"მერანის" დირექტორი ქომაგთან კამათს უარყოფს და "ლელოს" სტატიას ეხმაურება

AutoSharing Option
გუშინ, 14 მარტს, მარტვილის "მერანის" დირექტორი ელდარ ბაკურია დაგვიკავშირდა და კომენტარის გაკეთება ისურვა ერთ ფაქტთან დაკავშირებით.

მოგეხსენებათ, გვეწერა, რომ "მერანი"-"სამტრედიის" თამაშის დასრულების შემდეგ ბაკურიასა და კლუბის გულშემატკივრებს შორის შეკამათება მოხდა და რომ ამ გულშემატკივრებმა კლუბს მენეჯმენტი დაუწუნეს.

მარტვილელთა დირექტორმა ეს კატეგორიულად უარყო.

"არანაირი კამათი არ ყოფილა ჩემსა და გულშემატკივრებს შორის. შეგიძლიათ, ეს პირდაპირ დაწეროთ. არასწორი ინფორმაციაა. სასურველია, სხვა დროს ინფორმაცია ჩემგან ან კლუბის პრესატაშისგან მოიპოვოთ...

თუ ორი-სამი მთვრალი გულშემატკივარი რაღაცას იტყვის, ჩვენ რა შუაში
ვართ?! გეუბნებით, არანაირი კამათი არ ყოფილა და არც ის მესმის, საიდან გაჩნდა მენეჯმენტის თემა.

მე შეურაცხყოფილი ვარ, რადგან გუნდისთვის ფული ოჯახიდან მომაქვს და ასეთ ცილისწამებას არ ვიმსახურებ", - გვითხრა ბაკურიამ.

რედაქციისგან: რა თქმა უნდა, კლუბის დირექტორს აქვს იმის უფლება, რომ საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს. ასევე, რედაქციასაც აქვს უფლება, თავად შეარჩიოს ინფორმაციის წყარო. "ლელო" მთლიანად ენდობა იმ კორესპონდენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, რომელთანაც დიდი ხანია ნაყოფიერად თანამშრომლობს.

მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ კლუბში დასაქმებულ პიროვნებებს პატივს არ ვცემთ, უბრალოდ, არ ჩავთვალეთ საჭიროდ პრესსამსახურის შეწუხება, მით უმეტეს, გვქონდა ინფორმაცია შეკამათებაზე და არა - ფიზიკურ დაპირისპირებაზე, რაც, ცხადია, უთუოდ გახდებოდა მეტი ყურადღებისა და ბჭობის საგანი.

რაც უნდა იყოს, გულშემატკივარს (ორი იქნება, სამი თუ ასი) ვერავინ წაართმევს იმის უფლებას, რომ აზრი (თუნდა ნეგატიური) გამოთქვას როგორც ამა თუ იმ კლუბის მენეჯმენტის, ისე გაზეთ "ლელოს" ან ფეხბურთის ფედერაციის მუშაობაზე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
თურმე პრესსამსახურის შეწუხება არ ჩაუთვლიათ საჭიროდ და იმ ჟურნალისტთან ნაყოფიერად თანამშრომლობენ, რომელიც საერთოდ არ იმყოფებოდა თამაშზე, ესაა ქართული რეალობა. თქვენ რამეზე პრეტენზია როგორ უნდა გქონდეთ
fexburti
12:01 15-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული