გურია-საბურთალო 0:0 - 23 წლისა და 3 თვის შემდეგ...

AutoSharing Option
სათასო მარცხის შემდეგ "გურიას" მთავარ მწვრთნელ კახა გოგიჩაიშვილს ბოლო შანსი "საბურთალოსთან" მიეცა - მორიგი წარუმატებლობა მას პოსტის დატოვებად უნდა დასჯდომოდა...

მისმა გუნდმა გაცილებით უკეთესი ფეხბურთი ითამაშა, ვიდრე ბოლო შეხვედრებში და ცოტა იღბალიც რომ ჰქონოდა, გურულები მოგების გემოს გაიხსენებდნენ...

მთელმა შეხვედრამ "გურიას" უპირატესობით ჩაიარა და ამაში "დამნაშავე" იყო "საბურთალოც", რომელმაც თავისი შესაძლებლობები ვერ აჩვენა. ისეც ვერ ვიტყვით, თითქოს გიორგი ჭიაბრიშვილის ახალგაზრდულმა გუნდმა ცუდი შთაბეჭდილება დატოვა, თუმც ეს საკმარისი იყო მხოლოდ ერთი "გასროლისთვის" - ჯაბა დვალს რომ ნიკა დაუშვილმა აუღო, ამ უკანასკნელს
სტუმრები მეტად ვეღარ დაემუქრნენ.

სამაგიეროდ, რამდენიმე ერთიმეორეზე უკეთესი შანსი გურულებმა გაანიავეს. ამათგან საუკეთესო იყო ის ეპიზოდი, როცა ლაშა ჩაფიძის საჯარიმო დარტყმაზე 16 წლის ლუკა სანიკიძემ რეაგირება ვერ მოახერხა, ხარიხიდან ასხლეტილი ბურთი კი შოთა ჯიქიას თავურის შემდეგ თითქმის ცარიელი კარის ბადეს ზემოდან დაეცა.

მერე შანსები ჰქონდათ ვანო წილოსანს, სანდრო ბახიას, იმავე ჩაფიძეს, თამაშს ამწვავებდა თორნიკე მოსიაშვილიც, მაგრამ...

კინაღამ დაუწერელი კანონი ამოქმედდა, როცა ერთ-ერთი კონტრშეტევის ბოლოს სტუმრები პენალტს ითხოვდნენ, მაგრამ არბიტრი იქვე იმყოფებოდა და უნდა ვივარაუდოთ, რომ ეპიზოდს კარგად ხედავდა...

მალე მან საფინალოც ჩასტვინა და... "გურიას" მწვრთნელის პოსტზე კახა გოგიჩაიშვილის მომავალი ისევ სადავო გახადა. თუ მისი ლანჩხუთური კარიერა დასრულდება (რაც გვიან საღამომდე გარკვეული არ იყო), ის ზუსტად 23 წლისა და 3 თვის შემდეგ, უკვე მეორედ დატოვებს "ევგრაფი შევარდნაძეს" - 1992 წლის 20 ივნისს ქომაგების ერთ-ერთმა საყვარელმა მობურთალმა "გურიაში" ბოლო მატჩი ჩაატარა.

საქართველოს ეროვნული ჩემიონატი. უმაღლესი ლიგა. V ტური
20.09. ლანჩხუთი. ევგრაფი შევარდნაძე. 1000 მაყურებელი
გურია-საბურთალო 0:0
გურია: დაუშვილი, ზ. გელაშვილი, ლ. ნოზაძე (63. ა. რეხვიაშვილი), ქურდაძე, ხიზანეიშვილი, ე. კილაძე, მოსიაშვილი (78. ლ. კობერიძე), ს. ბახია, ჩაფიძე (53. ზაქრაძე), ვ. წილოსანი, ჯიქია.
სათადარიგოები: გოგუაძე, ლ. მჭედლიშვილი, ჩადუნელი, წერეთელი
მწვრთნელი: კახა გოგიჩაიშვილი
საბურთალო: სანიკიძე, ნ. იაშვილი, თოთაძე, მარგველაშვილი, გოშთელიანი, ხარაიშვილი (39. ბიძინაშვილი), ჩაბრაძე, ალთუნაშვილი, დვალი (68. გ. კოხრეიძე), საბანაძე, ფანცულაია (57. ნადარაია).
სათადარიგოები: ნასყიდაშვილი, მამუჩაშვილი, გვარაძე, სოფრომაძე
მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
გაფრთხილება: ჩაფიძე (43), ალთუნაშვილი (59), კოხრეიძე (82)
არბიტრი: ბ. ნინუა.

ბომბარდირები
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 6
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 4
ჯ. ჯიღაური (დინამო თბ) 4
ო. მარცვალაძე (დილა) 4
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 4

მომდევნო, VI ტური
25 სექტემბერი, პარასკევი
ლოკომოტივი-შუქურა

26 სექტემბერი, შაბათი
კოლხეთი-საპოვნელა
მერანი-გურია
ზუგდიდი-სამტრედია
დილა-დინამო (თბ)
დინამო (ბთ)-ჩიხურა
ტორპედო-ცხინვალი
საბურთალო-სიონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული