I ლიგა: ცხინვალის "ლიახვი" უმაღლესი ლიგის გზაზე

AutoSharing Option
პირველი ლიგის ლიდერი "ლიახვი", რომელიც, ნამდვილად და არა ფურცელზე, ცხინვალელთა გუნდია, სულ უფრო უახლოვდება უმაღლეს ლიგას.

გუნდი მეორე წრისთვის შეკრებას 18 იანვრიდან გორში ატარებს. პირველი ლიგის ყველა საშინაო მატჩს "ლიახვი" "ქართლზე" მართავს და იქვე ვარჯიშობს კიდეც, გორში "დილას" არყოფნისას კი თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონის გვერდით, "პარკ არენის" ხელოვნურსაფარიან მოედანზეა დისლოცირებული.

შეკრების განმავლობაში "ლიახვმა" რამდენიმე ამხანაგური მატჩიც გამართა - გორში 3:2 დაამარცხა "ბორჯომი", მცხეთაში 1:0 სძლია დუშეთის "არაგვს", ხოლო 13 თებერვალს თბილისში 2:2 ითამაშა უმაღლესლიგელ "სამტრედიასთან". სეზონის განახლებამდე ბოლო სპარინგში ცხინვალელები
გორში "რეალ ვარკეთილს" დაუპირისპირდებიან.

პირველი ლიგის კვალობაზე, "ლიახვი" საკმაოდ კარგადაა დაკომპლექტებული. გუნდში არაერთი გამოცდილი ფეხბურთელია, მათ შორის ისეთებიც, სათამაშო პრაქტიკა უმაღლეს ლიგაშიც რომ ჰქონიათ. აქცენტი ცხინვალელ, კერძოდ კი, ოსი ეროვნების ფეხბურთელებზეა გაკეთებული. შესაბამისად, დღეს "ლიახვსა" და ლიახვი 2"-ში 15-მდე ასეთი მობურთალია თავმოყრილი.

საგულისხმოა, რომ ერთ-ერთი მათგანია ერიკ გაბარაევი, რომელიც ორი წლის წინ გორის "დილაში" მივიდა, ამჟამად კი "ლიახვის" ღირსებას იცავს. სხვათა შორის, აქ ის დაოჯახდა კიდეც გორელ ქალზე...

ცოტა ხანს ქუთაისის "ტორპედოში" ირჯებოდა ინალ ფუხაევი, ხოლო ანატოლი ხუბეჟოვი "ლიახვამდე" "კრასნოდარის" დუბლშემადგენლობაში ირიცხებოდა.

"ჩვენი კავშირების წყალობით უკვე არაერთი ცხინვალელი ფეხბურთელი ჩამოვიყვანეთ "ლიახვში". რასაკვირველია, ეს იოლი არ არის, მაგრამ თავად ხედავთ, რომ არც შეუძლებელი ყოფილა. გუნდისთვის სწორედ ის არის მნიშვნელოვანი, რომ დასახული მიზნისთვის ოსი და ქართველი ფეხბურთელები ერთად იბრძოდნენ. მათ ერთმანეთთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ.

ფეხბურთელების და კლუბის მიზანი უმაღლეს ლიგაში გადასვლაა. ამ მიზანთან საკმაოდ ახლოს ვართ. უახლოეს წლებში, გვინდა ქართულ-ოსური შემადგენლობით "ლიახვს" ევროთასებზე ასპარეზობის უფლება მოვაპოვებინოთ", - გვითხრა კლუბის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ზაზა რომელაშვილმა.

საყურადღებოა, რომ რომელაშვილი იმ ცხინვალის "ლიახვის" კაპიტანი გახლდათ, რომელიც 1990 წელს საქართველოს პირველ ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობდა, თუმცა ცნობილ მიზეზთა გამო სეზონი ბოლომდე ვერ ჩაამთავრა. კლუბის თავკაცები ამჟამინდელ "ლიახვს" სწორედ მაშინდელი "ლიახვის" მემკვიდრედ მიიჩნევენ...

კლუბი დიდად მადლიერია საქართველოს პარლამენტში გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის,  სოსო ვახტანგაშვილის. მისი მხარდაჭერით "ლიახვი" მესამე წელია პროგრესირებს. გუნდმა აღდგენიდან პირველივე სეზონში წარმატებით იასპარეზა მეორე ლიგაში - პირველ ადგილზე გავიდა და ამ ლიგის ისტორიაში პირველად გამართულ სუპერთასის მატჩში, შემადგენლობაში მოთამაშე 10 ოსი ფეხბურთელით მოიგო კიდეც ეს თასი.

ცხინვალელებს არც პირველ ლიგაში გასჭირვებიათ ლიდერობის მოპოვება. ამჟამად ისინი სატურნირო ცხრილში უახლოეს მდევარს 6 ქულით უსწრებენ და უმაღლესში აღზევების უმთავრესი კანდიდატები არიან.

წლეულს კლუბის ბიუჯეტი 1 მილიონ ლარამდეა. უმაღლეს ლიგაში გადასვლის მერე დაფინანსება ალბათ კიდევ უფრო გაიზრდება.

* * *
მოსამზადებელი შეკრების მიწურულს "ლიახვის" მთავარ მწვრთნელს, მალხაზ ჟვანიასაც რამდენიმე კითხვით მივმართეთ.

- რომელი ახალი ფეხბურთელი დაიმატეთ ზამთრის შესვენებისას?
- დავიმატეთ მეკარე დაუშვილი, მცველები - ხიზანეიშვილი, მარაქველიძე, ნახევარმცველი გოგიჩაიშვილი, შეტევაში წუწუნავა და ბუკია, აგრეთვე - ცხინვალელი ფეხბურთელი კარაცაევი.

- კლუბს აქცენტი ცხინვალელი ფეხბურთელის დამატებაზე აქვს გაკეთებული, რაც უდავოდ კარგია, მაგრამ ისინი გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვან როლს თუ თამაშობენ?
- ვინც დავიმატეთ,  ყველა მათგანით კმაყოფილი ვარ. მათი ასაკი 18-დან 23 წლამდე მერყეობს და, სხვათა შორის, საკმაოდ პერსპექტიული ახალგაზრდებიც არიან, გუნდის კაპიტანი 23 წლის ვალერი ჯელიევია. მათ შესაძლებელობებს ყველა დაინახავს, როცა უმაღლეს ლიგაში გადავალთ.

აღსანიშნავია, რომ მოედნის მიღმაც სამაგალითო ურთიერთობა აქვთ ქართველ და ოს ფეხბურთელებს. მათი ერთგულება და გვერდში დგომა აისახება მინდორზე და გამარჯვებებიც ასე მოდის.

- მოსამზადებელმა შეკრებამ რამდენად დაგაკმაყოფილათ? შარშან, როგორ ვიცით, ურეკში მოემზადეთ, წლეულს კი ამაზე უარი თქვით...
- შეკრების ერთ-ერთ ვარიანტად შავიზღვისპირეთს წლეულსაც განვიხილავდით, მაგრამ ბოლოს ისევ გორში დარჩენა ვამჯობინეთ და სწორი გადაწყვეტილებაც მივიღეთ. ძალიან კმაყოფილი ვარ პირობებით, აგრეთვე, სპარინგ-მატჩებით. ამხანაგურ მატჩებში გამარჯვების მოპოვება უმთავრესი მიზანი არ არის, თუმცა,  როცა ამ ტიპის სპარინგებს წაუგებლად ატარებ, ფსიქოლოგიურად ეს, რასაკვირველია, მაინც კარგად აისახება გუნდზე.

- პირველ ლიგაში თქვენი გუნდი გამოკვეთილი ლიდერია, უახლოეს მდევარს დიდი სხვაობით უსწრებთ და მიზნის მიღწევა, ალბათ, არ უნდა გაგიჭირდეთ...
- მეორე წრე ჯერ კიდევ წინაა. კონკურენტად ძლიერი გუნდები გვყავს და მოდუნება არაფერს გვარგებს. ყველა მატჩში გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ.

ავტორის ფოტო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული