უმაღლესი ლიგის VIII ტურის წინ: "ქართული კლასიკოს" სურნელით

AutoSharing Option
ფოტოზე: ალექსანდრ შტელინი "ტორპედოს" "დინამოსთან" დასახვედრად ამზადებს
სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზა დასრულდა და საქართველოს XXVII ჩემპიონატი უკვე დღესვე განახლდება.

კალენდრის მიხედვით, VIII ტური ორდღიანი უნდა ყოფილიყო, თუმცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრებო განყოფილებამ ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება მიიღო და "საბურთალო"-"საპოვნელას" მატჩი დღეისთვის, 16 ოქტომბრისთვის გადმოიტანა.

მოგეხსენებათ, 21 ოქტომბერს "საბურთალოს" უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე საპასუხო მატჩი ელოდება დანიურ "მიდტიულანდთან" და გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს ნამდვილად არ აწყენდა ამ საპასუხისმგებლო შეხვედრის წინ კიდევ ერთი "გამოთავისუფლებული" დღე... "საბურთალო"-"საპოვნელას" შეხვედრა კი "მიხეილ მესხზე" გაიმართება.

თითქმის ორკვირიანი პაუზის დროს
ყველამ ვერა, მაგრამ უმაღლესი ლიგის ზოგმა გუნდმა საკონტროლო მატჩები გამართა, ჩემპიონატში მონაწილე რამდენიმე ფეხბურთელი კი საქართველოს ეროვნულ თუ ახალგაზრდულ ნაკრებებში იყო გამოძახებული.

ამაზე კი იმიტომ ვამახვილებთ ყურადღებას, რომ ბოლო წლებში ხშირად ყოფილა ისეთი შემთხვევები, როცა ამა თუ იმ გუნდის მწვრთნელი საკუთარი გუნდის წარუმატებლობას სწორედ სანაკრებო პაუზას აბრალებდა. იმედი დავიტოვოთ, რომ VIII ტურის შემდეგ ასე არ იქნება...

საინტერესოა, რომ ამ ტურში ერთბაშად სამი მწვრთნელის დაბრუნება შედგება ეროვნულ ჩემპიონატში - გელა სანაიას (კოლხეთი), ალექსანდრ შტელინისა (ტორპედო) და ჟერარდ სარაგოსა მულეტის (ლოკომოტივი).

შტელინს მართლაც განსაკუთრებული მისია აქვს - ამ ტურში ხომ ქართული "კლასიკოა". ქუთაისში "ტორპედო" თბილისის "დინამოს" დაუხვდება და, წესით, ეს მატჩი ტურის მშვენებად უნდა იქცეს.

16.10. თბილისი. "მიხეილ მესხი". 19:00
საბურთალო-საპოვნელა
დისკვალიფიკაცია: გაგი მარგველაშვილი (საბურთალო) - დავით ბერუაშვილი (საპოვნელა)
ურთიერთშეხვედრები
არ შეხვედრიან

"საბურთალოს" მოთამაშეთა 80 პროცენტს უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე "მიდტიულანდთან" საპასუხო მატჩი ელის და ამ ბიჭებს შესაბამისი პირობები სჭირდებათ დანიელებთან თამაშისთვის კარგად მოსამზადებლად.

რაც შეეხება "საპოვნელას", თერჯოლელებმა წინა ტურში პირველი მატჩი მოიგეს და ყველაფერს გააკეთებენ, რომ წარმატებული სერია გააგრძელონ.

17.10. ლანჩხუთი. "ევგრაფი შევარდნაძე". 15:00
კოლხეთი-ლოკომოტივი
დისკვალიფიკაცია: თედო კაკულია, გურამ გურეშიძე, გიორგი კილასონია (ყველა - "კოლხეთი")
ურთიერთშეხვედრები
24: +7 =4 -13, 35-42
აღსანიშნავია, რომ ეს გუნდები 9-წლიანი პაუზის შემდეგ ხვდებიან ერთმანეთს. "კოლხეთს" ამ შეხვედრაში გელა სანაია გაუძღვება, რომელიც ცოტა ხნის წინათ ქობულეთის "შუქურას" მთავარი მწვრთნელი იყო.

"კოლხეთს" დააკლდებიან გურამ გურეშიძე, თედო კაკულია და გიორგი კილასონია. რაც შეეხება "ლოკომოტივს", უკვე იცით, რომ "რკინიგზელებს" ჟერარდ სარაგოსა მულეტი გაწვრთნის. ის საქართველოში ადრეც მუშაობდა - ჯერ პირველ ლიგაში მოძღვრავდა "ლოკომოტივს", მერე კი, 2013-14 წლების სეზონში, ქუთაისის "ტორპედოში" მიიწვიეს.

გუნდში მას ნაცნობი ფეხბურთელები ხვდებიან, მაგალითად - დავით უბილავა და გიორგი ხიდეშელი, რომლებიც მას ქუთაისის "ტორპედოში" გაუწვრთნია.

17.10. ქობულეთი. "ჩელე არენა". 15:00
დინამო (ბთ)-სამტრედია
დისკვალიფიკაცია: ავთანდილ ენდელაძე (სამტრედია)
ურთიერთშეხვედრები
23: +12 =3 -8, 41-30
ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი. მართალია, ბათუმის "დინამოს" რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი აკლია (გაბედავა, ფონიავა, შონია), მაგრამ აჭარლები, უბრალოდ, ვალდებულნი არიან, შეწყვიტონ წარუმატებელი სერია.

რაც შეეხება "სამტრედიას", გია ცეცაძის გუნდი სუპერშედეგიანად თამაშობს. ამის დასტურად ბოლო ტურში საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, გორის "დილას" განადგურებაც იკმარებს.

17.10. მარტვილი. "მურთაზ ხურცილავა". 15:00
მერანი-შუქურა
ურთიერთშეხვედრები
2: +2 =0 -0, 4-1
წინა სეზონში "მერანმა" "შუქურას" ორივე მატჩი მოუგო. ახლა ამ შედეგის გამეორება გაჭირდება, რადგან "მერანს" ძველებურად აღარ ულხინს. რაც შეეხება "შუქურას", თემურ შალამბერიძის გაწვრთნილი გუნდისგან ქომაგები ბევრს ელიან.

(მატჩი გადაიდო)
ზუგდიდი-სიონი
საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდის" გუნდის დირექტორ მალხაზ (ჯონი) მალანიას გარდაცვალების გამო, VIII ტურის შეხვედრა გადაიდო. აღნიშნული გადაწყვეტილება გუნდებმა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მიიღეს. როდის გაიმართება მატჩი, ჯერჯერობით უცნობია.

17.10. ქუთაისი. "რამაზ შენგელია". 15:00
ტორპედო-დინამო (თბ)
დისკვალიფიკაცია: ოთარ კვერნაძე, ლაშა შინდაგორიძე (ორივე - "ტორპედო")
ურთიერთშეხვედრები
57: +15 =14 -28, 55-99
ქართული "კლასიკო" ყოველთვის განსაკუთრებულია და იმედია, ასე იქნება ამჯერადაც. მთავარია, ქუთაისში მშვიდობა იყოს. ჩვენ გვახსოვს სხვადასხვანაირი "კლასიკო" და გვჯერა, ამჯერად ყველაფერი კარგად იქნება.

"ტორპედოში" დაბრუნდა ალექსანდრ შტელინი - ვალერი ლობანოვსკისთან ნამუშევარი სპეციალისტი, ვისაც ემარჯვება გუნდის ფიზიკურად მომზადება. საინტერესო იქნება მისი და გია გეგუჩაძის სამწვრთნელო დუელის ხილვა...

შტელინი ქუთაისში 13-წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება. მას ძველი შეგირდებიდან იქ შოთა ბაბუნაშვილი და გია ნერგაძე დახვდნენ, რომელთაც სწორედ უკრაინელის ხელში ჰქონდათ დებიუტი "ტორპედოს" ძირითადში.

თავის დროზე, "დინამოში" უთამაშიათ ვაჟა ტაბატაძეს, დავით ოდიკაძეს, იმავე ბაბუნაშვილს და ნერგაძეს, გიორგი სომხიშვილს. "დინამოს" ღირსებას იცავენ ექსტორპედოელები - გიორგი გურული, მათე ცინცაძე და ზაზა ჭელიძე. გეხსომებათ, "ტორპედოს" წვრთნიდა დინამოელთა ამჟამინდელი თავკაცი გია გეგუჩაძე.

18.10. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე". 15:00
დილა-გურია
დისკვალიფიკაცია: გუგა ფალავანდიშვილი (დილა)
ურთიერთშეხვედრები
23: +12 =3 -8, 41-30

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ყველანაირად ეცდება, სამტრედიაში ნაწვნევი კოშმარი საშინაო ასპარეზზე რომ გაიქარვოს. "გურიას" ამ სეზონში მესამე მწვრთნელი ჰყავს - გუნდის გაჭირვების ტალკვესი გიალო ჩხაიძე.

"დილას" კი ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გუგა ფალავანდიშვილი დააკლდება.

18.10. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათ). 15:00
ცხინვალი-ჩიხურა
ურთიერთშეხვედრები
4: +2 =0 -2, 8-7
"ცხინვალს" სვლა აკრეფილი აქვს და კახა კაჭარავას გაწვრთნილი გუნდის შეჩერება რთულ საქმედ მოჩანს. გოლების იშტაზეა ნიკა კაჭარავა, ვინც ჩემპიონატში ბომბარდირთა დავას ლიდერობს. "ჩიხურაც" დიდ გულზეა და, წესით, კარგი თამაში უნდა გამოვიდეს.

გია ტუხაშვილი
ალეკო კაკაურიძე

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
როდის მოგიგიათ ბათუმლებო,,,,,,,,,სამტრედია ჩემპიონ
zvio
20:59 16-10-2015
0
ძალიან მომწონს ტუხაშვილ-კაკაურიძის სპორტულ-ჟურნალისტური დუეტი, ბრავო!..
ბონდო ქურდაძე
10:10 17-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული