართველოში ჩვენ გვყავს.

- ჯერ გუნდიდან წასვლას ხომ არ აპირებთ?
- ჩემი ამბიციები კი მაქვს, მაგრამ ამ ეტაპზე მხოლოდ "დილაზე" ვფიქრობ. რამდენად შევძლებ ამ ამბიციების ხორცშესხმას, ამას დრო გვიჩვენებს.

- რომელია თქვენი საყვარელი გუნდი?
- ბავშვობიდან "მილანის" ქომაგი ვარ.

- ბევრი მიიჩნევს, რომ მალე საქართველოს ნაკრებშიც შეძლებთ დამკვიდრებას...
- ეს მწვრთნელმა უნდა გადაწყვიტოს. მე ბევრს ვიშრომებ ამ სანუკვარი მიზნის მისაღწევად.

- რა არის გუგა ფალავანდიშვილის მთავარი ნაკლი?
- ჩემი აზრით, ის, რომ სასურველი სიხშირით არ ვმონაწილეობ შეტევით ოპერაციებში. ეს შეიძლება გუნდის ინტერესების გათვალისწინებითაც ხდებოდეს, მაგრამ თავს მაინც ნაკლად ვუთვლი...

- ორივე ფეხს თანაბრად იყენებთ თამაშის დროს?
- მარცხენა ფეხი ცოტა სუსტი მაქვს, მაგრამ არა იმდენად, რომ საგანგაშო იყოს.

- რა არის თქვენი საფეხბურთო ოცნება?
- საქართველოს ნაკრებში დამკვიდრება, ვითამაშო ევროპის წამყვან გუნდში... "მილანში" თავისთავად, მაგრამ სხვაც კარგი იქნება (იცინის)...

- განათლებისთვის თუ გრჩებათ დრო?
- როგორც კი თავისუფალი დრო გამომიჩნდება, მაშინვე ვკითხულობ. მიმაჩნია, რომ ფეხბურთელისთვის აუცილებელია განათლება, მათ შორის - ზოგადი. რაც შეეხება სპეციალობას, სულ ცოტა ხნის წინათ სადიპლომო დავიცავი. ფინანსისტის პროფესიას დავეუფლე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული