ჩიხურა-გურია 5:0 - "ჩიხურა" ოთხეულს უახლოვდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გარკვეული არასტაბილურობის მიუხედავად, "ჩიხურა" მაინც აგროვებს ქულებს და ნელ-ნელა უახლოვდება მისთვის ჩვეულ ოთხეულს.

"გურია"? "გურია" ცდილობს, მაგრამ შესაძლებლობის მხრივ მცირე არსენალის გამო მისი თავგამოდება უფრო წვალებას ჰგავს. სატურნირო მდგომარეობა ამ გუნდს სხვაგვარ ქმედებებს აიძულებს, თუმცა არავითარი ჩაწოლა დაცვაში, განზრახ უხეშობა ან სიმულაცია ქულის მოპოვებისთვის - გუნდი "წესიერ" ფეხბურთს თამაშობს.

გურულებს ამ სტილისთვის არც ამჯერად უღალატიათ და, კატასტროფული ანგარიშის მიუხედავად, მინდორზე მეტ-ნაკლებად მაინც ორივე გუნდი "ჩანდა".

მე-16 და 52-ე წუთებზე, თან უწყინარ სიტუაციაში, ისეთი საჩუქრები მიართვეს საჩხერელებმა "გურიას", სტუმარს ოდნავ რომ
გამართლებოდა, ანგარიშიც უნდა გაეხსნა. თუმცა გურულებს მეტი შანსი აღარც მისცემიათ.

"ჩიხურას" არც ერთ ფეხბურთელზე არ ითქმის აუგი, მაგრამ განსაკუთრებით ქების ღირსია ახალგაზრდა ჭეჭელაშვილი, რომელიც პლეიმეიკერობასაც კარგად ახერხებდა, საგოლე პასების დარიგებასაც და კარში დარტყმებსაც. მას კარგად უბამდნენ მხარს კორიფაძე და მუმლაძე. და საერთოდაც, ეს ტრიო შეუჩერებელი იყო.

მისაზღვევი კიდევ ერთ ახალბედა - ჭანკოტაძესაც უნდა მივუზღოთ, მცირე სათამაშო დროის მიუხედავად, საგრძნობი წვლილი რომ შეიტანა თავისიანების გამარჯვებაში.

რაც შეეხება სანახაობრივად ერთიმეორეზე უკეთეს გოლებს: 27-ე წუთზე ჭეჭელაშვილმა მახვილგონივრულად უპასა ჩიკვაიძეს, ამ უკანასკნელმა - კორიფაძეს, რომლის უძლიერესი დარტყმის მოგერიება მეკარე დაუშვილმა კი შეძლო, მაგრამ სარდალიშვილის დამატებულზე უკვე უძლური იყო.

მე-60 წუთზე კორიფაძის პასით მუმლაძემ შანსი არ დაუტოვა მეკარეს.

გავიდა 6 წუთი და ჭეჭელაშვილის გადაცემით იმავე სარდალიშვილმა ისარგებლა. მას, უბრალოდ, სხვა აღარაფერი დარჩენოდა, თუ არა დუბლის შესრულება.

86-ე წუთზე იგივე გააკეთა მუმლაძემ ჭანკოტაძის პასით, 90-ე წუთზე კი ჭანკოტაძე-მუმლაძე-სარდალიშვილის აქტიურობით გამომუშავებული ნაღდი პენალტი აუღელვებლად აქცია გოლად "ჩიხურას" ახალგაზრდა ახალწვეულმა ჭანკოტაძემ.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XII ტური
21.11. ივანწმინდა
ჩიხურა-გურია 5:0
გოლები: 1:0 სარდალიშვილი (27), 2:0 მუმლაძე (60. კორიფაძის პასით), 3:0 სარდალიშვილი (66. ჭეჭელაშვილის პასით), 4:0 მუმლაძე (86. ჭანკოტაძის პასით), 5:0 ჭანკოტაძე (90-პენ)
ჩიხურა: კუპატაძე, გრიგალაშვილი, მეგრელიშვილი, განუგრავა, სამხარაძე (24. სარდალიშვილი), მუმლაძე, კორიფაძე (82. ჯოხაძე), ჭეჭელაშვილი (86. ჭანკოტაძე), ჩიკვაიძე, დობროვოლსკი, კაშია.
სათადარიგოები: მწყერაშვილი, კაკაშვილი, კუჭუხიძე, დეკანოიძე
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
გურია: დაუშვილი, მჭედლიშვილი, ჩადუნელი, ქურდაძე, ხიზანეიშვილი, ნოზაძე (46. ჯიქია), მაისურაძე (76. წერეთელი), მოსიაშვილი, წილოსანი (62. ბაქრაძე), კობერიძე, ბახია.
სათადარიგოები: იმერლიშვილი, გელაშვილი, ზოზულია, ბაქრაძე, გუჯაბიძე
მწვრთნელი: გია ჯიქია
გაფრთხილება: ხიზანეიშვილი (26), ჭეჭელაშვილი (72)
არბიტრი: შ. ქუხილავა.

ბომბარდირები
ო. მარცვალაძე (დილა) 10
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 9
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 8
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8

XIII ტური
27 ნოემბერი, პარასკევი
ლოკომოტივი-დინამო (ბთ)

28 ნოემბერი, შაბათი
სამტრედია-კოლხეთი
გურია-დინამო (თბ)
სიონი-ჩიხურა
შუქურა-ცხინვალი
საპოვნელა-ტორპედო
მერანი-ზუგდიდი

29 ნოემბერი, კვირა
საბურთალო-დილა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული