გორის მერი: წელს "დილაზე" 1 800 000 უკვე დაიხარჯა, ვეძებთ გამოსავალს

AutoSharing Option
ფოტოზე: გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი და "დილას" მწვრთნელი უჩა სოსიაშვილი გამოსავალს ეძებენ
გორის "დილას" მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა ჩვენი გაზეთისთვის ამას წინათ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ კლუბში ფინანსური სიტუაცია იდეალური არ არის და რომ ფეხბურთელებს ერთი თვის ხელფასი და პრემია აქვთ ასაღები.

ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის მწვრთნელმა განვლილი ტურის ცენტრალურ მატჩში თბილისის "დინამოს" დამარცხების შემდეგაც გაუსვა ხაზი პრობლემატურ თემას.

"იმედი მაქვს, სიტუაცია მალე შეიცვლება სასიკეთოდ. ისეთ გუნდს, როგორიც "დილაა", არ უნდა ჰქონდეს მსგავსი
სახის პრობლემები. პირიქით, უნდა ვეცადოთ, გუნდი კიდევ უფრო გავაძლიეროთ.

ვიცი, რომ ჩვენი ქალაქისა და რეგიონის ხელმძღვანელობა ამ საკითხს ყურადღებით ეკიდება და ყველაფერს აკეთებს ვითარების გამოსასწორებლად", - თქვა სოსიაშვილმა პრესკონფერენციაზე.

ამ თემაზე კომენტარი გორის მერს, ბატონ ზურაბ ჯირკველიშვილსაც ვთხოვეთ:

"ჩვენი სურვილია, მდგომარეობა გამოსწორდეს. ვმუშაობთ ამ პრობლემაზე, თუმცა ზუსტად ვერ გეტყვით, როდისთვის მოხერხდება მისი მოგვარება. წლეულს უკვე 1 800 000 ლარი დაიხარჯა გუნდისთვის. ამ ეტაპზე, ხარჯები ამოწურულია და ვცდილობთ, მოვნახოთ გამოსავალი.

საერთოდ, მიმაჩნია, რომ მუნიციპალიტეტები არ უნდა აფინანსებდნენ კლუბებს, რადგან ამის საშუალება მათ ნაკლებად აქვთ. ამ მიმართულებით მიდგომა უნდა შეიცვალოს. აუცილებელია, ცენტრალური ხელისუფლებიდან საამისოდ მოდიოდეს მიზნობრივი ტრანსფერი. აი, მაშინ კი სტაბილური იქნება მდგომარეობა.

მინდა გითხრათ ისიც, რომ "დილას" ჯერ კიდევ მისაღები აქვს უეფადან ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობისთვის კუთვნილი თანხა, ანუ კლუბი მთლად უფულოდ არ არის დარჩენილი", - გვითხრა ბატონმა მერმა.

წლეულს, გაზაფხულზე, როცა "დილას" ქვეყნის ჩემპიონობამდე ცოტაღა აკლდა, ქალაქის თავი გორის საკრებულოს სხდომაზე კლუბისთვის დაფინანსების გაზრდის მოწინააღმდეგე დეპუტატებს აქტიურად უმტკიცებდა, რომ "დილას" საჩემპიონო გზაზე მიტოვება არასწორი ნაბიჯი იქნებოდა. მაშინ დაფინანსება მართლაც გაიზარდა და "დილა" პირველად გახდა ქვეყნის ჩემპიონი. გორელებს ახლაც ძალუძთ ქართული ოქროსთვის ბრძოლა და სადღეისოდ ლიდერობენ კიდეც უმაღლეს ლიგას...

შექმნილ სიტუაციაში გორის მერს თავისი წილი სიმართლე აქვს, მაგრამ, თავის მხრივ, მართალია სოსიაშვილიც - მოქმედ ჩემპიონს ტიტულის დასაცავად კვლავ თანადგომა სჭირდება.

ისე კი, იქნებ სჯობდეს, ორივე მხარემ ერთხელ და სამუდამოდ გაარკვიოს, რამდენის გაღება შეუძლია მერიას და ამის მიხედვით, რისი ამბიცია უნდა ჰქონდეს "დილას".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
მართალს ბრძანებთ, უნდა გაარკვიონ და თუ არ აქვთ საშვალება რომ ნავალოვსკის მარცვალაძის და სხვა პეხბურთელების შენახვის თავი, სხვა მიზნებისთVის უნდა იბრძოლონ
lola
15:43 29-09-2015
0
მაინც ფასიარაქვს ამ ლარს დაიხარჯოს მერე რა პრობლემაა? რაღაცაში მაინც გამოგვადგეს:D:D:D
gori
17:02 29-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული