არველაძე რომ "ქასიმფაშაში" ყოფილიყო... ოთო გოშაძე "საბურთალოში" დაბრუნდა

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "საბურთალოსა" და 19-წლამდელთა ნაკრების გოლკიპერ ოთო გოშაძეს, რომელიც დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში თურქულ "ქასიმფაშაში" ვარჯიშობდა და თითქოს ტრანსფერის საკითხიც გადაწყვეტილი იყო, სამშობლოში დაბრუნება მოუწია. მეკარემ "საბურთალოსთან" ახალი, 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

ოთო გოშაძემ კლუბის ოფიციალურ საიტს ინტერვიუ მისცა.

- იცით, რომ კარგა ხნის განმავლობაში "ქასიმფაშაში" ვვარჯიშობდი, ამხანაგურ მატჩებში ვთამაშობდი, გუნდს შეკრებაზე დავყვებოდი. მხარეები ველოდებოდით, რომ სრულწლოვანი გავმხდარიყავი და ხელშეკრულებისთვის მომეწერა ხელი. თურქულ კლუბში წელიწადზე მეტხანს ვიმყოფებოდი. ვიცოდი, რომ მწვრთნელებს მოვწონდი, ასევე, კლუბის პრეზიდენტსაც და თითქოს, კონტრაქტის გაფორმებასაც წინ არაფერი
ედგა...

ოქტომბერში, როდესაც 18 წელი შემისრულდა, უკვე აქტიურად დავიწყე მოლაპარაკება იმაზე, რომ კლუბთან ხელშეკრულება გამეფორმებინა. ბოლოს შევატყვე, რომ განგებ მიჭიანურებდნენ პასუხს. ეს ფაქტი, ცოტა არ იყოს, არ მესიამოვნა...

სამწუხაროდ, ჩვენი გზები გაიყარა. თურქეთიდან რამდენიმე დღის წინ ჩამოვედი. ახლა წარსულზე აღარ ვფიქრობ, რაც მოხდა, უნდა დავივიწყო... რა თქმა უნდა, ევროპაში სჯობდა თამაში და ამის სურვილიც მქონდა, მაგრამ ჩემი საფეხბურთო კარიერა ახლა იწყება. მჯერა, ბევრ წარმატებას მივაღწევ...

- მთავარ მწვრთნელთან ან კლუბის პრეზიდენტთან არ გიცდიათ საუბარი?
- პრეზიდენტს არა, მაგრამ მთავარ მწვრთნელს ვესაუბრე. ჩვენი სატრანსფერო პოლიტიკიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ აქცენტი გამოცდილ ფეხბურთელებზე გავაკეთოთო. ამჟამად, კლუბში 10 ლეგიონერი თამაშობს, ლიმიტი კი 14 კაცია. მწვრთნელმა ასევე მითხრა, რომ რამდენიმე ლეგიონერის დამატებას კიდევ ვაპირებთო.

მისი საუბრიდან გამომდინარე, გამოვიდა, რომ პირველ გუნდში თამაში არ მომიწევდა, რადგან აქცენტს გამოცდილ ფეხბურთელებზე აკეთებენ. დუბლებში თამაშმა კი მაინცდამაინც არ მომხიბლა...

- ერთი შეხედვით, ცოტა უცნაურია - ერთი წლის განმავლობაში კლუბის სრულუფლებიანი ფეხბურთელი იყავით, გუნდს შეკრებაზეც დაჰყვებოდით, თუმცა საბოლოოდ კონტრაქტი არ შედგა...
- საწყენი ისაა, რომ წამოსვლამდე ერთი კვირით ადრე პირველ გუნდში ამხანაგურ მატჩში ვითამაშე. თამაშის შემდეგ შემაქეს მწვრთნელებმა და მომიწონეს გარჯა. მეგონა, რომ დღეს-ხვალ კონტრაქტს გავაფორმებდი...

თუ გადაწყვეტილი ჰქონდათ ჩემი გამოშვება, ეს ყველაფერი ადრე უნდა ეთქვათ, რადგან თადარიგს დავიჭერდი და შესაძლოა, რომელიმე უცხოური ვარიანტი გამოჩენილიყო.

- "ქასიმფაშაში" შოთა არველაძის მწვრთნელობის დროს მიხვედით, თუმცა უკვე კარგა ხანია, ქართველმა სპეციალისტმა დატოვა გუნდი. ამ ფაქტორმაც ხომ არ განაპირობა, რომ თურქულ კლუბთან დამშვიდობება მოგიხდათ?
- შოთის მერე გუნდმა ორჯერ შეიცვალა მთავარი მწვრთნელი, თუმცა თურქული კლუბის ძირითად გუნდში მაინც ვვარჯიშობდი და შეკრებაზეც დავყვებოდი. არველაძე რომ ყოფილიყო, შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს გუნდში დარჩენას წინ არაფერი დაუდგებოდა, რადგან ქართველ სპეციალისტს მოვწონდი და სწორედ მისი დამსახურებაა, რომ "ქასიმფაშაში" ვიყავი.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და შოთა არველაძეს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადავუხადო.

- ახლა ძველ გარემოში და იმ კლუბში დაბრუნდით, სადაც მთელი ბავშობა გაქვთ გატარებული. რა გრძნობა დაგეუფლათ, როდესაც თბილისურ კლუბთან ახალ, 3-წლიან ხელშეკრულებას მოაწერეთ ხელი?
- "საბურთალო" ჩემი სახლი და ჩემი ოჯახია! აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. დავბრუნდი ძალიან წარმატებულ და პერსპექტიულ გუნდში, რომელსაც დიდი მომავალი აქვს. "საბურთალოში” ჯანსაღი ატმოსფერო და სასიამოვნო გარემო სუფევს, ყველა მეგობრულადაა ერთმანეთთან, ყველა თავის საქმეს აკეთებს.

ამ ეტაპზე საქართველოში ვითამაშებ. ერთგვარი გამოწვევაცაა ჩემთვის, რომ უმაღლეს ლიგაში მომიწევს ძალების სრულად გამოვლენა. უძლიერესთა შორის არასდროს მითამაშია. მაინტერესებს, როგორია საქართველოს უმაღლესი ლიგა.

რადგან საქართველოში ჩამოვედი, არ ნიშნავს, რომ მოტივაცია დავკარგე. პირიქით, ახლა უფრო მეტი შემართებითა და მონდომებით ვიქნები. დადგება ის დრო, როდესაც ევროპაშიც ვითამაშებ.

მომზადებულია fcsaburtalo.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
სიმართლეს არავინ ლაპარაკობს! 18წლის ეხლა გახდა და დუბლებში თამაშმა არ მოხიბლა..."ასნავნოიში თუ არ მათამაშებთ მაშინ კარგად იყავითოო" დაიხურა ქუდი და წამოვიდა:-) გულით გისურვებ წარმატებებს და ერთს გეტყვი შრომის გარეშე ვერაფერს ვერ მიაღწევ!
fransua
01:02 31-12-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული