ცხინვალი-დინამო (ბთ) 3:2 - უცნაური სცენარით

AutoSharing Option
უხვგოლიანი და საინტერესო გამოდგა გუშინდელი მატჩი, აშკარად უფრო დიდ აუდიტორიას რომ იმსახურებდა: ორივე გუნდმა აქცენტი შეტევაზე გააკეთა და 5 გოლის გარდა, ორჯერ ამდენი სახიფათო მომენტიც ვნახეთ.

ანუ, რომ არა ორივე გუნდის მეკარეთა რეაქცია, მატჩის საბოლოო ანგარიში აშკარად არასაფეხბურთო იქნებოდა.

მატჩის საწყისი წუთებიც და, საერთოდ, პირველი ტაიმის დიდი ნაწილი, ცოტა არ იყოს, უცნაური "სცენარით" მიმდინარეობდა: ბურთს უფრო ხშირად "დინამო" ფლობდა და ტერიტორიული უპირატესობაც სტუმართა მხარეს იყო, მაგრამ მასპინძლების ტაქტიკურმა გათვლამ გაამართლა და სწრაფი და გააზრებული კონტრშეტევების წყალობით "ცხინვალმა""პირველი ტაიმი სამბურთიანი უპირატესობით
მოიგო!

ეგ კი არა, ანგარიში უფრო დიდიც შეიძლებოდა ყოფილიყო, ნიკა კაჭარავასა და ირაკლი ლექვთაძეს უაღრესად ხელსაყრელი პოზიციიდან ოდნავ მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინათ.

არადა, საწყის 20 წუთში "ცხინვალმა" ორჯერ შეუტია და ორჯერვე შედეგიანად; პირველი გოლი მასპინძელთა მარცხენა მცველმა ვასიკო ბაჩიაშვილმა შორეული დარტყმით გაიტანა, არადა, ამ ეპიზოდამდე რამდენიმე წამით ადრე გიორგი ივანიშვილისა და რატი ცაცკრიალაშვილის კომბინაციის შემდეგ სტუმრები მიხეილ ალავიძის რეაქციამ იხსნა, მაგრამ "დინამოს" მცველებმა ბურთი უხეიროდ გამოიტანეს და ამ ყველაფერს კი ბაჩიაშვილის გოლი მოჰყვა.

მეორე გოლი კი "სტანდარტულის" მერე გავიდა: ამ მატჩის, უდავოდ, გამორჩეული ფეხბურთელის ირაკლი ლექვთაძის კუთხურის შემდეგ, მასპინძელთა ცენტრალური მცველი ლევან კაკუბავა (ასევე ჩინებული შეხვედრა რომ გაატარა) სიტუაციაში კარგად გაერკვა და აუღებელიც დაარტყა.

მესამე გოლი კი ლექვთაძის ინდივიდუალურ ოსტატობას მოჰყვა: მასპინძელთა მოუღლელმა გარემარბმა "კედელი" გაითამაშა და მერე, საბოლოო დარტყმაც ოსტატურად შეასრულა.

ვეჭვობთ, რომ ვინმე წარმოიდგენდა მოვლენების მსგავს განვითარებას და ეს იმის მიუხედავად, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო სტუმრებს სამი წამყვანი ფეხბურთელი (ბორის მახარაძე, გიორგი გაბედავა, პაპუნა ფონიავა) აკლდა. ისე, "დინამოს" მაინც შეეძლო პირველ ტაიმშივე შეემცირებინა ანგარიშში სხვაობა, მაგრამ გიორგი ბერიაშვილისა და ლუის ალბერტო მედინას დარტყმები მცირეოდენ არაზუსტი გამოდგა. ერთ ეპიზოდში კი "ცხინვალი" თავის კაპიტნის რეაქციამ გადაარჩინა: ლუის მედინა საშუალო დისტანციიდან შეუჩერებლად და ძლიერად გზავნიდა ბურთს მასპინძელთა კარისკენ, მაგრამ გიორგი ნადირაძემ რეაგირება მოასწრო, მერე კი ბურთი ძელს მოხვდა.

სტუმართა პორტუგალიელმა ფორვარდმა (ისე როგორც მისმა მეწყვილემ შეტევის ხაზში გიორგი ბერიაშვილმა) მეორე ტაიმშიც არაერთი თავსატეხი გაუჩინა მასპინძელთა მცველებს და ეს აქტიურობა დაუფასდა კიდეც: მარცხენა ფლანგზე ანზორ სუხიაშვილის რეიდის შემდეგ ლუის მედინამ ახლო მანძილიდან "დასწრებაზე" ზუსტად ითამაშა.

მერე კი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის გიორგი ბერიაშვილის ჯერიც დადგა, რომელმაც საშუალო მანძილიდან უზუსტესი დარტყმით მატჩს ინტრიგა დაუბრუნა: თამაშის დამთავრებამდე ხომ 30 წუთი რჩებოდა. სწორედ ამ ნახევარ საათში "გაიხსნა" თამაში და ორივე კართან უამრავი მომენტიც შეიქმნა.

თუმცა ინტრიგა, შესაძლოა, აღარც ყოფილიყო, ირაკლი ლექვთაძის პასის მერე ხელსაყრელ პოზიციაზე აღმოჩენილ გიორგი ივანიშვილს სტუმართა მეკარისათვის რომ ეჯობნა: მიხეილ ალავიძემ თავისი გუნდი ამ მომენტშიც გადაარჩინა და მერეც, შეხვედრის მიწურულს, აკაკი შუალაიას დარტყმის შემდეგაც.

თუმცა, ბევრად უფრო მეტი ხიფათი იქმნებოდა მასპინძელთა კართან, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც მოედანზე ირაკლი ჩირიკაშვილი გამოჩნდა: ტრავმამოშუშებული ნახევარმცველი შორი თუ საშუალო მანძილიდან სამჯერ დაემუქრა "ცხინვალის" კარს.

მეორე ტაიმში საგრძნობლად გააქტიურდა გიორგი ქავთარაძეც, რომლის ფლანგური პასის შემდეგ გიორგი ბერიაშვილს შეეძლო "დუბლიც" შეესრულებინა და, რაც მთავარია, თავისი გუნდისთვის ქულა მოეპოვებინა.

თუმცა, ასე არ მოხდა და "ცხინვალმა" ამ სეზონში პირველი მარცხი აგემა ბათუმის "დინამოს" და იმასაც ვერ იტყვის ვერავინ, რომ კახა კაჭარავას დამოძღვრილ გუნდს 3 ქულა არ ეკუთვნოდაო.

ისე, მატჩის მიწურულს სტუმრებმა მაინც შეძლეს გოლის გატანა, თუმცა, ლუის მედინასა და მისი თანაგუნდელების ზეიმი ნაადრევი გამოდგა - ლაინსმენმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა, ოღონდ, ეს გადაწყვეტილება დაგვიანებულად მიიღო და ადვილი წარმოსადგენია, თუ რა ობსტრუქციას მოუწყობდნენ სტუმართა ქომაგები...

საქართველოს ეროვნული ჩემიონატი. უმაღლესი ლიგა. V ტური
20.09. თბილისი. მიხეილ მესხი (სათ). 500 მაყურებელი
ცხინვალი-დინამო (ბთ) 3:2
გოლები: 1:0 ბაჩიაშვილი (6), 2:0 კაკუბავა (21), 3:0 ლექვთაძე (38. კაჭარავას პასით), 3:1 ლუის მედინა (51. სუხიაშვილის პასით), 3:2 ბერიაშვილი (58. ჭკუასელის პასით)
ცხინვალი (4-2-3-1): ნადირაძე - ცერცვაძე, კაკუბავა, მაისაშვილი, ბაჩიაშვილი - მახარობლიძე, ქარდავა - ივანიშვილი (67. შულაია), ცაცკრიალაშვილი (61. ქოჩლაძე), ლექვთაძე (81. ზ. ლობჯანიძე) - ნ. კაჭარავა.
სათადარიგოები: ბურძენაძე, ჯაფარიძე, ბეჭვაია, მიგინეიშვილი
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
დინამო (ბთ) (4-4-2): ალავიძე - ქათამაძე (11. ტეტუნაშვილი), მგელაძე, გოგიტიძე, სუხიაშვილი - ქავთარაძე, ვ. თევდორაძე (86. ვარშანიძე), შონია, ჭკუასელი (67. ჩირიკაშვილი) - ლუის მედინა, ბერიაშვილი.
სათადარიგოები: მახარაძე, ნ. დიასამიძე, აბუსელიძე, ტაკიძე
მწვრთნელი: შოთა ჭეიშვილი
გაფრთხილება: ბაჩიაშვილი (18), ლექვთაძე (40), ბერიაშვილი (72), ქავთარაძე (76), კაკუბავა (78), ლობჯანიძე (90)
არბიტრი: ლ. კვარაცხელია.

ბომბარდირები
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 6
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 4
ჯ. ჯიღაური (დინამო თბ) 4
ო. მარცვალაძე (დილა) 4
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 4

მომდევნო, VI ტური
25 სექტემბერი, პარასკევი
ლოკომოტივი-შუქურა

26 სექტემბერი, შაბათი
კოლხეთი-საპოვნელა
მერანი-გურია
ზუგდიდი-სამტრედია
დილა-დინამო (თბ)
დინამო (ბთ)-ჩიხურა
ტორპედო-ცხინვალი
საბურთალო-სიონი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
თამაშის შემდგე გავრცელებულ კადრებზე კარგად ჩანს რომ თამაშგარე არ იყო ეს მსაჯებმაც კარგად იცოდნენ და გოლიც ჩათვალეს მაგრამ როგორც ჩანს შეეხმიანენ რეებს შობითო და ჩათვლილი გოლი გააუქმებინეს. ასე არ ეშველება ქართულ ფეხბურთ და პ.ს. ცხინვალმა როდის უნდა დაიწყოს სუფთა წესებით თამაში?
Mikheil
23 სექტემბერი 2015 11:10
0
ურიგო არ იქნებოდა სტატიის ავტორი რო თამაშსაც დასწრებოდა ))
Temo
21 სექტემბერი 2015 16:04
0
დაგვიანებული მიიღო გადაწყვეტილება მსაჯმა,რომ ამბობთ, იმას რატომ არ ამბობთ რომ შეცდა ის მსაჯი და გვერდითს არ დაუფიქსირებია თამაშგარე?! ესაა თვქვენეული მიმოხილვა მატჩის? მიმიფურთხებია ასეთი მსაჯისთვისაც და ფეხბურთისთვისაც, და თვენი მ,ატჩის გარჩევისაც!!!
fanat
21 სექტემბერი 2015 15:01
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული