დინამო (თბ)-სამტრედია 3:1 - მომენტებს გამოყენება უნდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
...ისე მოხდა, რომ თბილისის "დინამოს" ზედიზედ მეოთხე საშინაო მატჩის ჩატარება მოუწია და გია გეგუჩაძის შეგირდებმაც ამ ოთხ შეხვედრაში ქულათა მაქსიმუმი აიღეს.

თუმცა "სამტრედიასთან" მატჩს ისეთი დასაწყისი ჰქონდა, მასპინძელთა საბოლოო წარმატებას ძნელად თუ ვინმე იფიქრებდა: პირველი ტაიმის ბოლო წუთების გარდა, სტუმრები მშვენივრად გამოიყურებოდნენ და ერთმანეთზე უკეთესი რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს.

"სამტრედია" ძალიან სწრაფად გადადიოდა მეტოქის ნახევარზე, შემტევი ოთხეულიც (რაჟამაშვილი, ენდელაძე, ზივზივაძე, მარკოზაშვილი) ხშირად ცვლიდა ადგილებს და, რაც მთავარია, სტუმრების თითქმის ყველა შეტევა გააზრებული იყო.

თუმცა, საბოლოო წარმატების მისაღწევად მხოლოდ ცალკეული რგოლების
აქტიურობა არ არის საკმარისი და ამის ნათელი დადასტურება იყო კიდეც ეს მატჩი. თანაც, სტუმრები მხოლოდ უიღბლობასაც ნუ დააბრალებენ იმას, რაც პირველ ტაიმში მოხდა: მომენტებს გამოყენება უნდა, რაც "დინამომ" მშვენივრად გააკეთა და მორიგი გამარჯვებით ლიდერობა განიმტკიცა.

არადა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, თავდაპირველად, სტუმრები უკეთ გამოიყურებოდნენ და რომ არა ლიბორ ჰრდლიჩკას ჩინებული თამაში, ანგარიში ბევრად უფრო ადრე გაიხსნებოდა. მასპინძელთა სლოვაკმა მეკარემ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, უდავოდ, საუკეთესო მატჩი ჩაატარა და თავისი გუნდი რამდენჯერმე აშკარა ხიფათს გადაარჩინა.

სტუმრებს პირველი მომენტი მაშინ შეექმნათ, როცა ლაშა შერგელაშვილის შორეული პასის მერე ავთო ენდელაძე ნახტომში, თავით გზავნიდა ბურთს მეტოქის კარში, მაგრამ ჰრდლიჩკა იმ ეპიზოდში მართლაც შეუდარებელი გახლდათ, ისე, როგორც მომდევნო ეპიზოდში, როცა სტუმართა ძალიან ეფექტური კომბინაციის შემდეგ დავით რაჟამაშვილი ცაციათი შეუჩერებლად ურტყამდა - დინამოელთა მეკარე კვლავ უშეცდომო გახლდათ.

ის მომენტებიც უნდა ვახსენოთ, ბუდუ ზივზივაძეს ორჯერ რომ შეექმნა, თუმცა სტუმართა ახალგაზრდა შემტევს აქტიური თამაში დაუფასდა და მესამე ცდაზე მაინც შეძლო ყოფილი გუნდის კარში გოლის გატანა.

სხვათა შორის, ეფექტური გოლი გამოვიდა: საპირისპირო ფლანგიდან მიღებული შორეული პასის მერე დავით მთივლიშვილმა მარჯვენა ფრთაზე ორთაბრძოლაში დაასწრო გიორგი თევზაძეს და მის გამჭოლ პასს კი ზივზივაძის ზუსტი დარტყმა მოჰყვა. სამწუხაროდ, ამ ეპიზოდში ტრავმა მიიღო და შესაცვლელი შეიქნა დინამოელთა ახალგაზრდა მარცხენა მცველი გიორგი თევზაძე.

იმ საბედისწერო 43-ე წუთამდე სტუმრებმა კიდევ ორჯერ "შეამოწმეს" ჰრდლიჩკას საიმედოობა, თუმცა "დინამოს" მეკარემ" ორივე შემთხვევაში შეძლო ლაშა შერგელაშვილის შორეული დარტყმების მოგერიება.

აი, მასპინძლებს რაც შეეხებათ, ერთი-ორჯერ ოთარ კაკაბაძემ და ვახტანგ ჭანტურიშვილმა იაქტიურეს, გუნდის კაპიტანი ალექსანდრე იაშვილი კი თამაშის "დალაგებასთან" ერთად თავისი "საფირმო" პასებითაც ცდილობდა მოედანზე არსებული სიტუაციის შეცვლას. ჰოდა, შეიცვალა კიდეც: კაკაბაძისა და იაშვილის მარჯვენა ფლანგზე აქტიურობის მერე მეტოქის კარის სიახლოვეს უმეთვალყურეოდ აღმოჩნდა ჯაბა ჯიღაური და ამ შედეგიან ნახევარმცველს გოლის ჩინებული ალღო რომ გააჩნია, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით.

თუმცა, ტაიმი ამით არ დასრულებულა: მარჯვენა ფლანგიდან "სტანდარტული" ალექსანდრე იაშვილმა ისე შეასრულა, რომ გიორგი გურულმა თავით ზუსტად გადაგზავნა მეტოქის კარში და დინამოელთა მაისურით პირველი გოლიც გაიტანა.

შესვენების შემდეგ სტუმართა თავკაცმა გია ცეცაძემ "საყრდენის" (დაჩი ცნობილაძე) ნაცვლად მოედანზე ცენტრფორვარდი (ირაკლი სიხარულიძე) გამოიყვანა. "სამტრედიამ" კვლავაც აქტიურად დაიწყო ტაიმი და კიდევ ერთი მშვენიერი შანსიც გაუჩნდა, თუმცა დავით მთივლიშვილის უძლიერესი დარტყმა ხარიხას მოხვდა!

მერე და მერე, მასპინძლებმა საიმედოდ გადაკეტეს საკუთარი საჯარიმოს მისადგომები და სტუმრებიც იძულებულნი გახდნენ, შორეული დარტყმებით დამუქრებოდნენ მეტოქის კარს. ამასობაში, "დინამომ" ბურთიც "დაიჭირა" და დროდადრო სწრაფ კონტრშეტევებსაც ახორციელებდა.

როგორც ყოველთვის, გამორჩეული იყო ალექსანდრე იაშვილი, რომელიც მოედნიდან, როგორც იტყვიან, ვალმოხდილი გავიდა. თუმცა, მანამდე მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო: ჯიღაურმა ცაციათი ისეთი გოლი გაიტანა, გულგრილს ვერავის დატოვებდა - "მოჭრილი" დარტყმით შორეულ "ცხრიანში"! აღსანიშნავია, რომ ჯიღაურმა ამ სეზონში უკვე მესამე დუბლი მიითვალა...

ამის შემდეგ გოლის გატანის შანს(ებ)ი მხოლოდ მასპინძლებს ექმნებოდათ, მაგრამ მთელი შეხვედრის განმავლობაში არადამაჯერებლად მოასპარეზე სტუმართა უკანახაზელთა შეცდომებით მეტჯერ ვეღარ ისარგებლეს. არადა, ჭანტურიშვილსაც შეეძლო გოლის გატანა, კაკაბაძესაც და შეცვლაზე შემოსულ ოთარ კიტეიშვილსაც...

ისე, რახან შეცვლები ვახსენეთ, ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ხანგრძლივი პაუზის მერე ფეხბურთს უბრუნდება ნიჭიერი ცენტრალური მცველი ნიკა ჭანტურია, რომელსაც უმძიმესი ტრავმის გამო თითქმის რვა თვეა არ უთამაშია.

დაბოლოს: ამ საინტერესო მატჩს მალტელ არბიტრთა ბრიგადა ემსახურებოდა და ურიგოდაც არ უმსაჯიათ.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XII ტური
21.11. თბილისი. "დინამო არენა"
დინამო (თბ)-სამტრედია 3:1
გოლები: 0:1 ზივზივაძე (31. მთივლიშვილის პასით), 1:1 ჯიღაური (43), 2:1 გურული (45. იაშვილის პასით), 3:1 ჯიღაური (61. ჭანტურიშვილის პასით)
დინამო (4-4-1-1): ჰრდლიჩკა - კაკაბაძე, რენე ფერეირა, გურული, გ. თევზაძე (32. გველესიანი) - ჯიღაური, მ. ცინცაძე, პარუნაშვილი, ჭანტურიშვილი - ა. იაშვილი (62. კიტეიშვილი) - გ. ქვილითაია (86. ს. ლობჟანიძე).
სათადარიგოები: ჯანელიძე, ნ. ჭანტურია, არაბული, ბეგაშვილი
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
სამტრედია (4-2-3-1): თებიძე - მთივლიშვილი, სანდოხაძე, გოგიაშვილი, შერგელაშვილი - ცნობილაძე (46. სიხარულიძე), დათუნაიშვილი - რაჟამაშვილი, ენდელაძე, ზივზივაძე - მარკოზაშვილი (66. დ. ჯიქია).
სათადარიგოები: იოსელიანი, ბ. ცინცაძე, შ. კერძევაძე, ახალაძე, მეშველიანი
მწვრთნელი: გია ცეცაძე
გაფრთხილება: თევზაძე (6), ენდელაძე (23), პარუნაშვილი (31), რენე ფერეირა (56)
არბიტრი: ფ. ფარუჯა (მალტა).

ბომბარდირები
ო. მარცვალაძე (დილა) 10
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 9
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 8
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8

XIII ტური
27 ნოემბერი, პარასკევი
ლოკომოტივი-დინამო (ბთ)

28 ნოემბერი, შაბათი
სამტრედია-კოლხეთი
გურია-დინამო (თბ)
სიონი-ჩიხურა
შუქურა-ცხინვალი
საპოვნელა-ტორპედო
მერანი-ზუგდიდი

29 ნოემბერი, კვირა
საბურთალო-დილა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ამ ჟურნალისტებმა სულ დაკარგეთ ნამუსი. ქართულ ფეხბურთს არჩევთ და "დინამო" თბილისი და თერჯოლის "საპოვნელა" ვერ გაგირჩევიათ ერთმანეთისგან. სირცხვილია.
tengo
12:12 23-11-2015
0
მიმოხილვა დინამო–სამტრედიის,ვიდეო–?
ზაზა
12:01 23-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული