შეგახსენებთ, რომ ამ ტურამდე ყველაზე უხვგოლიანი ორი მატჩი იყო და ორივე "სიონის" მონაწილეობით: ვარლამ კილასონიას გუნდმა X ტურში სტუმრად ბათუმის "დინამოს" 5:3 მოუგო, მომდევნო ტურში კი საკუთარ მოედანზე "ტორპედო" დაამარცხა ასევე შთამბეჭდავი ანგარიშით - 6:2...
"სამტრედია"-"საბურთალოს" მატჩით XIX ტური მთავრდებოდა და შედეგიანობის თვალსაზრისით,
ჰოდა, ჯერ მარტო ეს ფაქტიც გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ გასული ტური საინტერესო გამოდგა...
იმერული დღესასწაული
მართლაც მშვენიერ ფორმაშია გია ცეცაძის "სამტრედია" - მეორე წრეში ჩატარებული 4 მატჩიდან სამი რომ მოიგო და ერთი ფრედ ითამაშა; სწორედ ამ წარმატებული სერიის გამოძახილიც არის ის ფაქტი, რომ ეს გუნდი ზედა სამეულში დამკვიდრდა და მეორე ადგილზე მყოფ "დილასაც" მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება. ამას გარდა, ცალკე უნდა აღინიშნოს ერთი გამორჩეული ფაქტიც: "საბურთალოსთან" 8:2 მოგება საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში "სამტრედიასათვის" სარეკორდო აღმოჩნდა! მანამდე კი სარეკორდო შედეგად 1995/96 წლების სეზონში დაფიქსირებული 8:3 ითვლებოდა: სწორედ ასეთი ანგარიშით მოუგო "სამტრედიამ" თავის ძველ და ერთ-ერთ უპრინციპულეს მეტოქეს, "გურიას".
ისე, 20 წლის წინანდელი ეს შედეგიც არ უნდა გაჰკვირვებოდა არავის: იმ მატჩში "გურიის" კარში თითო-თითო გოლი ვალტერ გუჩუამ და გიორგი დარასელიამ გაიტანეს, ზაზა ჯანაშიამ "დუბლი" შეასრულა, საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა ზურაბ იონანიძემ კი - "პოკერი"! საერთოდაც, 1994-95 წლებში სამტრედიელებს მართლაც ძალიან მაგარი გუნდი ჰყავდათ...
მეორე წრეში კიდევ ორი იმერული გუნდი ყოჩაღობს: ალექსანდრ შტელინის დამოძღვრილმა "ტორპედომ" წინა ტურში მოქმედი ჩემპიონი "დილა" დაამარცხა, ახლა კი ვიცე-ჩემპიონს, ბათუმის "დინამოს" მოუგო!
ასევე წარმატებულად და, რაც მთავარია, შედეგიანად ასპარეზობს "ჩიხურა": სოსო ფრუიძის გუნდმა მეორე წრეში ჩატარებულ ოთხ შეხვედრაში მეტოქეთა კარში 13 გოლი გაიტანა.
დუბლი
გასულ ტურში ოთხმა ფეხბურთელმა შეძლო "დუბლის" შესრულება: "სამტრედიის" 21 წლის ფორვარდმა ბუდუ ზივზივაძემ, ამავე გუნდის მარცხენა ნახევარმცველმა (გნებავთ, მარცხენა მცველმა) ლაშა შერგელაშვილმა, "სიონის" 32 წლის ცენტრფორვარდმა დიმიტრი ტატანაშვილმა და "ჩიხურას" 23 წლის გარემარბმა მიხეილ სარდალიშვილმა. აღსანიშნავია, რომ სარდალიშვილმა ამ სეზონში უკვე 6 გოლი გაიტანა, რაც მის კარიერაში საუკეთესო შედეგია (ისე, როგორც ორი "დუბლის" შესრულება).
აი, რაც შეეხება ბოლნისელთა გუნდის გამოცდილ თავდამსხმელს, დიმიტრი ტატანაშვილს, მისთვის "დუბლის" შესრულება "ჩვეულებრივი" საქმეა და ამიტომაც არ გაგვკვირვებია სეზონში მესამე "დუბლი". ამ მაჩვენებლით ტატანაშვილი დაეწია გიორგი ქვილითაიასა და ჯაბა ჯიღაურს (ორივე - თბილისის "დინამო"), რომელთაც ასევე სამ-სამჯერ მოახერხეს მიმდინარე სეზონში "დუბლის" შესრულება.
ამ "ნომინაციაში" აბსოლუტურ ლიდერობას კი კვლავაც ინარჩუნებს "ცხინვალის" აწ უკვე ყოფილი ცენტრფორვარდი და ლიდერი, 22 წლის ნიკა კაჭარავა, რომელმაც პირველ წრეში "დუბლი" ოთხჯერ შეასრულა!
ცალკე უნდა აღვნიშნოთ "სამტრედიის" ფეხბურთელთა შედეგიანი თამაშიც: ბუდუ ზივზივაძემ ამ ჩემპიონატში უკვე 12 გოლი გაიტანა ("დუბლი" მეორედ შეასრულა) და ისიც უნდა ვთქვათ, რომ ეს ახალგაზრდა ფორვარდი ერთადერთია, მეორე წრეში ჩატარებულ ოთხივე მატჩში რომ შეძლო გოლის გატანა.
ლაშა შერგელაშვილმა კი მიმდინარე ჩემპიონატში პირველი გოლ(ებ)ი გაიტანა, მანამდე კი უმაღლეს ლიგაში "დუბლი" მხოლოდ ერთხელ ჰქონდა შესრულებული: 2012 წელს, ქუთაისის "ტორპედოში" ასპარეზობის დროს.
გოლი... 12-წლიანი პაუზის შემდეგ!
ზამთრის პაუზის დროს, როგორც უკვე ტრადიციად იქცა, თითქმის ყველა ქართულმა გუნდმა საგრძნობლად გადაახალისა თავისი შემადგენლობა; თუმცა იმ ასობით ტრანსფერში ყველაზე მნიშვნელოვნად (გნებავთ, ყველაზე "ხმაურიანად") ალექსანდრე ამისულაშვილის საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნება მივიჩნიეთ: გამოცდილი და კვალიფიციური მცველი თბილისის "დინამოში" 11-წლიანი პაუზის მერე დაბრუნდა!თანაც, როგორ დაბრუნდა: 33 წლის ამისულაშვილი თავის მაღალ კლასს ყოველ ტურში ამტკიცებს და ამიტომაც არ უნდა გაჰკვირვებოდა ვინმეს, როცა "ლელომ" სწორედ ეს გამოცდილი მცველი დაასახელა საქართველოს ჩემპიონატის თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად.
გასულ ტურში კი ამისულაშვილმა აქ დაბრუნების შემდეგ პირველი გოლიც გაიტანა, არადა, უკანასკნელად ჩვენს ჩემპიონატში 2003 წლის გვიან შემოდგომაზე ჰქონდა გატანილი...
დაბრუნების ტენდენცია გრძელდება
კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი დაუბრუნდა საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს: თბილისის "დინამოს" წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში "მერანის" შემადგენლობაში გამოჩნდა 32 წლის გიორგი ციმაკურიძე, რომელიც ბოლო 4 სეზონის განმავლობაში არსად ჩანდა, მანამდე კი... ტაილანდის ჩემპიონატში გამოდიოდა. თავის დროზე ციმაკურიძე საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში გამოდიოდა. მერე იყო უკრაინასა და სლოვაკეთში გატარებული პერიოდი, რასაც 2011 წელს მცირე ხნით საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნება მოჰყვა (ჯერ - თბილისის "დინამოში", მერე - ცხინვალის "სპარტაკში"), რის შემდეგაც ამ უნივერსალმა მცველმა ტაილანდში განაგრძო კარიერა.
ციმაკურიძის მსგავსად, ასევე გარკვეული პაუზის მერე დაუბრუნდა საქართველოს ჩემპიონატს 29 წლის ფორვარდი დავით ჩაგელიშვილი, რომელიც ბოლო დროს ყაზახეთის ჩემპიონატში გამოდიოდა. ჩაგელიშვილს ჩვენს ჩემპიონატში სხვადასხვა გუნდში ("დილა", "ჩიხურა", "სიონი") უთამაშია, თუმცა საკუთარ შესაძლებლობებს ყველაზე უკეთ თბილისის "ლოკომოტივში" ავლენდა და სწორედ ამ გუნდს დაუბრუნდა თითქმის ექვსწლიანი პაუზის შემდეგ.
გასულ ტურში "ლოკომოტივის" შემადგენლობაში კიდევ ერთი "დაბრუნებულიც" გამოჩნდა: 20 წლის მარჯვენა გარემარბი ალეკო მზევაშვილი უმაღლეს ლიგას 2-წლიანი პაუზის მერე დაუბრუნდა. შეგახსენებთ, რომ ეს პერსპექტიული ფეხბურთელი საქართველოს 17-წლამდელთა იმ ნაკრების წევრი გახლდათ, 2012 წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე რომ იასპარეზა და ნახევარფინალამდე მიაღწია.
იმდროინდელი ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ვასილ მაისურაძეს ერთმანეთზე უკეთესი ბიჭები ჰყავდა: ნიკა ჭანტურია, ოთარ კაკაბაძე, გიორგი აბურჯანია, გიორგი პაპუნაშვილი, გიორგი გოროზია, მათე ცინცაძე, ლაშა დვალი, დავით ჯიქია, ჭიაბერ ჭეჭელაშვილი, ვანო წილოსანი, დავით დარციმელია, ალეკო მზევაშვილი, ალექსანდრე ადამია და სხვები...
ისევ ერთად...
ამ ტურში ორმა ფეხბურთელმა პირველი მატჩი ჩაატარა თავისი ახალი გუნდის მაისურით: 28 წლის გიორგი კახელიშვილმა ("გურია") და 26 წლის ალექსანდრე შენგელიამ ("მერანი"). ეს უკანასკნელი თბილისის "დინამოს" წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში შემოვიდა შეცვლაზე, თუმცა სამი წლის წინანდელი გმირობის გამეორება ამჯერად ვერ შეძლო: 2013 წლის სეზონის დასაწყისში, უმაღლეს ლიგაში ხანგრძლივი პაუზის მერე დაბრუნებულმა "გურიამ" სენსაციური მარცხი (2:1) რომ აგემა დუშან უჰრინის (უმცროსის) დამოძღვრილ თბილისის "დინამოს", სტუმართა კარში მეორე და გადამწყვეტი გოლი სწორედ შეცვლაზე შემოსულმა ალექსანდრე შენგელიამ გაიტანა.
კახელიშვილს საქართველოს ჩემპიონატში არაერთ გუნდში უთამაშია, სულ პირველი გუნდი კი თბილისის "ლოკომოტივი" იყო, რომლის შემადგენლობაშიც უმაღლეს ლიგაში დებიუტი 17 წლის ასაკში ჰქონდა.
სწორედ იმ სეზონში (2004/05) და იმავე "ლოკომოტივში" ჰქონდა დებიუტი უმაღლეს ლიგაში დღევანდელი "გურიის" კიდევ ერთ ახალწვეულს, ასევე 28 წლის გიორგი ალავერდაშვილს.
და აი, თითქმის ათწლიანი პაუზის მერე კახელიშვილი-ალავერდაშვილის დუეტი აღდგა...
სადებიუტო გოლები, მატჩები...
ტური არ გავა, საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში კონკრეტული ფეხბურთელის სადებიუტო მატჩი თუ სადებიუტო გოლი რომ არ გამოვარჩიოთ; ასე იყო ამჯერადაც: "ჩიხურას" 23 წლის ახალწვეულმა გურამ ენუქიძემ ჩვენს ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა, ხოლო ორმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა უმაღლეს ლიგაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა: ომარ პატარკაციშვილმა ("ლოკომოტივი") და ლაშა მანაგაძემ ("სიონი").ყოჩაღი შემცვლელები და უიღბლონი
"სიონის" 20 წლის ფლანგის ნახევარმცველმა ოთარ კობახიძემ "საპოვნელას" კარში ეფექტური გოლი გაიტანა და სეზონის "საუკეთესო დებიუტანტის" ნომინაციაში ერთ-ერთმა კანდიდატმა, ისე, როგორც უმაღლეს ლიგაში სადებიუტო გოლის დროს (პირველ წრეში, "ჩიხურასთან" საშინაო მატჩში) თავი ამჯერადაც შეცვლაზე შემოსულმა გამოიჩინა. ასევე შეცვლაზე შემოსულმა იყოჩაღა "საპოვნელას" 24 წლის ფორვარდმა გიორგი ბუხაიძემ, რომელიც 6 გოლით თერჯოლელთა გუნდის საუკეთესო ბომბარდირია. აქვე, იმასაც დავძენთ, რომ მიმდინარე სეზონში "საპოვნელამ" მეტოქეთა კარში 12 გოლი გაიტანა...
დაიწყო მეორე წრე და ჩვენი არბიტრების სიმკაცრემაც იმატა, რაც წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობის მომატებაშიც გამოიხატა; თუმცა, ჩვენც იმ აზრზე ვართ, რომ მატჩის მსვლელობის დროს ნებისმიერი სიტყვიერი შეურაცხყოფა წითელი ბარათით უნდა ისჯებოდეს.
მოკლედ, ტური არ გავა, ფეხბურთელი რომ არ გააძევონ მოედნიდან და მომდევნო მატჩ(ებ)ის გამოტოვება ამიტომაც მოუწევთ თორნიკე შალიკაშვილს ("კოლხეთი"), გაგი მარგველაშვილს ("საბურთალო"), გიორგი ფოფხაძესა და ვაჟა ქიქავას (ორივე - "ლოკომოტივი").
"შუქურა"-"კოლხეთის" დაპირისპირება იმითაც იყო საინტერესო, რომ მეტოქეები ამ მატჩს ხანგრძლივი მოუგებელი სერიით შეხვდნენ. საბოლოოდ, ყველაფერი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც მასპინძელთა 23 წლის ცენტრფორვარდმა ელგუჯა ლობჯანიძემ გაიტანა. ამ ტანმაღალ თავდამსხმელს "დუბლის" შესრულებაც შეეძლო, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენა...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"