ვის უხდით 20 000-ლარიან ხელფასს? "ტორპედოს" ფანები დაუპირისპირდნენ

AutoSharing Option
ფოტოზე: ფანების გაღიზიანება მათი შეკრების ადგილზე პოლიციის გამოჩენამ გამოიწვია
ბოლო დღეებში მედიის ყურადღება ეროვნული ნაკრებისა და ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებისკენაა მიპყრობილი და ეს ბუნებრივიცაა. თუმცა ამ აყალმაყალში არც საკლუბო თემები უნდა გამოგვრჩეს. ამიტომაც დაგვაინტერესა ქუთაისის "ტორპედოს" გარშემო ატეხილმა ამბავმა. საქმე ისაა, რომ იმერული კლუბის ფანები ხელმძღვანელობას დაუპირისპირდნენ.

აი, რა ინფორმაცია გაავრცელეს "ტორპედოს" ქომაგთა ვებგვერდზე:

"2015 წლის იანვარში ქუთაისის "ტორპედოს" ხელფასის უწყისში კარგად ჩანს, რომ ერთმა პირმა, რომლის ვინაობასაც შეგნებულად არ ვასაჯაროებთ, 20 ათას ლარზე მეტი აიღო.

საქართველოს კონსტიტუციით, ქვეყანაში ამხელა
ხელფასი არავის აქვს. უმაღლესი პირი, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამის ნახევარს იღებს. დასკვნები თქვენ თვითონ გამოიტანეთ", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

შემდეგ მათ მიმართეს კლუბს, რათა დღის ბოლომდე დაედოთ ინფორმაცია კლუბის პიარ-მენეჯერზე, ვინმე ხაჩიძეზე. მათი ცნობით, ამ ხელფასს სწორედ ეს პიროვნება იღებდა.

ფანების გაღიზიანება მათი შეკრების ადგილზე პოლიციის გამოჩენამ გამოიწვია და ამაშიც კლუბის ხელმძღვანელობის ხელი დაინახეს.

"ხომ აგზავნით პოლიციას? ახლა ჩვენ გაგაგზავნით სათითაოდ ყველა თქვენგანს ჯოჯოხეთში!.. ვინ არის კლუბის პიარ-მენეჯერი?!" - ფანების განწყობა მათი წერილის ტონში იკითხებოდა.

ამაზე კომენტარი გააკეთა ქუთაისის "ტორპედოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ზურაბ ჩაკვეტაძემ, რომელიც იმ პერიოდში კლუბის იურისტად მუშაობდა.

"ეს არის აბსურდი, რადგან 20 ათასი ლარის ერთ პირზე ხელფასის გაცემა სიმართლისგან ძალიან შორსაა. ინტერპრეტაცია ამ თანხის გადახდასთან დაკავშირებით არის დამახინჯებულად გამოყენებული, რადგან აღნიშნული ოდენობის ხელფასი არც ახლა და არც წინა პერიოდში კლუბთან კონტრაქტით დაკავშირებულ არც ერთ პიროვნებას არ ჰქონია.

საქმის არსი შემდეგშია: მაგალითისთვის, შესაძლებელია, რომელიმე ფეხბურთელს ჰქონდა და აქვს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხელფასი 4 ათასი ლარი. გადახდის ფორმა ამ შემთხვევაში შეიძლება ითვალისწინებდეს ავანსის სახით გარკვეული თანხის წინასწარ გაცემას. თუ მითითებულ თანხას ან მის ნაწილს, ვთქვათ, 2 ათას ლარს წინასწარ გავცემთ 5 თვეზე გათვლით, გამოგვივა 10 ათასი ლარი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ფეხბურთელის ხელფასი ამ რაოდენობის თანხას შეადგენს.

როგორც ხედავთ, ვითარება საკმაოდ მარტივია, თუმცა მავანთ ამ უბრალო სიტუაციაშიც სიბინძურის დანახვა სურთ. საერთოდ კი, ნეტავ იყოს იმის საშუალება და ისეთი დონის ფეხბურთელი, რომელსაც უფრო დიდ ხელფასს გადავუხდიდით".

* * *
ამ ორომტრიალში ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი გაიპარა. ჩრდილში მოექცა ქუთაისის ბავშვთა საფეხბურთო სკოლის ამბავი.

2015 წლის 6 ივლისს, ქუთაისის "ტორპედოს" პარტნიორთა კრებამ, ქალაქის მერის, შოთა მურღულიას ხელმძღვანელობით, დაადგინა, რომ კლუბის სტრუქტურაში შექმნილიყო საფეხბურთო სკოლა, რაც, ყველაფერთან ერთად, გამართულ ინფრასტრუქტურას, ადამიანურ და მატერიალურ რესურსებს საჭიროებს.

პროექტის განსახორციელებლად ზურაბ ჩაკვეტაძემ სკოლისთვის საჭირო სამუშაოების დაგეგმვა დაიწყო. ამ ეტაპზე გადაწყვეტილია ხელოვნურსაფარიანი სტადიონის (60/40 მ) მოწყობა. მოიძებნა მხარდამჭერი კომპანია "ტობე", რომელიც ამ მოედანს დააგებს. 4 სექტემბერს დაიწყო სტადიონისთვის საჭირო ფართის აზომვა.

კლუბი მოუწოდებს ქალაქში არსებულ ორგანიზაციებს, რომელთაც გააჩნიათ შესაძლებლობა და სურვილი, ამ უმნიშვნელოვანეს წამოწყებაში "ტორპედოს" გვერდში დაუდგნენ.

"ამ საქმის განხორციელება წინ გადადგმული ნაბიჯია არა მარტო კლუბის, არამედ ზოგადად, ქუთაისელი ბავშვების სპორტულ ცხოვრებაში ჩასართველად. აქვე, მადლობას მოვახსენებთ ბატონ რამაზ სალდაძეს პროექტის შექმნაში გაწეული დახმარებისთვის.

გვჯერა, ყველა ჭეშმარიტი ქუთაისელი გაიხარებს, როცა ქუთაისის "ტორპედოს" ექნება წარმატებული საფეხბურთო სკოლა, რაც გუნდის გაძლიერებისა და წარმატების საწინდარი უნდა გახდეს", - ასეთია "ტორპედოს" პოზიცია.

ჩვენი მხრივ კი, დავძენთ, რომ ქუთაისში ძლიერი საფეხბურთო სკოლის დაფუძნება ქართული ფეხბურთის ინტერესებშია. იმ დროს, როცა დაკარგულია აფხაზეთი და სამაჩაბლო, ჩვენ ასეთი საფეხბურთო ცენტრების მოცდენის უფლება არ გვაქვს.

არადა, დღეს ქუთაისში ნიჭიერი ბავშვი თუ გამოჩნდება, უმალ თბილისში მოჰყავთ, რადგან ადგილზე კარგი პირობები არ არის, ისევე, როგორც სასურველი არ არის ბავშვების მშობლიურ გარემოსგან მოწყვეტა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
საინტერესო ისაა ვის აწყოსბ ტორპედოზე ასეთი ამბების მოგონება და გავრცელება აი ამაზე დავფიქრდეთ... კლუბს ახლა გვერდშI დგომა ჭირდება
guja
17:19 10-09-2015
0
იმხელა საქმე წამოიწყო ამ ადამიანმა ბავშვთა საფეხბურთო სკოლის სახით, რომ ამ ჭორებსი მოგონებას სჯობს გვერდში ამოვუდგეთ
guga
17:16 10-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული