თითქოს, ომში მივდივარ!.. 22 წლის დავით ლეგაშვილს ფეხბურთიდან წასვლა სურდა

AutoSharing Option
დავით ლეგაშვილი საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების შეუცვლელი მეკარე გახლდათ. 18 წლისა დანიურ "ორჰუსში" მიიწვიეს. მისი შესაძლებლობები ყველამ იცოდა, მაგრამ... უცებ ყველამ დაივიწყა.

ლეგაშვილი ახლა 22 წლისაა. ის არ მალავს, რომ ფეხბურთიდან წასვლა სურდა, პირველი ლიგის ბინადარ "რუსთავში" რომ არ მიეწვიათ.

"ბოლნისის "სიონის" შემადგენლობაში უმაღლესი ლიგაში დებიუტი 17 წლისას მქონდა. მერე მეორე თამაშიც ჩავატარე და კარგად მახსოვს, "ლელომ" ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც დამასახელა.

მაშინ ძალიან ბედნიერი ვიყავი და დიდი იმედი მქონდა, რომ კარიერას ავიწყობდი. მაგრამ სულ სხვაგვარად მოხდა. რატომღაც, ყველგან პრობლემებს
ვაწყდებოდი. ბოლოს გორის "დილაში" ვიყავი და 7 თამაში ჩავატარე. მაგრამ მაინც წამოსვლა მომიხდა და ერთი წელი უგუნდოდ დავრჩი.

ამ პერიოდში, არსად მიმიშვეს და ისეთ გულგრილობას წავაწყდი, განადგურებული ვიყავი. ფეხბურთისთვის თავის დანებებას ვაპირებდი. მაგრამ მერე მამა გარდამეცვალა, რომელიც ჩემს ამბავს ძალიან განიცდიდა და მაშინ ვთქვი, რომ მისი ხსოვნისთვის მეთამაშა.

გვერდში დამიდგნენ "რუსთავის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი ბადრი მაჭავარიანი და ლევან სილაგაძე, რომელსაც ჯერ კიდევ "დილაში" ყოფნისას მოვწონდი", - ამბობს ლეგაშვილი.

საინტერესოა, რომ 22 წლის მეკარემ წლეულს "რუსთავში" 12 შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ 5 გოლი გაუშვა, პლუს - 3 პენალტი მოიგერია:

"ბავშვობაში თენგიზ კაცია მენდობოდა, მერე კი, ასაკობრივ ნაკრებების დროს, გიორგი დევდარიანი შვილივით მპატრონობდა. სხვებს კი, სამწუხაროდ, ჩემი არ სჯეროდათ, თუნდაც კარგი თამაშების შემდეგ. ეტყობა, ფეხბურთში პირდაპირობა კარიერისთვის მავნებელია.

რუსთავში ასეთივე ნდობა ვიგრძენი - სილაგაძემ და მაჭავარიანმა ჩემზე ყველაფერი იცოდნენ, მაგრამ სხვებს არ დაუჯერეს და გუნდში მისვლის შემდეგ ჩემში დარწმუნდნენ. მე კი მინდოდა ნდობა გამემართლებინა, თავს ვიკლავდი...

ახლა მოედანზე ისეთი განწყობით გავდივარ, თითქოს, ომში მივდიოდე".

ლეგაშვილი უკეთეს გუნდში გადასვლას იმედოვნებს:

"გორიდან წამოსვლის შემდეგ უგუნდოდ რომ ვიყავი, ტელევიზორში ჩვენი ჩემპიონატს თამაშების ხილვაზე გული მიკვდებოდა. ვიცოდი, რომ ამ დონეზე თავისუფლად ვითამაშებდი.

თამაში ისე მომენატრა, პირველში კი არა, მე-20 ლიგაზეც სიამოვნებით დავთანხმდებოდი. მაგრამ რუსთავში თავდაჯერებული გავხდი. განსაკუთრებით, თასზე ბოლნისის "სიონთან" აღებულმა პენალტმა და კარგმა თამაშმა გამახარა. მეტი ფხა რომ გამოგვეჩინა, შესაძლოა, შემდეგ ეტაპზე გავსულიყავით.

ახლა უფრო გაწონასწორებულიც გავხდი და, რომ იცოდეთ, მხოლოდ ერთი საფიქრალი მაქვს - დავბრუნდე დიდ ფეხბურთში და ადრე თუ გვიან ეროვნულ ნაკრებშიც მოვხვდე. ვიცი, ამის პოტენციალი გამაჩნია. ადრე თუ 30 პროცენტით ვიხარჯებოდი, ახლა 100 პროცენტს ვდებ მოედანზე.

დარწმუნებული ვარ, დღევანდელი მიდგომით მიზანს მივაღწევ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 19 /
როგორ ენდობოდნენ მწვრთნელები როცა თვითონვე ამბობს რო 30%ით ვიხარჯებოდიო. ფეხბურთში ყოველთვის 100%ით უნდა დაიხარჯო
saba
21:05 26-12-2015
0
წარმატებები
ლეგას
22:36 26-12-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული