12:12 02-11-2015
დილა-შუქურა 1:3 - გორში უჩა სოსიაშვილიც გალანძღეს [VIDEO]
AutoSharing Option
ამჯერად, "დილა"-"შუქურას" შეხვედრის მიწურულს სტადიონის ტრიბუნიდან უჩა სოსიაშვილის მიმართ უხამს შეძახილებს მასპინძელთა მწვრთნელი გამოეხმაურა და არბიტრისგან წითელი ბარათი იხილა.
გვესმის, რომ ქომაგს თავისი საყვარელი გუნდის წაგება არ უნდა, მაგრამ ამავე გუნდის (ანუ ქვეყნის მოქმედი ჩემპიონისა და მისი მწვრთნელის) მიმართ მეტი რიდი და პატივისცემა რომ მართებს, უდავოა. არც ის დაგვავიწყდეს, დიდი დრო რომ არაა გასული იქიდან, გორული კლუბი წაუგებელი კი არა, მოუგებელი სერიების მთელ ჯაჭვს რომ აწყობდა...
არადა, პირველ ტაიმში "დილას" მარცხს არაფერი მოასწავებდა. მასპინძლები გარკვეულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, რაც მე-17 წუთზე გოლშიც ასახეს. მარჯვენა ფლანგიდან ერთობ აქტიური გიორგი ერისთავის მიერ საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ნავალოვსკიმ თავით დაუგდო მარცვალაძეს, რომელმაც ახლო მანძილიდან ადვილად გაიტანა - 1:0.
მარცვალაძეს 28-ე წუთზეც შეეძლო თავის გამოჩენა, მაგრამ დავით ხურცილავას ჩაწოდებულს ხეირიანად ვერ დაუხვედრა ფეხი.
ცოტა ხანში "შუქურა" ისევ გადარჩა - მარცვალაძე, ამჯერად, ერისთავის მახვილგონივრული პასით მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ... წინ გამოსულ აზამათ ჯიოევს ვერ აჯობა.
ხისტი თამაშის გამო (ყვითელი ბარათების სიმრავლე ამის დასტურია) ხშირი იყო ჯარიმები და მატჩის დასაწყისში "შუქურას" ორი სახიფათო "სტანდარტულის" შესრულებაც მოუწია. ორივე ჯარიმა გიორგი ჩელებაძემ დაარტყა, ოღონდ ისე, რომ ოლექსეი შევჩენკოს კარს ხიფათი არ დამუქრებია.
ფიცხელმა პაექრობამ მე-13 წუთზე დააზარალა გიორგი პაპავა, რომელმაც მატჩი ვეღარ გააგრძელა და შესაცვლელი გახდა. დაცვის ცენტრში მისი პოზიცია გიგა სამხარაძემ დაიკავა, მოედანზე შესული ირაკლი ძარია კი მწვრთნელმა შუა ხაზში გაამწესა.
ტაიმის მეორე ნაწილში გორელები მაინცდამაინც აღარ აწუხებდნენ ჯიოევს, მაგრამ არც მოწინააღმდეგეს აძლევდნენ უფლებას, რომ ხიფათი შეექმნა მათ კართან.
მეორე ნახევარში "შუქურამ" ყველაფერი თავდაყირა დააყენა. სტუმრებმა ზედიზედ რამდენიმე შეტევა განახორციელეს და ერთხელაც, კუთხურისას, ალან ბაგაევის თავური კარის ხაზიდან ნავალოვსკიმ გამოიტანა. თუმცა ამ საქმეში მან ხელიც დაიხმარა და მსაჯმა უყოყმანოდ დანიშნა პენალტი, თავად ნავალოვსკის კი წითელი ბარათი უჩვენა. ჩელებაძემ ზუსტად შეასრულა მისია - 1:1.
ამის შემდეგ ქობულეთელებს სითამამე მოემატათ და მალე რევაზ გეწაძეს ახლო მანძილიდან მიეცა კარის აღების საშუალება, მაგრამ მიზანს ააცილა.
უმცირესობაში დარჩენილი "დილა" გადაწყობასა და შეტევითი პოტენციალის გაზრდას ითხოვდა. სოსიაშვილმაც თავისი ერთ-ერთი კოზირის გამოყენება გადაწყვიტა და სათადარიგოთა სკამიდან ირაკლი მოდებაძეს უხმო, თუმცა, ვიდრე ეს უკანასკნელი თამაშში ჩაერთვებოდა, მოედანზე ახალშესულმა მერაბ ურიდიამ, გეწაძის პასით, ლამაზი გოლი გაიტანა - 1:2.
ურიდიას მალევე შეეძლო დუბლის შესრულება, როცა საჯარიმოში შეჭრილმა ლევან გეგეჭკორმა გვერდი აუარა მეურვეს და მას მისცა დარტყმის საშუალება - მერაბმა ორიოდ მეტრიდან ხელსაყრელი მომენტი გაფლანგა.
მანვე 87-ე წუთზე მარცხენა ფრთიდან საჯარიმოში შეაღწია და შორეულ ძელს სანტიმეტრებში ააცილა ბურთი.
მასპინძელი მცველები ხშირად ცდებოდნენ, ხოლო შემტევები ხეირიანი კომბინაციების გათამაშებას ვერ ახერხებდნენ.
სამაგიეროდ, ურიდიამ სულ დაკარგა ჩემპიონის რიდი და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გეგეჭკორს პასი ამჯერად უკვე დაუფასა - 1:3.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. X ტური
01.11. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
დილა-შუქურა 1:3
გოლები: 1:0 მარცვალაძე (18. ნავალოვსკის პასით), 1:1 ჩელებაძე (65-პენ), 1:2 ურიდია (74. გეწაძის პასით), 1:3 ურიდია (90+2. გეგეჭკორის პასით)
დილა (4-5-1): შევჩენკო - კვირკველია, პაპავა (16. ძარია), კვახაძე, ხურცილავა - სამხარაძე (87. ილურიძე), ფალავანდიშვილი, ნავალოვსკი, ერისთავი (74. მოდებაძე), გოგუა - მარცვალაძე.
სათადარიგოები: მუჯრიშვილი, ქარქუზაშვილი, გვალია, მაშუკოვი
მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
შუქურა (4-5-1): ჯიოევი - ჭეიშვილი, ბაგაევი, ბაჯელიძე, ჩალაძე - გეგეჭკორი, თარხნიშვილი, პუკანიჩი, ჩელებაძე, გეწაძე (87. ინგოროყვა) - კერძევაძე (46. ურიდია).
სათადარიგოები: თ. კაკალაძე, ცხოვრებოვი, ტაკიძე, ლობჯანიძე, მ. კაკალაძე.
მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე
გაფრთხილება: კვირკველია (8), ჩელებაძე (27), პუკანიჩი (40), ბაგაევი (53), ბაჯელიძე (68), ჩალაძე (78), მარცვალაძე (86)
გაძევება: ნავალოვსკი (64), სოსიაშვილი (90+3)
არბიტრი: გ. ყრუაშვილი.
მომდევნო, XI ტური
6 ნოემბერი, პარასკევი
ლოკომოტივი-ზუგდიდი
7 ნოემბერი, შაბათი
შუქურა-დინამო (ბთ)
საპოვნელა-დილა
8 ნოემბერი, კვირა
სამტრედია-ჩიხურა
გურია-ცხინვალი
სიონი-ტორპედო
დინამო (თბ)-კოლხეთი
საბურთალო-მერანი.
ბომბარდირები:
ო. მარცვალაძე (დილა) 9
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 8
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8
დ. ტატანაშვილი (სიონი) 7.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული
სოსიაშვილს კი ის ურჩევნია,რომ მაყურებელთან კამათის ნაცვლად გუნდს მიხედოს.