10:47 24-02-2016
ცხინვალი-მერანი 1:1 - დამსახურებული ქულა [VIDEO]
AutoSharing Option
ფაქტია, რომ გუნდისათვის სერიოზული დანაკლისი აღმოჩნდა პირველი წრის საუკეთესო ბომბარდირის, ნიკა კაჭარავას "როსტოვში" გადასვლა: მართალია, მეორე წრეში კახა კაჭარავას გუნდმა ორ მატჩში 3 გოლი გაიტანა, მაინც თვალშისაცემია, რომ გუნდს თავდასხმაში სერიოზული პრობლემები აქვს. ყოველ შემთხვევაში, ცენტრფორვარდის პოზიციაზე გამწესებულ და ამპლუაშეცვლილ გიორგი ივანიშვილს აშკარად უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდება პარტნიორებისაგან.
ასე იყო გუშინდელ მატჩშიც, როცა მასპინძლებმა მატჩის ბოლო 15 წუთი რიცხობრივ უპირატესობაში გაატარეს, მაგრამ მხოლოდ ერთადერთი, ისიც მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი შექმნეს: თორნიკე გორგიაშვილის თავური დარტყმა არაზუსტი გამოდგა.
სამაგიეროდ, "მერანმა" დაიწყო მეორე წრე წარმატებულად და მარტვილელთა ერთიანად გადახალისებულმა გუნდმაც წინა ტურში მოპოვებულ სამ ქულას კიდევ ერთი გუშინ მიუმატა. თანაც, პირველი ტაიმი, საერთოდაც, სტუმრების დომინირებით წარიმართა და ლაშა ჯღამაიას უკვე მატჩის დასაწყისშივე შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ მახვილი კუთხიდან ზუსტად ვერ დაარტყა; მერე ბესიკ ჩიმაკაძეს შეეძლო გარკვეული პაუზის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატში თავის გამოჩენა, მაგრამ ვარცხნილობაშეცვლილმა ფორვარდმა მშვენიერი შანსი ვერ გამოიყენა.
აი, მასპინძელთა პირველივე შეტევა კი გოლით დასრულდა: "მერანის" გამოცდილმა მეკარემ, ზურაბ მამალაძემ "ცხინვალის" იერიში კარიდან წინ გამოსვლით კი ჩაჭრა, მაგრამ ბურთი ლაშა ქოჩლაძეს მიუვიდა და მასპინძელთა ახალგაზრდა გამთამაშებელმა შორი მანძილიდან ზუსტად დალაშქრა მეკარისაგან დაუცველი კარი.
აი, ეს იყო მასპინძელთა პირველი და ... უკანასკნელი შეტევა პირველ ტაიმში, მაშინ, როცა სტუმრები გაშვებულ გოლს არ გაუტეხია და ანგარიშიც მალე გაათანაბრეს: მარჯვენა ფლანგიდან კიჭი მელიავამ მეტოქის საჯარიმოში გამჭოლი გადაცემა გააკეთა და შორეულ ძელთან "ჩასაფრებულმა" ვანო ხაბელაშვილმაც უპრობლებოდ გადაგზავნა ბურთი კარში.
აღსანიშნავია, რომ მეორე წრეში "მერანმა" სამი გოლი გაიტანა და სამივეჯერ გუნდის ახალწვეულმა, ვანო ხაბელაშვილმა იყოჩაღა.
"მერანს" პირველ ტაიმში კიდევ ჰქონდა ერთი შანსი, თანაც, ძალზე რეალური, მაგრამ მასპინძელთა მეკარემ, გიორგი ნადირაძემ შეძლო და ურთულესი ბურთი აუღო მასთან პირისპირ დარჩენილ ბესიკ ჩიმაკაძეს.
...ისე, როგორც წინა ტურში, შესვენების შემდეგ "ცხინვალი" ამჯერადაც საგრძნობლად გააქტიურდა და მასპინძელთა თავკაცმა კახა კაჭარავამ ამჯერადაც ეფექტიანი გადაადგილებები მოახდინა: გიორგი ბეჭვაიამ დაცვის მარჯვენა ფლანგზე გადაინაცვლა, ირაკლი ლექვთაძემ ფლანგი შეიცვალა, ხოლო შეცვლაზე შემოსული ნიკა ჯიშკარიანი თამაშში აქტიურად ჩაერთო; გამორჩეული მატჩი ჩაატარა მასპინძელთა საყრდენმა ნახევარმცველმა ბაქარ ქარდავამ, თუმცა ამ ზეენერგიული ფეხბურთელის მონდომება საკმარისი არ გამოდგა.
ერთ ეპიზოდში ქარდავამ შორი მანძილიდან ძლიერადაც "დააქუხა", მაგრამ ზურაბ მამალაძემ ეფექტური ნახტომით ბურთი მოიგერია.
ერთი ჩინებული მომენტი სტუმრებსაც ჰქონდათ, როცა ბენჯამენ ტეიდი ახლო მანძილიდან ცდილობდა გოლის გატანას, მაგრამ ნიკა ჯიშკარიანმა ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა.
საკადრო პრომლემებმოძალებული "ცხინვალი" (ტრავმების თუ დისკვალიფიკაციის გამო დავით მაისაშვილი, ვასიკო ბაჩიაშვილი, უჩა ბურძენაძე, ლევან ჭაფოძე და ახალწვეული ვილი ისიანი რომ აკლდა) ბოლოს მთელი გუნდით შტურმზე გადავიდა, მაგრამ მეტოქის საჯარიმოში ერთფეროვან მაღალ ჩაწოდებებს შედეგი არ მოუტანია და აუტსაიდერმა "მერანმაც" დამსახურებული ქულა წაიღო თბილისიდან.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. II წრე. XVII ტური
23.02. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათადარიგო)
ცხინვალი-მერანი 1:1
გოლები: 1:0 ქოჩლაძე (16), 1:1 ხაბელაშვილი (18. მელიავას პასით)
ცხინვალი (4-2-3-1): ნადირაძე - ცერცვაძე (46. ჯიშკარიანი), კაკუბავა, გორგიაშვილი, ჯაფარიძე - მახარობლიძე, ქარდავა - ბეჭვაია, ქოჩლაძე, ლექვთაძე - ივანიშვილი.
სათადარიგოები: კერესელიძე, ზ. ლობჯანიძე, თოლორდავა, მაღრაძე, ნ. ნოზაძე, ბუტუევი.
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
მერანი (4-1-3-2): მამალაძე - მელიავა, ორბელაძე, გიორგაძე, კიკნაველიძე - ტეიდი - ჯღამაია (81. აშორტია), შ. ჯიქია, ხაბელაშვილი - ჩიმაკაძე (65. წყაროზია), საბანაძე (90. გეგია).
სათადარიგოები: ი. ციცხვაია, კენჩხიძე, შენგელია, სევოსტიანენკო
მწვრთნელი: ბადრი კვარაცხელია
გაფრთხილება: ქოჩლაძე (25), კაკუბავა (38), საბანაძე (52), გიორგაძე (77), აშორტია (82)
გაძევება: ორბელაძე (77)
არბიტრი: ბ. ნინუა
ბომბარდირები
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13
გ. ქვილითაია (დინამო (თბ) 13
ო. მარცვალაძე (დილა) 13
დ. ტატანაშვილი (სიონი) 10
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 10
XVIII ტური
27 თებერვალი, შაბათი
საბურთალო-დინამო (თბ)
ლოკომოტივი-სამტრედია
ზუგდიდი-ცხინვალი
შუქურა-სიონი
კოლხეთი -დინამო (ბთ)
მერანი-ჩიხურა
დილა-ტორპედო
საპოვნელა-გურია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული