უჩა სოსიაშვილი: მიმდინარე სეზონში პირადად მე ორმაგი მოტივაცია მაქვს

AutoSharing Option
გორის "დილას" სეზონის სტარტი ისეთი ვერ გამოუვიდა, როგორსაც ველოდით. პირველი სატიტულო შეხვედრა საქართველოს სუპერთასისთვის უჩა სოსიაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა თბილისის "დინამოსთან" დათმო.

გორელთა ახალგაზრდა დამრიგებელი იმედიანადაა - მას მიაჩნია, რომ უახლოეს მომავალში მისი გუნდი ძველებურად ათამაშდება...

- საინტერესოა "დინამოსთან" წაგებული სუპერთასის თქვენეული შეფასება...
- პირდაპირ ვიტყვი: უდიდესი სურვილი და მოტივაცია მქონდა საიმისოდ, რომ "დილას" საქართველოს სუპერთასი მოეგო. პირველად გავიყვანე გუნდი სუპერთასისთვის გამართულ შეხვედრაში. ასევე ფიქრობდა ყველა ფეხბურთელი და კლუბის თითოეული თანამშრომელი...

სამწუხაროდ, ვერ გავიმარჯვეთ. თამაში ისეთი გამოვიდა, როგორსაც ველოდით - ნაკლები
მომენტებითა და დიდი დაძაბულობით.

საერთოდ, თქვენც დამეთანხმებით, სატიტულო შეხვედრებისთვის ეს დამახასიათებელი მომენტია. "დინამოს" არ ჰქონია ჩვენზე მეტი მომენტი, თუმცა მოწინააღმდეგემ შანსი ცივსისხლიანად გამოიყენა, ჩვენ კი ეს ვერ შევძელით. იერიშები ორმხრივი იყო. მეორე ნომრად თამაში არც ერთ გუნდს არ სურდა.

რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, მეტი სანახაობა ყოფილიყო, მაგრამ ისევ და ისევ იმასთან მივდივართ, რომ ფინალური მატჩი სპეციფიკურია. იყო ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორიც - საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ტურში ჩვენ ძალიან მძიმე თამაში გვქონდა ბათუმის "დინამოსთან". რაც შეეხება თბილისის "დინამოს", გუნდმა ლამის პირველივე ტაიმში მოამთავრა საქმე თბილისის "ლოკომოტივთან". მოწინააღმდეგე ჩვენთან შედარებით უფრო დასვენებული იყო.

- ფაქტია, "დილამ" უნდა მოუმატოს. შეკრებაზე თქვენ ფორმის ორი პიკი უნდა დაგეგეგმათ - ერთი "პარტიზანთან" მატჩისთვის და მეორე - სეზონის განმავლობაში, თქვენი შეხედულებისამებრ. როდის დადგება მეორე პიკი?
- "პარტიზანთან" რომ დავმარცხდით, კარგი იქნებოდა, მეორე შეკრება გვქონოდა. ამ შეკრებაზე შევძლებდით შეხვედრას სათანადო სიძლიერის მეტოქეებთან. ეს შეკრება რომ გვქონოდა, მჯერა - "დილა" საქართველოს ჩემპიონატის დასაწყისს ფორმის პიკში შეხვდებოდა. გვინდა თუ არა, ისევ და ისევ ფინანსების თემასთან მივდივართ. ახლა ისღა დაგვრჩენია, ეტაპობრივად შევიდეთ ოპტიმალურ სათამაშო ფორმაში.

- "დილაში" ბევრმა კვალიფიციურმა ფეხბურთელმა მოიყარა თავი. ერთი მხრივ, ეს ფუფუნებაა ნებისმიერი მწვრთნელისთვის, მეორე მხრივ კი არჩევანია გასაკეთებელი. გვეჩვენება, რომ ჯერ ისევ ძიების პროცესში ხართ. თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს?
- თანამედროვე ფეხბურთში ასეა - თუ გსურს, რომ გუნდმა წარმატებას მიაღწიოს, ერთ პოზიციაზე, ნებისმიერ შემთხვევაში, ორი ფეხბურთელი უნდა იყოს და ორივე - თანაბარი ძალის. ძალიან კარგად მივხვდი კითხვის არსს და მეც გეთანხმებით იმაში, რომ ჯერ ბოლომდე მაინც არ ვართ ჩამოყალიბებულნი. ჩემი პრინციპი ასეთია - ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს ის ფეხბურთელი, ვინც კონკრეტულ შემთხვევაში უკეთ არის მზად.

- ერთ კონკრეტულ ფეხბურთელზე უნდა გკითხოთ. რატომ დატოვა გუნდი ცენტრალურმა მცველმა ალან ბაგაევმა, ვინც გასულ, საჩემპიონო სეზონში გვარიანად შეეშველა "დილას"?
- მოგეხსენებათ, გორის "დილაში" დიდი კონკურენციაა, ბაგაევი კი ლეგიონერია და ის საქართველოში იმიტომ არის ჩამოსული, რომ უწყვეტი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს, სულ ძირითადში იყოს. დღევანდელი მოცემულობით, არ შეგვეძლო მისთვის მიგვეცა გარანტია, რომ სულ ძირითად შემადგენლობაში იქნებოდა. ჩვენ ბაგაევზე უარი არ გვითქვამს. კონტრაქტის პირობების თანახმად, ის განათხოვრებულია ქობულეთის "შუქურაში".

- ასეთივე სიტუაცია იყო მიხაილ გორელიშვილთან დაკავშირებითაც?
- დიახ, კონკურენციის მომენტი იყო. თანაც, ნუ დაგვავიწყდება, რომ საქართველოს ჩემპიონატის კვალობაზე ჩვენ საქმე გვაქვს მაღალი დონის ფეხბურთელებთან, ძლიერ პიროვნებებთან და ლიდერებთან, რომლებსაც სულ ძირითადში უნდათ თამაში და არ სჯერდებიან იმას, რომ 50 პროცენტით შეიძლება იყოს ძირითადში და 50 პროცენტით - არა.

- "დილას" შეტევა და შუა ხაზი კარგადაა დაკომპლექტებული, თუმცა გარკვეული პრობლემები ჩანს დაცვის ხაზში. სასელექციო მუშაობას კვლავ აგრძელებთ?
- რაც შეეხება უკანა ხაზს, ამ ეტაპზე ფლანგებზე არ გვაქვს პრობლემა. რაც შეეხება ცენტრალურ მცველებს, საქართველოს ჩემპიონატის პირობებში კონტინგენტი კარგია. თუ სამომავლო გეგმებზე შემეკითხებით, გეტყვით, რომ "დილას" დასჭირდება ორი ცენტრალური მცველის შეძენა, რათა გუნდმა მომავალ სეზონში დააკმაყოფილოს ევროპული მოთხოვნები.

- ტიტულის შენარჩუნება უფრო ძნელია, ვიდრე მისი მოპოვება. გრძნობთ იმ მომენტს, როცა ჩემპიონი გუნდის წინააღმდეგ ყველა ორმაგი მოტივაციით თამაშობს?
- ზუსტად ვიცი, რომ ჩემპიონობის შენარჩუნება უფრო რთული იქნება, ვიდრე მისი მოპოვება იყო - ეს ფაქტია. გულწრფელად უნდა გითხრათ ისიც, რომ მიმდინარე სეზონში პირადად მე ორმაგი მოტივაცია მაქვს, როგორც მწვრთნელს.

"დილას" წარმატება არ უნდა იყოს ერთჯერადი. მან უნდა მიიღოს სისტემატური სახე, უნდა გადაიზარდოს პროცესში. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება შესრულებულად ჩავთვალოთ "დილას" მიზანი.

- და ბოლოს, რომელ გუნდებს მიიჩნევთ "დილას" კონკურენტებად ჩემპიონობისა და საქართველოს თასისთვის ბრძოლაში?
- თბილისის "დინამოს", ბათუმის "დინამოს", "ტორპედოს", "შუქურას"... ეს ის გუნდები არიან, საქართველოს ჩემპიონატსა და თასზე უმაღლესი მიზნებისთვის რომ იბრძოლებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
უცჰა დაახვიე სანამ არ გაგაგდეს
vova
16:51 02-09-2015
0
უჩა, უჩა,,,,,
ფრთხილად იყავი შვილო,შენს მიერ საუმაღლესლიგოდ ამოწეულმა სამტრედიამ ჩემპიონობა არ აგახიოს და სირუპრიზები არ მოგიმზადოს.
როცა კონკურენტების სიაში არ მოიხსენიე, ეს იმას ნიშნავს ჩემო კარგო რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხარ რომ ყველაფერი ისე დაინახა, როგორც არის.
წარმატებებს გისურვებ უჩა!
George 52
22:59 31-08-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული