ლეგიონერები საქართველოს ჩემპიონატში: ახლა ვიღას ველოდოთ?..

AutoSharing Option
ფოტოზე: რენე ფერეირა
ამ ზაფხულს, ახალი საფეხბურთო სეზონის დაწყებამდე თვე-თვენახევარი რჩებოდა, როცა საქართველოს ჩემპიონატში კვალიფიციური ლეგიონერების გამოჩენა ვისურვეთ - ისეთი დონის ლეგიონერების, უმაღლესი ლიგა რომ უნდა გაელამაზებინათ და ჩვენი სტადიონების ტრიბუნებზე გულშემატკივრები რომ უნდა მოეზიდათ.

თანაც, ამ ჩვენს სურვილს სხვა "დატვირთვაც" ჰქონდა: მაღალი დონის ლეგიონერთა გვერდით მოასპარეზე ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელები მეტ გამოცდილებასაც შეიძენდნენ და დაოსტატდებოდნენ. აი, როგორც 7-8 წლის წინათ იყო, როცა თბილისის "დინამოში" ბუნდესლიგამოვლილი ცნობილი ავსტრალიელის, ნედ ზელიჩის გვერდით უდიდეს გამოცდილებას იღებდა იმ დროისათვის 20 წლის გურამ კაშია...

მსგავსი
მაგალითების მოყვანა კიდევ შეიძლება და იმავე თბილისის "დინამოში" გიორგი ლორიასა და გაბონის ნაკრების მეკარის, დიდიე ოვონოს კონკურენციაც უნდა ვახსენოთ.

მოკლედ, მოლოდინი კი გვქონდა, რომ ახალ სეზონში საქართველოს ჩემპიონატში მეტ-ნაკლებად "ცნობადი" ან "ხარისხიანი" ლეგიონერები ჩამოვიდოდნენ.

თუმცა, არც ის "გვავიწყდებოდა", რომ უმაღლესი ლიგის გუნდების უმეტესობა ნამდვილად ვერ გასწვდებოდა თუნდაც საშუალო დონის ლეგიონერებს. ასეც მოხდა: XXVII ჩემპიონატში (პირველი წრის მიმდინარეობისას) ჩვიდმეტმა ლეგიონერმა იასპარეზა და, სამწუხაროდ, ყველა მათგანზე ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ თუნდაც საშუალო დონეს მიეკუთვნებოდნენო.

უფრო მეტიც: ბევრი მათგანი ვერც ვერაფრით სჯობდა თავის ქართველ კოლეგას; თუმცა, ეს არახალი ამბავია, მაგრამ ასევე წლების განმავლობაში რჩება პასუხგაუცემელი კითხვები იმ მართლაც გაურკვეველი კვალიფიკაციისა თუ წარმომავლობის (?) ლეგიონერთა საქართველოს ჩემპიონატში ჩამოსვლასთან დაკავშირებით.

უფრო ზუსტად, ეს კითხვები ამ "უცნაური" ლეგიონერების ჩამომყვანებთან უფრო უნდა ჰქონდეს ქართულ საფეხბურთო საზოგადოებას, თორემ, მართლაც ულამაზო (გნებავთ, ტრაგიკომიკური) სიტუაციაა, როცა მეტ-ნაკლებად საფეხბურთო ქვეყნიდან ჩამოყვანილი და ასევე მეტ-ნაკლებად ნორმალური "სივის" მქონე ესა თუ ის უცხოელი ფეხბურთელი საქართველოს ჩემპიონატის მატჩების უმეტესობას... სათადარიგოთა სკამზე ატარებს!

თანაც, როგორ გგონიათ, მხოლოდ უმაღლეს ლიგაზეა ლაპარაკი? აი, უახლოეს მომავალში პირველი ლიგის პირველი წრის მიმოხილვას როცა შემოგთავაზებთ, თავად დარწმუნდებით კიდევ ერთ "უცნაურობაზე": საქართველოს ჩემპიონატის რანგით მეორე ლიგაშიც არაერთი ლეგიონერი ასპარეზობს, თუმცა ბევრი მათგანი მხოლოდ შეცვლებზე შემოდის ხოლმე!

ანუ ისე გამოდის, რომ ზოგიერთი უცხოელი ვითომ-ლეგიონერი საქართველოში... ეგზოტიკისათვის ჩამოჰყავთ...

წინა სეზონში საქართველოს ჩემპიონატების რეკორდი დამყარდა: უმაღლეს ლიგაში 35 უცხოელი ფეხბურთელი გამოდიოდა; ლეგიონერთა ასეთი რაოდენობა კი წინა 24 წლის განმავლობაში არასდროს ყოფილა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ უცხოელ ფეხბურთელთა უმეტესობამ თავი ვერაფრით გამოიჩინა.

დაახლოებით ასეთივე სიტუაციაა მიმდინარე სეზონშიც და ბარემ, ისიც ვთქვათ, რომ მეტის მოლოდინი არც გვქონდა; უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, იმას ვიმედოვნებდით, რომ მეტ-ნაკლებად "ნორმალური" უცხოელი ფეხბურთელი შეემატებოდა ჩვენს ჩემპიონატს, თორემ სხვა ილუზიები არც გვქონია.

Sportall.Ge
ფოტოზე: ლიბორ ჰრდლიჩკა
ამ "სხვაში" კი იმ მართლაც გამორჩეულ ლეგიონერებს ვგულისხმობთ, სხვადასხვა დროს საქართველოს ჩემპიონატში რომ უასპარეზიათ: მეკარეებს - ზაურ ხაპოვს, დენი დონდტს, დიდიე ოვონოს, მცველებს - ნედ ზელიჩს, მილოშ კრშკოს, ალექს ფრაგას, ჟილვან ვიეირას, კარლოსს, ნახევარმცველებს - მიკელ ალვაროს, პოლ კესანის, ვირგილიუს ბალტუშნიკასს, პეტარ გრაიციარს, ტიაგოს, ჩისამბა ლუნგუს, თავდამსხმელებს - რობერტას ფრიდრიკასს, ანდრეი პოროშინს, დე პორასს, ერიკ-რომეო ჩასემს; აღარაფერს ვამბობთ საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში, უდავოდ, ყველაზე მაღალი დონის ლეგიონერებზე: ანდერსონ აკინოსა და ჩისკოზე...

...მიმდინარე სეზონში მოასპარეზე ამ 17 ლეგიონერიდან საუკეთესოდ თბილისის "დინამოს" 23 წლის ცენტრალური მცველი რენე ფერეირა მივიჩნიეთ; ბრაზილიელი, საერთოდაც, ერთ-ერთი საუკეთესოა თავის ამპლუაში საქართველოს ჩემპიონატში და ამის დასტურად ის ფაქტიც გამოდგება, რომ თბილისის "დინამოში" დაცვის ხაზში არსებული სერიოზული კონკურენციის პირობებში რენე ფერეირა მყარად ინარჩუნებს ადგილს ძირითად შემადგენლობაში.

ფერეირას მსაგავსად, მატჩების 50 პროცენტზე მეტი ჩაატარეს თავიანთ გუნდებში თბილისის "დინამოს" 29 წლის მეკარემ, ლიბორ ჰრდლიჩკამ (სლოვაკეთი), "დილას" 23 წლის მეკარემ, ოლექსეი შევჩენკომ (უკრაინა) და 20 წლის ფორვარდმა ისლამ მაშუკოვმა (რუსეთი), ბათუმის "დინამოს" 24 წლის თავდამსხმელმა ლუის ალბერტო მედინამ (პორტუგალია), "შუქურას" 24 წლის მეკარემ, აზამატ ჯიოევმა და მისმა თანატოლმა, ცენტრალურმა მცველმა ალან ბაგაევმა (ორივე - რუსეთი), "მერანის" გამოცდილმა ახალწვეულმა, საბერძნეთის მოქალაქემ, 31 წლის შემტევმა ალექსანდროს პაპადოპულოსმა და 23 წლის მეკარემ, პიოტრ სევასტიანენკომ (რუსეთი), "გურიის" 27 წლის ნახევარმცველმა დმიტრო ზოზულიამ (უკრაინა) და "კოლხეთის" 22 წლის ცენტრალურმა მცველმა (საყრდენადაც ითამაშა) მიკიტა პოლულიახმა (უკრაინა). სხვათა შორის, ლეგიონერებს შორის პირველ წრეში ყველაზე მეტი მატჩი (13) პოლულიახმა ჩაატარა.

Sportall.Ge
ფოტოზე: ლუის ალბერტო მედინა
აი, დანარჩენებს კი უფრო ნაკლებად ენდობოდნენ: "შუქურას" 32 წლის საყრდენმა ადრიან პუკანიჩმა (წინა სეზონში მშვენიერი დებიუტი რომ ჰქონდა საქართველოს ჩემპიონატში) და 22 წლის მცველმა ალბერტ ცხოვრებოვმა შვიდ-შვიდი მატჩი ჩაატარეს; საქართველოს ჩემპიონატში გარკვეული პაუზის მერე დაბრუნებულმა კოტდივუარელმა ფორვარდმა, 26 წლის ბოტი გოამ ("გურია") - 5; "სიონის" 26 წლის მეკარემ,სოსლან ნანიევმა (რუსეთი) - 4, "ტორპედოს" 21 წლის ცენტრალურმა მცველმა ანდრეი ნიკონოვმა (რუსეთი) - 3.

პირველი წრის მიწურულს კი "საბურთალოს" შემადგენლობაში ორჯერ შევიდა შეცვლაზე ახალგაზრდა მარჯვენაფლანგელი, 18 წლის ტერა ლუხენი (კენია).

სხვათა შორის, კენიელ ფეხბურთელს ჩვენს ჩემპიონატში არასდროს მიუღია მონაწილეობა, ისე კი,  სხვადასხვა დროს აქ მოასპარეზე ლეგიონერთა გეოგრაფია მართლაც "მრავალფეროვანია" და არ არის გამორიცხული, ზამთრის პაუზის მერე ეს გეოგრაფია კიდევ გაიზარდოს. ოღონდ საკითხავია, რა დონის ფეხბურთელები იქნებიან ქართული კლუბების ეს სავარაუდო უცხოელი ახალწვეულები...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
ფერეირა მაგარია, ზესტაფონის დამსახურებაა ეგ ფეხბურთელი!!
ოთო
17:53 26-12-2015
0
ტურისტები არ უნდა ჩამოყავდეთ გუნდებში.
bebeto
14:00 28-12-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული