ლოკომოტივი-შუქურა 0:0 - არ იყო მხოლოდ გოლი...

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის კვალობაზე გვარიანი თამაში გამოვიდა, თუმცა მატჩს მთავარი სამშვენისი - გოლები დააკლდა. საბოლოო ჯამში, დაფიქსირდა ფრე, რომელიც არცერთ გუნდს არ სურდა, თუმცა ფეხბურთში ასეც ხდება...

პირველი ტაიმი შედარებით ნაკლებად სანახაობრივი იყო. სახიფათო მომენტები ორივე გუნდის კართან იშვიათად იქმნებოდა. "შუქურას" შემადგენლობაში ყველაზე აქტიური და ამავე დროს, უიღბლო - ახალგაზრდა ფორვარდი ილია კერძევაძე გახლდათ. მას ორჯერ ჰქონდა გასატანი, თუმცა ორივე ეპიზოდში "რკინიგზელთა" კარის დარაჯმა ბაჩო მიქავამ იმარჯვა.

თავის მხრივ, ვასილ მაისურაძის გაწვრთნილ "ლოკომოტივსაც" ჰქონდა შესანიშნავი საგოლე შანსი. დიასამიძის ჩაწოდების შემდეგ ქიქავა
ცდილობდა გატანას, თუმცა უშედეგოდ.

მთავარი ბრძოლები კი მეორე ტაიმში ვიხილეთ.

"შუქურას" გასატანად იდეალური შანსი მიეცა. შეტევაში ჩართულმა ალბერტ ცხოვრებოვმა, ვისაც სათამაშო კლასი აშკარად ეტყობა, დაახლოებით 2-3 მეტრიდან დაარტყა. გოლი თითქოს გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ მეკარე მიქავამ კვლავ შესანიშნავად ითამაშა და "ლოკომოტივს" საფრთხე აარიდა.

იყო "რკინიგზელთა" გვარიანი შანსიც - ზვიად ქანთარიას დაასწრეს, თორემ გოლის გატანა არც აქტიურ წინახაზელს გაუჭირდებოდა.

გიორგი კიკნაძემ მოხდენილად დაარტყა, თუმცა "შუქურა" მეკარე კაკალაძის დამაჯერებელმა გარჯამ იხსნა.

თამაშის მთავარი მოვლენა მაშინ მოხდა, როცა დამატებულ წუთზე შეტევაში ჩართულმა ალან ბაგაევმა დიდებულად დაარტყა "მაკრატელა". გადმოვარდნილ ბურთს საგოლედ შეცვლაზე შესულმა ელგუჯა ლობჟანიძემ უთავაზა, თუმცა არბიტრმა ჯენერი ხორავამ "შუქურას" გოლი არ ჩათვალა - თამაშგარე იყოო...

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. VI ტური
25.09. თბილისი. "მ. მესხი". 400 მაყურებელი
ლოკომოტივი-შუქურა 0:0
ლოკომოტივი (4-5-1): მიქავა - გაბაძე (36. დუმბაძე), გეთიაშვილი, ღაღანიძე, უბილავა - დიასამიძე, ქიქავა, თექთურმანიძე (66. სულთანიშვილი), პაპუაშვილი, კიკნაძე (87. გავაშელიშვილი) - ქანთარია.
სათადარიგოები: კუპატაძე, ხიდეშელი, არდაზიშვილი, დუმბაძე, ჩიხლაძე
მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე
შუქურა (4-5-1): კაკალაძე - ჩალაძე, ცხოვრებოვი, ბაგაევი, გეგეჭკორი - დოლიძე, შარიქაძე, თარხნიშვილი, ჩელებაძე, გუგუჩია (60. გეწაძე) - კერძევაძე (46. ლობჟანიძე).
სათადარიგოები: ჯიოევი, ტაკიძე, ინგოროყვა, წიქარიძე, ბაჯელიძე
მწვრთნელი: თემურ შალამბერიძე
გაფრთხილება: დიასამიძე (29), ბაგაევი (31), შარიქაძე (61)
არბიტრი: ჯ. ხორავა.

ბომბარდირები:
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 6
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 6
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 5
ი. მოდებაძე (დილა) 5
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 4
ჯ. ჯიღაური (დინამო თბ) 4
ო. მარცვალაძე (დილა) 4
თ. მუმლაძე (ჩიხურა) 4

მომდევნო, VII ტური
3 ოქტომბერი, შაბათი
ცხინვალი-კოლხეთი
დინამო (თბ)-დინამო (ბთ)
საპოვნელა-ლოკომოტივი
სამტრედია-დილა

4 ოქტომბერი, კვირა
ჩიხურა-ტორპედო
შუქურა-საბურთალო
გურია-ზუგდიდი
სიონი-მერანი.
მკითხველის კომენტარები / 1 /
სამტრედია არაა გუნდი თუ ართამაშობს ამ ჩემპიონატში? ყოველთვის მოკლედ წერთ სამტრედიაზე ანგარიში და ვინ გაიტანს გოლს მეტი არაფერი იწერება.
სმტ
14:20 28-09-2015
0

სიახლეები პოპულარული