გიორგი მიქაძე: ისეთი ვითარება შეიქმნა, "მერანიდან" უნდა წამოვსულიყავი...

AutoSharing Option
უკვე იცით, რომ ეროვნული ლიგა 2-ის ლიდერ მარტვილის "მერანში" მოულოდნელი სამწვრთნელო ცვლილება მოხდა: მთავარმა მწვრთნელმა გიორგი მიქაძემ, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა.

ის გუნდიდან წასვლის მიზეზებზე მხოლოდ ზოგადად ლაპარაკობს:

"მგონია, რომ ცუდად არ მიმუშავია. თქვენი მესმის, რომ ეს წამოსვლა გაუგებარი დარჩა და კითხვებიც გებადებათ. ეს ჩემს გეგმებში არ შედიოდა, მაგრამ ისეთი ვითარება შეიქმნა, ასეთი ნაბიჯის გადადგმა მომიხდა.

მაგრამ თამამად ვიტყვი, რომ გუნდი არ მიმიგდია - "მერანი" ეროვნული ლიგა 2-ის ლიდერი, გამზადებული და ბრძოლისუნარიანი გუნდია. მეტის თქმას არ ვაპირებ. ალბათ, ყველაფერს
თავისი დრო აქვს - მისვლასაც და წამოსვლასაც", - ამბობს მიქაძე.

36 წლის სპეციალისტი ყოფილ გუნდს წარმატებას უსურვებს:

"წამოვედი, მაგრამ უმადური ადამიანი არ ვარ - "მერანში" ნდობა გამომიცხადეს, თავის გამოსაჩენად ასპარეზი მომცეს და მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. მარტვილელებს სულითა და გულით ვუსურვებ წარმატებას. ეს პერიოდი ჩემს კარიერაში საუკეთესო იყო. იმედია, ამ სეზონს "მერანი" ლოგიკურ დასასრულამდე, ეროვნულ ლიგაში გადასვლით დააგვირგვინებს. იმ ბიზნესმენებზეც ვიტყვი, რომლებიც გუნდებს პატრონობენ და ფეხბურთში ფულს ხარჯავენ - ამ ხალხს გაფრთხილება სჭირდება".

მიქაძის თქმით, მას უკვე დაუკავშირდნენ რამდენიმე გუნდიდან:

"კონკრეტული შემოთავაზებები უკვე მაქვს, მაგრამ ამაზე ჯერ ვერ ვილაპარაკებ. მთავარია, რომ უკვე დიდი გამოცდილება შევიძინე, ასაკობრივ ნაკრებებშიც ვიმუშავე, საკლუბო დონეზეც... რაც მთავარია, არაერთ კარგ სპეციალისტთან ვიმუშავე და ბევრი რამ ვისწავლე".

მიქაძის შემცვლელის ვინაობა კი ჯერჯერობით უცნობია. ბევრის აზრით, "მერანიდან" მწვრთნელის წასვლა უცნაურად დაემთხვა ამავე გუნდის ყოფილი დამრიგებლის, მალხაზ ჟვანიას მიერ "თელავის" დატოვებას... მაგრამ მარტვილელთა პრეზიდენტმა ფრიდონ ინჯიამ "ლელოსთან" საუბარში უარყო ინფორმაცია, თითქოს, ჟვანიას დაბრუნება შესთავაზა:

"ამაზე ლაპარაკი არ გვქონია. მთავარ მწვრთნელს უახლოეს პერიოდში დავნიშნავთ და ის ქართველი არ იქნება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ალბათ პოსტსაბჭოელი მწვრთნელი იქნება.გაგაებაში არა ხართ ფეხბურთის ,უბნრალოდ ფული აქვს და ატრაკებს ინჯია.ამ ბიჭმა მართლა კარგი გუნდი დაგიტოვათ.ვნახოთ როგორ გააგრძელებთ.
ვახო
17:15 15-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული