ნიკა ჭანტურია: გია გეგუჩაძეს სურდა, რომ "დინამოში" დავრჩენილიყავი...

AutoSharing Option
20 წლის ცენტრალურმა მცველმა ნიკა ჭანტურიამ თბილისის "დინამო" დატოვა. უკვე გადაწყვეტილია, რომ საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების ყოფილი წევრი მეორე წრიდან თბილისის "ლოკომოტივის" ღირსებას დაიცავს, სადაც გაიზარდა კიდეც.

ჭანტურია ორი წლის განმავლობაში იყო თბილისის "დინამოს" წევრი. ის გუნდის კაპიტნადაც აირჩიეს, მაგრამ მიიღო მძიმე ტრავმა, რომელმაც გვარიანად შეუშალა ხელი მის წინსვლას. ის სულ ცოტა ხნის წინ განიკურნა და ვფიქრობთ, ნამდვილად შეუძლია ფეხბურთის მაღალ დონეზე თამაში.

გუშინ "ლელო" ნიკა ჭანტურიას დაუკავშირდა და მცირე ინტერვიუ ჩაწერა:

- რატომ მიიღეთ "დინამოს" დატოვების გადაწყვეტილება?
- კლუბის
ხელმძღვანელობისა და გუნდის მთავარი მწვრთნელისგან, გია გეგუჩაძისგან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი. გეგუჩაძე მელაპარაკა და მითხრა, რომ სურდა, "დინამოში" დავრჩენილიყავი, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ეს ნაბიჯი ჩემს კარიერას წაადგება.

- როგორც ვხვდები, ასეთი გადაწყვეტილება სათამაშო პრაქტიკის გამო მიიღეთ...
- ასეა. 20 წლის ვარ და ახლა ძალიან მჭირდება უწყვეტი სათამაშო პრაქტიკა. "ლოკომოტივში" ვიბრძოლებ ამისთვის და იმედია, დავიმსახურებ კიდეც. თანაც, ცოტა ხნის წინ დავბრუნდი მძიმე ტრავმის შემდეგ და ოპტიმალურ ფორმაში შესვლა მჭირდება, რათა მერე ევროპული კარიერის აწყობაზე ვიფიქრო...

"ლოკომოტივიდან" ბევრი ფეხბურთელი წავიდა ევროპაში. აგერ, თვალწინ გვაქვს გიორგი არაბიძისა და ლუკა ზარანდიას მაგალითები.

- "ლოკომოტივი", ალბათ, იმიტომ აირჩიეთ, რომ თქვენი მშობლიური გუნდია...
- ასეა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კლუბის პრეზიდენტ ლექსო თოფურიას. რაც ფეხბურთში ვარ, სულ მასთან მაქვს ურთიერთობა... ასევე, დიდი მადლობა "ლოკომოტივის" მთავარ მწვრთნელს, სარაგოსა მულეტის. მასთან საუბრის შემდეგ მივიღე საბოლოოდ "ლოკომოტივში" გადასვლის გადაწყვეტილება.

- მოდით, ის პერიოდი გავიხსენოთ, ლონდონის "არსენალში" რომ ისინჯებოდით...
- ეს იყო 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ. ინგლისში ფანტასტიკური მიდგომაა ფეხბურთის მიმართ, ის დღეები ახლაც არ მავიწყდება. ცოტა ხნით ვიყავი ასევე გერმანულ "ფრაიბურგში".

- არსენ ვენგერთან თუ ისაუბრეთ?
- არა, მაგრამ ამხანაგური მატჩის მიმდინარეობისას მოვიდა და ჩემს აგენტს ელაპარაკებოდა...

საბოლოოდ, არ გამოვიდა ჩემი იქ დარჩენა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამით არაფერი დამიკარგავს. მე ორი წელი ვიყავი თბილისის "დინამოში", ამირჩიეს გუნდის კაპიტნად. ეს მუდამ სასიამოვნოდ გამახსენდება.

- ტრავმის მერე გარკვეული შიში ხომ არ დაგრჩათ?
- არანაირი! თავიდან, როცა დავშავდი, ბევრს ვფიქრობდი ჩემს მომავალზე. ახლა მჯერა - ფორმასაც აღვიდგენ და ევროპაში სათამაშოდ წასვლასაც მოვახერხებ. აქვე, ვისარგებლებ შემთხვევით და თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელობას ტრავმის პერიოდში თანადგომისთვის მადლობას გადავუხდი.

- "ლოკომოტივის" მიზანი რა იქნება სეზონის მეორე ნახევარში?
- ამაზე უკვე ვესაუბრე კლუბის ხელმძღვანელობას. რამდენადაც ვიცი, ისინი გააკეთებენ განცხადებას ამის თაობაზე. ცოტაც მოვიცადოთ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 2 /
ნიკუშ წარმატებები!
იბრა
17:13 14-01-2016
0
ნიკა მაგარი კაცი ხარ ჯიმა. შენ დიდი ფეხბურთი უნდა ითამაშო. ერთხელ გითხარი კიდეც, შენ ხარ ეროვნული ნაკრების მომავალი კაპიტანი!
წარმატებები ნიკა!
georgiano
16:27 14-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული